ევროკავშირმა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებისთვის დამატებით დაახლოებით 200 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურმა გაავრცელა.

„დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ, როგორც უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო სასწავლო მისიის ნაწილი“ - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ უკრაინელი სამხედროების წვრთნებისთვის გამოყოფილი ფულადი თანხა 194 მილიონი ევროთი გაიზარდა და ჯამში 255 მილიონი ევრო იქნება.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს მხარდაჭერა გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალის ფართომასშტაბიან მომზადებას და საშუალებას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ უკრაინისთვის საჭირო სასწავლო აღჭურვილობა და მასალები.

საბჭოს ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე 34 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გადამზადდა.