ზეთის საწარმო „ქარვა“ სახელმწიფო აუქციონზე ვერ გაიყიდა. შპს „არი“, რომლის 100%-იან წილს „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“ ფლობს,  დედოფლისწყაროში არსებულ მზესუმზირას ზეთის საწარმოს 1.8 მლნ ლარად აუქციონზე ყიდდა, თუმცა აუქციონი ისე დასრულდა, რომ ქარხნის შეძენის სურვილი არავის დაუფიქსირებია.

„იყიდება არასასოფლო სამეურნეო მიწა 27 000 კვ.მ და მასზე განთავსებული: 7200 კვ.მ საწარმოო შენობა, საიდანაც 900 კვ.მ საწარმოო ფართია, 3600 კვ.მ და 2700 კვ.მ2 - სასაწყობო შენობა.

266 კვ.მ2 II სართულიანი ადმინისტრაციული კაპიტალური შენობა. 

საწარმოო შენობაში განთავსებულია მზესუმზირას რაფინირებული ზეთის წარმოებისთვის ყველა საჭირო დანადგარი, დღეში 5 ტონა წარმადობით.

ფასი არ მოიცავს დღგ-“, - ნათქვამია იყო კომპანიის აღწერაში.

კომპანია „ქარვას“ ბრენდის ქვეშ ქართული წარმოების რაფინირებულ და არარაფინირებულ მზესუმზირას ზეთებს 2005 წლიდან აწარმოებდა და ადგილობრივ ბაზარს ამარაგებდა, თუმცა პანდემიამ მმართველ კომპანიას ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიაღებინა. „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვამ“, წარმოება 2020 წლის შემოდგომაზე შეაჩერა, მაგრამ ერთ წელიწადში საწარმოო პროცესი ისევ განაახლა. თუმცა, როგორც მოგვიანებით კომპანიაში განმარტეს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მზესუმზირას იმპორტი გართულდა და კომპანიამ წარმოება ისევ გააჩერა.

საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“-ს ორი მეწილე ჰყავს ავთანდილ გოროზია - 50%  და გელა არჯაკელი - 50%.