ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”
24 ოქტომბერი, 2017

„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.

-მას შემდგომ, რაც „გარდენია შევარდნაძე“ გაიხსნა, საკმაოდ დიდი დრო გავიდა. აღსანიშნავია ის, რომ მან წლების განმავლობაში ქვეყანაში მცენარის მოვლის კულტურა ჩამოაყალიბა. უამბეთ „კომერსანტის“ მკითხველებს როგორ შეიქმნა „გარდენია შევარნაძე“?

-„გარდენია შევარდნაძე“ ათი წლის წინ შეიქმნა, იმ პერიოდში ძალიან მცირე ფართობი გვქონდა ათვისებული და ის 1000 კვ.მ-ს შეადგენდა. ამჟამად „გარდენია შევარდნაძე“ 1 ჰექტარზეა გაშენებული. თავიდან მსურდა, რომ სასიამოვნო, პატარა ბაღი განსაკუთრებული მცენარეებით მქონოდა. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ბაღი ასეთი მიზნებისთვის არ იყო ჩაფიქრებული. ეს ყველაფერი შევქმენი ჩემთვის და აღმოჩნდა, რომ ის სხვებისთვისაც სასარგებლო იყო.

„გარდენია შევარდნაძეს“ თავიდან ერთი თანამშრომელი ჰყავდა, ხოლო ამჟამად სულ 22 თანამშრომელი ჰყავს. სულ 9 სათბურია და ჩვენ იქ სხვადასხვა სახეობის მცენარეები გამოგვყავს. მიმაჩნია, რომ გარდენია ერთდაერთია და მსგავსი ქვეყანაში ვეღარ შეიქმნება. თუმცა ვთვლი, რომ ჩვენ შესახებ ძალიან ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის. 

ყვავილები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს, მათ შორისაა: ირანი, ინდოეთი და ევროპის ქვეყნები.

 width=501

-თქვენ მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდია. მიუხედავად თქვენი შეხედულებისა, გეტყვით, რომ დღეს „გარდენია შევარდნაძის“ შესახებ თითქმის ყველამ იცის. საინტერესოა, აპირებთ თუ არა დამატებით სხვა ტერიტორიის ათვისებას?

-ჩვენ არ გავფართოვდებით, რადგან უკვე საკმაოდ დიდი ტერიტორია გვიკავია, რომ ასეთ პირობებში ქარხანას დავემსგავსებით. თუმცა რა თქმა უნდა, განვითარებას და წინსვლას ვგეგმავთ და ამას ყოველთვის ვაკეთებთ. გვინდა განსაკუთრებულ ადგილად დავრჩეთ, სადაც ადამიანებს გამორჩეულად მასპინძლობენ და მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. შესაძლოა, ჩვენ სხვამ გვაჯობოს პროდუქციის რაოდენობით და საფასო პოლიტიკით, თუმცა ჩვენ საქმის და სტუმრების მიმართ დამოკიდებულებაში ვერავინ გვაჯობებს. 

-მოგეხსენებათ, როდესაც ბაზარზე ახალი ბიზნესი ჩნდება, საზოგადოებისთვის მისი გაცნობა საკმაოდ რთულია. თქვენ შემთხვევაში აღნიშნული პროცესი სირთულეს რამდენად წარმოადგენდა?

-ეს არ წარმოადგენდა სირთულეს და ჩვენ განვითარება მარტივად შევძელით. ჩვენი ისტორია ათი წლის წინ დაიწყო და დღემდე მოსვლა შევძელით. თავდაპირველად მხოლოდ ახლობლები მოდიოდნენ, ხოლო შემდგომ უცნობი ადამიანების მხრიდან ინტერესი გაიზარდა. სტუმრის ნაკლებობას არასდროს ვუჩიოდით. ჩვენთან სიხარულით მოდიან და შაბათ-კვირას აქაურობა ძალიან დატვირთულია.

ასევე გვაქვს სერვისი, რომელსაც ზურა ჩალათაშვილი უძღვება, ჩვენ კერძო დაკვეთით ვემსახურებით ადამიანებს და ბაღებს ვუგეგმარებთ. აღნიშნულ ბაღებს თავადვე ვუვლით და ის მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. რაც შეეხება ადგილზე არსებულ მცენარეებს, ის გათვლილია, როგორც დაბალშემოსავლიან, ასევე საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე.

 width=502

-შესაძლოა თუ არა ვთქვათ ის, რომ „გარდენია შევარდნაძე“ სპეციალურ კონცეფციაზეა აგებული?

-ხშირად მესმის რა კონცეფცია დევს ამ ყველაფერში და მინდა გითხრათ, რომ არანაირი კონცეფცია არ დევს. ეს ჩვენი გემოვნებით შექმნილი პროდუქტია და ამას სიყვარულით, ასევე თავგადადებული შრომით ვაკეთებთ. ამას არავითარი ბიზნესგეგმა არ უდევს საფუძვლად. ჩვენ საქმეს სისტემურად ვუდგებით, მხოლოდ დარგვითა და გაყიდვით არ შემოვიფარგლებით.

-იმისათვის, რომ სკოლებში მოსწავლეებს მცენარეების მოვლის კულტურის მიმართ ცოდნა აუმაღლდეთ, თქვენ სხვადასხვა სასკოლო ჯგუფებს ხშირად მასპინძლობთ და მათ მწვანე გაკვეთილებს უტარებთ...

-დიახ, ყოველ დღე სხვადასხვა სკოლიდან ოთხი ჯგუფი გვსტუმრობს. გარდენია ყოველ დღე მწვანე გაკვეთილზე 100 ბავშვს მასპინძლობს.

-„კომერსანტთან“ საუბრისას ბიზნესმენები ქვეყანაში პროფესიონალი კადრების ნაკლებობას ხშირად უსვამენ ხაზს. როგორ გგონიათ, თქვენ სფეროში რამდენად დგას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრობლემები?

-ჩვენ არ ვუჩივით პროფესიონალ კადრებს, რადგან ათი წლის წინ პატრიარქის სურვილით „დეკორატიული მებაღეობის“ სასწავლებელი დაარსდა. ამ ყველაფერს თავად ვხელმძღვანელობ. იმ პერიოდში ამ საქმეში მონაწილეობის სურვილი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა და სწორედ იქიდან წამოვიდნენ პროფესიონალი კადრები. ეს სასწავლებელი გერმანელ კოლეგებთან ერთად დავაფუძნე. შემდგომ უკვე მათ ცოდნა პრაქტიკული სამუშაოების შესრულების დროს მიიღეს.

 width=499

-გარდენია საკუთარი ძალებით შექმენით. იმ პერიოდში დახმარების სურვილი არავინ გამოთქვა?

 -საწყის ეტაპზე მქონდა იმის მცდელობა, რომ ეს ყველაფერი სხვებთან ერთად წამომეწყო, თუმცა იმ პერიოდში ვერავინ დავარწმუნე იმაში, რომ ეს ყველაფერი გამართლდებოდა. ახლა უკვე ბევრ შემოთავაზებას ვიღებთ, თუმცა ახლა უკვე ვთვლი, რომ ეს საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება.

-საუბრის ბოლოს გკითხავთ, სამომავლოდ რას შეცვლის „გარდენია შევარდნაძე“?

-ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ, თუმცა ვთლი, რომ კიდევ ბევრს შევცვლით. „გარდენია შევარდნაძე“ არის საზომი და ეს დღესაც ასეა. ჩვენ პროფესიონალიზმით ყოველთვის პირველები ვიქნებით. ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, მათ ვეტყოდი, რომ საკუთარ საქმეში მეტი ემოცია ჩადონ.

 width=498

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.