კომპანია UGG 1978 წელს დაარსდა, მაგრამ ugg ჩექმები გაცილებით ადრე გამოჩნდა - მსგავსი ჩექმები პირველად მე -19 საუკუნის ბოლოსაა ნახსენები. 

Ugg ჩექმები გამოიგონეს ავსტრალიაში. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ თავდაპირველად ეს იყო ფერმერების ფეხსაცმელი, რომლებიც ცხოვრობდნენ ნესტიანი კლიმატის მქონე ადგილებში. ცხვრის ტყავისგან დამზადებული მაღალი ჩექმები, შიგნიდან ბეწვით, კარგად იცავდა ჭუჭყისაგან, ათბობდა მათ ფეხებს და საშუალებას აძლევდა კომფორტულად შეესრულებინათ საშინაო საქმეები.

სიტყვა "ugg" თავისთავად ზოგადი ტერმინია ასეთი ფეხსაცმლისთვის. ერთი ვერსიით, იგი მომდინარეობს ზიზღის გამომხატველი შორისდებულის  ugh და სიტყვა ugly (უშნო). როგორც ამბობენ ეს დასახელება ნამდვილად უხდება ჩექმებს, რომლებიც ელეგანტურობით არ გამოირჩევიან. პირველი მსოფლიო ომის დროს მსგავსი  ჩექმები ავსტრალიის საჰაერო ძალების მფრინავებს ეცვათ, მათ უწოდეს "მფრინავი უგები". ცნობილია, რომ მფრინავებს მათი ქამრით შეკვრაც უწევდათ, რადგან სამხედრო თვითმფრინავებში აუტანელი სიცივე იყო.

საყოველთაოდ ცნობილი ფორმით უგები 1930-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. შემდეგ მათი წარმოება დაიწყეს ცისფერ მთებში, სიდნეის მახლობლად მდებარე პატარა ქარხანაში. ამბობენ, რომ ქარხანა კვლავ მოქმედია და აგრძელებს UGG ჩექმების დამზადებას. მცირე ავსტრალიური კომპანიების წყალობით სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო UGG ჩექმების შესახებ.

უგები თავისი შესახედაობით განასახიერებენ კომფორტს. ეს ჩექმები იმდენად რბილი და მოხერხებულია, რომ ყველაზე თავდაჯერებული ესთეტებიც კი ვერ უძლებენ მისი ყიდვის ცდუნებას.

ავსტრალიური ფეხსაცმელი მსოფლიო პოპულარობას სერფერებს უნდა უმადლოდეს.

UGG ბრენდის დაარსება

ბრაიან სმიტი ავსტრალიაში 1949 წელს დაიბადა. ბევრი სხვა ადგილობრივი მცხოვრების მსგავსად, სმიტის ოჯახი გატაცებული იყო სერფინგით და მისი თანამდევი კულტურით. UGG-ის მომავალმა ფუძემდებელმა ბუღალტერია შეისწავლა და თავისი პროფესიით მუშაობდა ათი წელი, სანამ ერთ დღეს ოფისი არ დატოვა,  რომ კალიფორნიაში წასულიყო და UGG ჩექმების გაყიდვა დაიწყო. სმიტი 29 წლის იყო, როცა ეს მოხდა. მას უყვარდა სერფინგი და სარისკო თავგადასავალი მისი ცხოვრების საქმე გახდა.

ითვლება, რომ სწორედ სერფერებმა აქციეს Ugg ჩექმები მათი სტილის ნაწილად. ჩექმები საკმაოდ იაფფასიანი იყო და ტალღების დამპყრობლები მათ სათადარიგო ფეხსაცმლად იყენებდნენ. სერფინგის დასრულების შემდეგ სპორტსმენები დიდი ხნით წყალში ნამყოფ და შეციებულ ფეხებზე თბილ UGG-ის ჩექმებს იცვამდნენ და ისე ტოვებდნენ სანაპიროს.

60-იან წლებში ავსტრალიის სანაპიროებზე უგები ძალიან ხშირი იყო, მაგრამ კალიფორნიაში მათ შესახებ არაფერი იცოდნენ, ბრაიან სმიტმა და მისმა მეგობარმა, სახელად დუგ ჯენსენმა, გადაწყვიტეს ამით ესარგებლათ.

ყველაფერი დაიწყო $500-ის ინვესტიციით ექვს წყვილ UGG ჩექმაში, რომელიც დამზადებული იყო ავსტრალიურ ქარხანაში Country Leather. სმიტი კმაყოფილი იყო ფეხსაცმლის ხარისხით, მაგრამ არ მოსწონდა ბრენდი. ასე რომ, 1978 წელს პარტნიორებმა გადაწყვიტეს დაერეგისტრირებინათ საკუთარი ბრენდი UGG Imports-ის სახელით. ჯენსენი ბიზნესიდან ერთ წელიწადში გავიდა, იმ მიზეზით, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო სხვა პროექტებისთვის. ხოლო ბრაიან სმიტის ისტორიის განვითარება ყველასთვის ცნობილია - მან შექმნა UGG ჩექმების ყველაზე ცნობილი ბრენდი.

პოპულარობის ტალღა

ბრაიან სმიტმა ჩექმების პირველი წყვილი დამოუკიდებლად გაავრცელა და წარადგინა კალიფორნიის სანაპიროს მაღაზიებში. გამყიდველები დაბნეულები იყვნენ, არავის სჯეროდა, რომ ასეთი ჩექმები სერფერებისთვის სასარგებლო იქნებოდა. ეს შეიცვალა მას შემდეგ, რაც რეკლამისთვის სმიტმა ორ პროფესიონალ რაიდერთან დადო კონტრაქტი. მაგრამ წარმატების ერთადერთი მიზეზი ეს არ  ყოფილა. 80-იანი წლების დასაწყისში ბევრი ავსტრალიელი ისვენებდა კალიფორნიაში. ხმაურობდნენ, სულ ტალღებზე სრიალებდნენ და, რა თქმა უნდა, UGG-ის ჩექმები ეცვათ. ადგილობრივებს მოეწონათ ტურისტების უდარდელი იმიჯი და უგებმა ამერიკელების გარდერობშიც შეაღწიეს.

1985 წელს სმიტმა დაარეგისტრირა UGG სავაჭრო ნიშანი შეერთებულ შტატებში. ამ დროისთვის უგები კალიფორნიული ცხოვრების სტილის სიმბოლოდ იქცა.

სერფერებს უგები ეცვათ ფლანელის პერანგებთან და ბორდ-შორტებთან ერთად პლაჟზე და ქალაქშიც ამ ჩაცმულობით დასეირნობდნენ.

ნამდვილი აჟიოტაჟი 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც მსახიობი პამელა ანდერსონი დააფიქსირეს UGG ჩექმებში. ვარსკვლავს UGG ჩექმები საკულტო სერიალის „მალიბუს მაშველების“ გადაღებაზე ეცვა. გადამღები ჯგუფი დიდი დროს ატარებდა სანაპიროზე და როცა ქვიშა ცივდებოდა, ცხვრის ტყავის თბილი ჩექმები ძალიან შველოდათ.

90-იანი წლების დასაწყისისთვის ბრენდი ცნობილი იყო შეერთებული შტატების მიღმაც. იმ პერიოდში ჰორიზონტზე UGG-ის ამჟამინდელი მფლობელი Deckers  გამოჩნდა.

1995 წელს Deckers -მა ბრაიან სმიტთან შეთანხმება დადო. სმიტმა დიდ ჰოლდინგულ კომპანიას ბიზნესი მსხვილ თანხად მიჰყიდა, შეთანხმება ასევე მოიცავს სამ წყვილ UGG ჩექმას სიცოცხლის ბოლომდე.

ჰოლდინგი დღეს მოიცავს ბრენდებს Teva, Sanuk, Hoka One One და Koolaburra. გარიგების დადებამდე, ბრაიან სმიტმა მოიპოვა კონტროლი ათობით მცირე UGG მწარმოებელ კომპანიაზე მთელს მსოფლიოში, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ მისი კომპანიის UGG ფრთის ქვეშ.

თანამშრომლობა ვარსკვლავებთან

Ugg-ის ჩექმებს ყველაზე დიდი პოპულარობა ვარსკვლავებმა მოუტანეს. მათში გამოჩნდნენ ოპრა უინფრი და სარა ჯესიკა პარკერი, სიენა მილერი და შარლიზ ტერონი, ლეონარდო დიკაპრიო და ჰიუ ჯეკმანი. 2000-იანი წლების პირველ ათწლეულში ცხვრის ტყავის ჩექმები გახდა აუცილებელი ნივთი ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და მუსიკოსების გარდერობში. უმეტესობა მათ ატარებდა დილით ყავის დასალევად გასვლისას ან მაღაზიაში გასეირნებისას, ზოგი კი უგებით წითელ ხალიჩაზეც კი გამოჩნდა.

კოლაბორაციის ერა UGG-სთვის 2009 წელს ჯიმი ჩუს ბრენდთან თანამშრომლობით დაიწყო და ძლიერ კონცეპტუალურ ბრენდებთან კოლაბორაციით გაგრძელდა. საინტერესოა, რომ ბრენდების უმეტესობა, რომლებსაც UGG ჩექმების საკუთარი დიზაინი შექმნეს, იაპონური წარმოშობისაა.

BAPE და White Mountaineering, sacai და NEHBORHOOD, mastermind WORLD და BEAMS - თითოეულმა ამ მწარმოებელმა შექმნა დიზაინი UGG-სთვის. ფილიპ ლიმი და ჰერონ პრესტონი ასევე დაიქირავეს UGG ჩექმების ლიმიტირებულ სერიაზე სამუშაოდ, ხოლო ლუკა საბატმა და ლილ უეინმა ბრენდის სარეკლამო კამპანიებში მიიღეს მონაწილეობა.

2023 ფინანსურ წელს, UGG-ის ბრენდს დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა გაყიდვები ჰქონდა. მთლიანობაში კომპანიის წმინდა გაყიდვები წინა ფინანსურ წელთან შედარებით თითქმის 500 მილიონი დოლარით გაიზარდა.