Digest Logo

„რეალობაში, მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულს, შესაძლოა, მხოლოდ ერთი წყლული ჰქონდეს და საერთოდ არ ჰგავდეს იმ საშიშ ფოტოებს, რომელსაც მედია ამ დრომდე იყენებდა“ - კვლევა

1655452237
გამონაყარი

მსოფლიო, მაიმუნის ყვავილის ეპიდაფეთქების წინაშეა. როგორც გამოვლენილი შემთხვევები აჩვენებს, რეალობაში, მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ ადამიანს, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ან ორი წყლული ჰქონდეს და საერთოდ არ ჰგავდეს იმ საშიშ ფოტოებს, რომელსაც მედია დაავადების საილუსტრაციოდ ამ დრომდე იყენებდა.

ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, პორტუგალიასა და დიდი ბრიტანეთის ზოგ კომუნაში ვირუსი შეუმჩნევლად ვრცელდება, რადგანაც შემთხვევების დიდი ნაწილი არც ერთმანეთთანაა კავშირში და არც ერთსა და იმავე ადგილს ან აქტივობას უკავშირდება. შესაბამისად, ჯანდაცვის ექსპერტებმა არ იციან, სად ინფიცირდებიან პაციენტები, ბევრი შემთხვევა კი, მეცნიერების ვარაუდით, შეუმჩნეველი რჩება.

ამის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები ასახელებენ წარსულში დაფიქსირებული ეპიდაფეთქებებისგან განსხვავებულ, უფრო მსუბუქ სიმპტომატიკას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამის გამო ექიმებს, რომლებიც მაიმუნის ყვავილის, განსაკუთრებით კი მისგან გამოწვეული გამონაყარის სიმპტომებს ეძებენ, შემთხვევები ხშირად  შეუმჩნეველი რჩებათ.

მაკჯილის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა დოქტორი დონალდ ვინი აცხადებს, რომ მაიმუნის ყვავილზე წარმოდგენა ბევრ ადამიანს ფოტოებით ექმნება, სადაც აღბეჭდილი არიან ადამიანები, რომლებსაც მთელი სხეული სითხით სავსე გამონაყარით აქვთ დაფარული, ამჟამად მიმდინარე ეპიდაფეთქების დროს კი პაციენტებს უფრო მცირე ოდენობის და ნაკლებად მწვავე გამონაყარი უჩნდებათ.

ექიმის თქმით, პაციენტების დიდ ნაწილს ერთი ან ორი მცირე ზომის კვანძი უჩნდება, რომელიც მარტივად შეიძლება შეეშალოთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისთვის დამახასიათებელ გამონაყარში, როგორიცაა ჰერპესი და სიფილისი.

მისი თქმით, გასულ კვირას დიაგნოზი დაუსვეს პაციენტს, რომელსაც მხოლოდ ერთი კვანძოვანი გამონაყარი ჰქონდა. მიუხედავად მცირედ გამოხატული სიმპტომატიკისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასეთ დროსაც მაიმუნის ყვავილით ინფიცირებული პირები გადამდებები არიან.

დოქტორი ვინის თქმით, კლასიკური გაგებით, მაიმუნის ყვავილს ორფაზიანი მიმდინარეობით ახასიათებენ, რომელიც თავდაპირველად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით, დაახლოებით 1 კვირაში კი სახეზე გამონაყარი ჩნდება, რომელიც შესაძლოა მთელ სხეულზე გავრცელდეს:

„თუმცა ამ ეპიდაფეთქების დროს ბევრი პაციენტის სიმპტომები ამ პროფილს არ ემთხვევა. ხშირად გამონაყარი პაციენტებს საერთოდ არ აქვთ სახეზე. ამის ნაცვლად გამონაყარი გენიტალიებსა და ანუსის არეში იწყება და შესაძლოა, სხეულის სხვა ნაწილებზე სულაც არ გავრცელდეს. ზოგ ადამიანს კი სულ ერთი ან ორი გამონაყარი აქვს“ , - აცხადებს სპეციალისტი.

რაც შეეხება დაავადების გადადებას, მაიმუნის ყვავილი ძირითადად ვრცელდება ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტით, მათ შორის კანზე კონტაქტით.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ: 

„ისე გავკოტრდით, ყველაფერი დავკარგეთ და მთელი შვიდი წელი ქირით ვცხოვრობდით...“ - ბაბი კირკიტაძე

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

ბავშვობის ოცნება, ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებს და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბაბი კირკიტაძის ბლიცინტერვიუ

წყარო: netgazeti.ge