ტარტალეტკები ცილოვანი კრემით

ეს დესერტი ბავშვობას გვახსენებს, აქვს არაჩვეულებრივი გემო. შეგვიძლია სურვილისამებრ, გავაფორმოთ ხილით. დაამზადეთ ხალისით და ასიამოვნეთ ახლობლებს! დამზადების დრო: 2 სთ.

ინგრედიენტები:

  • კარაქი 150გრ;
  • ფქვილი  250გრ;
  • კვერცხის გული  3ც;
  • შაქრის პუდრა  90გრ;
  • გამაფხვიერებელი  2ჩ.კ;
  • შაქარი  200გრ;
  • კვერცხის ცილა  3ც;
  • წყალი  90მლ;
  • ვანილი  1ჩ/კ;
  • ჯემი  გემოვნებით;

მომზადების წესი:

დარბილებულ კარაქს დავამატოთ მწიკვი მარილი, გამაფხვიერებელი, კვერცხის გულები, შაქრის პუდრა და ფქვილი. მოვზილოთ ცომი მანამ, სანამ ელასტიური არ გახდება და არ მიეკრობა ხელს. შემდეგ შევახვიოთ ცომი საკვებ ცელოფანში და 30 წუთით შევდოთ მაცივარში. ავიღოთ ტარტალეტკის ფორმები, ცომი გავანაწილოთ მასში თანაბრად, ზემოდან დავაფაროთ ფოლგა და დავაყაროთ ლობიო ან ბარდა. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ გამოცხობისას ცომმა თავისი ფორმა არა დაკარგოს. გამოვაცხოთ 220 გრადუსზე 12 წუთით. ღუმელშივე ბოლომდე გავაცივოთ და შემდეგ გადმოვიღოთ. მოვადუღოთ შაქრის სიროფი: შაქარი გავხსნათ წყალში და წამოვადუღოთ. ვადუღოთ 5 წუთი, საშუალო ცეცხლზე. ავთქვიფოთ მიქსერით ცილები. წვრილი ჭავლით დავამატოთ ცილას სიროფი, არ ვწყვეტთ თქვეფას. კრემი უნდა გასქელდეს. ტარტალეტკაში ჯერ ჩავდოთ ჯემი, შევავსოთ საკონდიტრო ტომსიკა კრემით და ლამაზი ფორმები დავსვათ ჯემის თავზე. მაცივარში შევაწყოთ მზა ტარტალეტკები და 30 წუთის შემდეგ გამოვიღოთ. გემრიელად მიირთვით!