მინიატიურული სახლის, ბუხრის, ავტოფარეხის და სხვა მაკეტების რეალურის ანალოგი და პროპორციულად შემცირებული სამშენებლო მასალები - ამ ყველაფერს ქართული კომპანია „მინი აგური“ დაახლოებით 2 წელია აწარმოებს. კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა ზომის სამშენებლო მასალების შეფუთვებს სთავაზობს. შეფუთვაშია მინიატიურული ქაფჩა, ცემენტის მინიატიურული ტომრები, მინიატიურული სამშენებლო ბლოკი და აგური, ასევე ცემენტის მოსაზელი ჭურჭელი და მშენებლობისთვის საჭირო სხვა ატრიბუტები.

როგორ შეიქმნა კომპანია და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანიის წარმომადგენელმა ისაუბრა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება, ეკოლოგიურად სუფთა მინიატიურული კონსტრუქციის შექმნა საკუთარი შვილის მაგალითმა შთააგონა, რადგან ბავშვებს ხშირად პლასტიკის ასაწყობი კუბებით უწევთ თამაში, მშობლების უმეტესობა კი მათ უსაფრთხოებაში დარწმუნებული არაა.

“საკუთარი შვილის მაგალითმა შთამაგონა შემექნა ეკოლოგიურად სუფთა მინიატიურული კონსტრუქცია. ბავშვები პლასტიკის ასაწყობი კუბებით ხშირად თამაშობენ და ისევე, როგორც მე, მშობლების უმრავლესობა მის უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ არის. ჩვენი პროდუქცია იდეითა და არსით ნამდვილად გამორჩეულია, ის ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება - განავითაროს ბავშვის მოტორული უნარები, გამოავლინოს კრეატიულობა და მიიღოს სასურველი ფერისა და ფორმის მაკეტი.“ - აცხადებენ კომპანიაში.

„მინი აგური“ თბილისსა და ბათუმში ორ საწარმოს ფლობს, პროდუქციის მომხმარებლები კი ძირითადად ბავშვები და სამშენებლო მაკეტების შექმნით დაინტერესებული პირები არიან. „კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ჯერჯერობით რეალიზაცია მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ხორციელდება.

„ჩვენს პროდუქციას მომხმარებლების მხრიდან დადებითი გამოხმაურება აქვს. გარდა ადგილობრივებისა „მინი აგურს” საჩუქრად სხვადასხვა ქვეყანაში ვაგზავნით. ამ ეტაპისათვის ექსპორტის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. დასაწყისისათვის პროდუქციის ექსპორტზე გატანას გერმანიასა და თურქეთში ვფიქრობთ.“- აცხადებენ კომპანიაში.

მინი აგურმა თავდაპირველად წარმოება მცირე ინვესტიციით დაიწყო, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ბაზარზე მსგავსი პროდუქცია არ არსებობდა მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე კომპანიამ წარმოება გაზარდა. დღეის მდგომარეობით კომპანია 8 ადამიანს ასაქმებს და სამომავლოდ გაფართოებასაც გეგმავს.