ცოცხალი მცენარეების ხელნაკეთ ტერარიუმებზე მოთხოვნა მზარდია, - ამის შესახებ "ფლორისტის" დამფუძნებელმა ნანა ძებნიაურმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით,  წლიდან წლამდე მოთხოვნა დაახლოებით, 30%-ით იზრდება.

"დროთა განმავლობაში იმდენად გაიზარდა მოთხოვნა, რომ საჭირო გახდა საკუთარი სათბური გამეკეთებინა და მე თვითონ მეწარმოებინა მცენარეები. ამისთვის იმ მომენტში საკმარისი ფინანსური რესურსი არ მქონდა და ამიტომ, ერთ-ერთ გერმანულ-უკრაინულ პროექტში მივიღე მონაწილეობა - "ქალები ქალებისთვის". დავწერე ბიზნესგეგმა, გავიმარჯვე და ავიღე გრანტი, რომლითაც სათბური ავაშენე. სათბური მდებარეობს მცხეთის რაიონში, სოფელ მისაქციელში. ახლა მე თვითონ ვაწარმოებ მცენარეებს და მხოლოდ და მხოლოდ შუშის აკვარიუმების შეძენა მიწევს. ამ ეტაპზე გაყიდვები ისევ ონლაინ მაქვს, ასევე საბურთალოზე მაქვს ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ უკვე შეძენილი ტერარიუმები წაიღონ. გარდა ამისა, მაქვს საკურიერო მომსახურება, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მასშტაბით.  ტერარიუმებზე გვაქვს როგორც კორპორატიული შეკვეთები, ასევე საცალო", - აღნიშნა ნანა ძეგნიაურმა.

მისი განცხადებით, სადღესასწაულო დღეებში გაზრდილი მოთხოვნის გამო, ტერარიუმების დასამზადებლად კადრების დამატების საჭიროება დგება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც "ფლორისტის" დამფუძნებელი აღნიშნავს, დაახლოებით 2 წელში კომპანია სტენდის, ან მაღაზიის გახსნას გეგმავს. 

ცნობისთვის, ცოცხალი მცენარეების ხელნაკეთი კომპოზიციების კომპანია "ფლორისტი" ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა.

bp.ge