13 წლის წინ გასხვისებული ვაკის „ლეჩკომბინატის“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური საავადმყოფო პარკის და კულტურულ-სარეაბილიტაციო სივრცის მშენებლობის დასრულება ორ წელიწადში იგეგმება.

ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი „ლეჩკომბინატის“ ტერიტორია 2010 წელს ეკონომიკის სამინისტრომ 7,3 მლნ დოლარად შპს „ლეჩკომბინატი №1“-ს (წარსულში შპს დილა 2010) მიჰყიდა. მას შემდეგ პროექტის დასრულება არაერთხელ სხვადასხვა მიზეზის გამო გადაიდო.

მიმდინარე წლის ივლისში კომპანიამ კიდევ ერთხელ მოითხოვა მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება. კომპანიის ინფორმაციით, დასრულებულია კონსტრუქციული სამუშაოების თითქმის 95%, დასასრულებელია მხოლოდ ჩასასვლელი მონოლითური რკინაბეტონის პანდუსის კონსტრუქციები.

„ამჟამად სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს როგორც სამშენებლო სამუშაოები ასევე ძველი ისტორიული შენობის სარესტავრაციო სამუშაოები სანებართვო პროექტის შესაბამისად. ასევე პარალელურად მიმდინარეობს სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოები როგორც შიდა სივრცეების ასევე ფასადების.

ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შემდეგია: ნაკვეთს ფართი - 14 447 მ2; განაშენიანების ფართობი - 5617,3 მ2; საერთო ფართობი - 10 705,52 მ2; სამშენებლო მოცულობა - 56 076,48 მ3.

დღეის მონაცემებით სამუშაოების შესწავლის შედეგად განისაზღვრა ახალი, დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის წარმოების ვადა და იგი მოიცავს 2წელს ანუ 24 თვეს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ ივლისში გამოქვეყნებულ პროექტში.

მრავალწლიანი მშენებლობის ქრონოლოგია

მრავალპროფილური საავადმყოფოს პროექტი დასამტკიცებლად ინვესტორმა დედაქალაქის მთავრობას პირველად 2013 წელს წარუდგინა, თუმცა თბილისის მერიამ პროექტი არ მოიწონა. შპს „ლეჩკომბინატი №1“-მა პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მოპოვება ერთი წლის შემდეგ შეძლო. 

2017 წელს პროექტი სრულად იცვლება - კომპანია ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მშენებლობას გეგმავს. თუმცა, წარმოდგენილი ესკიზს უარი ეთქვა. გაიცა რეკომენდაცია, რომ სივრცით გეგმარებითი გადაწყვეტა დამუშავდეს. 

განახლებული პროექტი, რომლის მიხედვითაც ტერიტორიის უდიდესი ნაწილი გამწვანებულ სივრცეს უნდა დათმობოდა, დედაქალაქის მთავრობამ 2018 წელს მოიწონა. მშენებლობის ვადა 2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით განისაზღვრა. თუმცა, 2019 წელს ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგედიის გამო პროექტის მშენებლობა შეჩერდა - სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. საქმეზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით ქვეკონტრაქტორი კომპანიის „ხიმიჯ სერვისის“ დირექტორი დააკავეს. 

2020 წელს შპს „ლეჩკომბინატი №1“-მა პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალა. განმარტებით ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს შეთანხმებული პროექტისგან განსხვავებით, წარმოდგენილ ვერსიაში, უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ნაწილზე განხორციელდა პრინციპული ხასიათის ცვლილება. კერძოდ, წრიულად განლაგებული ლიფტების მაგივრად, გაჩნდა საფეხმავლო პანდუსი. ცვლილება აგრეთვე შეეხო პარკის სიღრმეში მიმდებარე მოცულობას, თუმცა უფრო მეტად ფასადის ელემენტების ნაწილს. 

წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს სამკურნალო კომბინატის ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების განთავსებას. განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო ტერიტორიაზე მოწყობილი პარკი იქნება საჯარო მოხმარებისათვის, ლანდშაფტურ - სარეკრეაციო დანიშნულებით.

ტერიტორიაზე განთავსდება მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელიც კონცეფციის თანახმად  მოიცავს, როგორც სამკურნალო ასევე სარეაბილიტაციო კომპონენტებს, რაც გულისხმობს, ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქო - ფიზიკურ რეაბილიტაციას, მათი კულტურულ - სახელოვნებო აქტივობებში ჩართულობის გზით.  განმარტებით ბარათში წერია, რომ აღნიშნული მიზნისათვის მისადაგებულია შენობის ბ-ბლოკი, სადაც იგულისხმება, შესაბამისი კლასებითა და დარბაზებით აღჭურვილი საგამოფენო სივრცეების შექმნა. აქვე განთავსდება გალაკტიონის მუდმივი მემორიალური ექსპოზიცია და უნივერსალური საგამოფენო სივრცე, დროებითი ექსპოზიციებისთვის. 

შენობა ხუთ სართულიანი იქნება, რომელთაგან ერთი მიწისქვეშა სართულია. საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც მოემსახურება როგორც საავადმყოფოს, ასევე პარკის ვიზიტორებს. 2020 წლის პროექტის მიხედვით კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

აღსანიშნავია, რომ შპს „ლეჩკომბინატი №1“-ის გენერალური დირექტორი და 25%-იანი წილის მფლობელი რუსი ოლიგარქის სერგეი სარქისოვის შვილი ნიკოლია სარქისოვია, ხოლო 75%-ს მისი მეუღლე რუსუდან მახაშვილი ფლობს. წლების წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფო ბიზნესის პარალელურად კომპანიის მეწილეებს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე შემოსვლის გეგმებიც ჰქონდათ.