დავით და ალექსანდრე ფირცხალაიშვილებმა გურიაში, შემოქმედში, ამორტიზებული სათბურის ადგილას სავარდე სათბურის მშენებლობა 2017 წელს დაიწყეს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას სათბურის თანადამფუძნებელი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი ამბობს „შემოქმედი გარდენის“ საერთო ინვესტიცია 350 000 ლარს შეადგენს, წელიწადში 70-80 000-მდე ვარდს ჭრიან და სამომავლოდ ვარდის ნერგების ექსპორტსაც გეგმავენ.

„კომერსანტი“ ალექსანდრე ფირცხალაიშვილს „შემოქმედი გარდენის“ შექმნის, ბიზნესის განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

როდის და რა ინვესტიციით შეიქმნა „შემოქმედი გარდენი“?

ალექსანდრე ფირცხალაიშვილი,  „შემოქმედი გარდენის“ თანადამფუძნებელი: ჩემი ძმის, დავით ფირცხალაიშვილის იდეა იყო ვარდების სათბურის გაკეთება. მერე მე თბილისიდან შემოქმედში გადმოვედი საცხოვრებლად და 2017-ში დავიწყეთ სათბურის მშენებლობა. ამ ადგილას რამდენიმე ათეული წლის წინაც იყო სათბური, მაგრამ სრულად ამორტიზებულ მდგომარეობაში. ჩემი ძმა თბილისიდან, მე გურიიდან ვუძღვებით ვარდების მოვლა-მოშენებას.

ხარისხიანი ვარდი რომ მიგვეღო, მაღალტექნოლოგიური სათბურის მოწყობა გვჭირდებოდა. ამას დიდი ფინანსები სჭირდებოდა. რამდენიმე გრანტი ავიღეთ, იაფი აგროკრედიტით ვისარგებლეთ და 2018 წელს დავასრულეთ სათბურის მშენებლობა.

სოფლის განვითარების სააგენტო დაგვეხმარა, რამდენიმე გრანტი იყო ჯამში 100 000 ლარის ოდენობით, პლუს აგროკრედიტი ავიღეთ. ჯამში ინვესტიციამ 350 000 ლარი შეაგინა.

რამხელაა სათბური და წელიწადში რამდენ ვარდს ჭრით?

სათბურის ტერიტორია 1150 კვ მეტრია. უკრაინაში მაღალი ხარისხის 8000 ცალი ნერგი ვიყიდეთ. სათბური აღჭურვილია თანამედროვე ვენტილაციის, გაგრილებისა და გათბობის სისტემებით და აგროგანათებით. ზამთრის მოკლე დღეებში, როცა სათბურში განათება და გათბობაა ჩართული, მცენარე ამას აღიქვამს, როგორ მზეს და მიმდინარეობს ფოტოსინთეზი და სხვებთან შედარებით შეგვიძლია უფრო ადრე მოვიყვანოთ ვარდი.

პირველი ვეგეტაცია გვაქვს მარტის თვეში. წელიწადში 4 მოსავალს ასწრებს. სულ 8 000 ვარდია და თითო ნერგზე რამდენიმე ცალს ვიღებთ. წელიწადში დაახლოებით 70-80 000 ვარდი იჭრება.

საჭრელი ვარდის გარდა, ვარდის ნერგებსაც ახარებთ. რამდენი ჯიშის ვარდი და ნერგი გაქვთ და როგორია ფასები?

ჯერ თეთრი და წითელი ვარდი გვქონდა, ბოლო პერიოდში გაჩნდა მოთხოვნა საკოლექციო ვარდის ჯიშებზე და ნერგების გაშენება და გამრავლება დავიწყე. 10-მდე სახეობა მაქვს - გერმანელი, ინგლისელი და ფრანგი სელექციონერების ვარდები.

რაც შეეხება ფასს, ასაჭრელი ტიპის ვაზი იმპორტირებულთან შედარებით ნაკლები ღირს და მისი ფასი 1-1.5. მხოლოდ საბითუმო მოწოდებაზე ვმუშაობთ, ვარდებს ვაგზავნით ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

10-მდე ცნობილი საკოლექციო ვარდის ჯიშის ნერგი გვაქვს. სამომავლოდ მინდა, გავზარდო მათი რაოდენობა და 200-300 სახეობის ვარდის ნერგი მქონდეს. შარშან 500 ნერგი გქონდა, წელს - 1000 მაქვს, რომლის 80-90-% წინასწარ გაიყიდა. ნერგების ფასი - 15-დან 25 ლარამდეა. ხვიარა ვარდები 20-25 ლარი ღირს, ე.წ. ბუჩქოვანი ვარდები - 15 ლარი.

ნერგების ექსპორტზე გატანას არ აპირებთ?

2024 წლის ივნისიდან კანონმდებლობაში ცვლილება შედის. ნებისმიერი ნერგის გაყიდვისთვის საჭიროა მცენარეს ჰქონდეს პასპორტი. ჩვენ ნერგის მწარმოებელთა ასოციაციასთან ვთანამშრომლობთ და როცა შევძლებთ საჭირო სტანდარტის დაკმაყოფილებას გვინდა, რომ უცხოეთშიც მოხდეს ჩვენი ვარდების ექსპორტი.