Accessibility links

Breaking News

რუსი უფლებადამცველის ვლადიმირ კარა-მურზას გათავისუფლება


ვლადიმირ კარა-მურზა, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
ვლადიმირ კარა-მურზა, რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

მოსკოვში 13 მარტს დემოკრატიის მომხრე რუსი აქტივისტის და უფლებადამცველის, ვლადიმირ კარა-მურზას სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა დაიწყო. რუსეთის სასამართლომ მას სამი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება წაუყენა, რომლებიც უკრაინაში გასულ წელს, რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმასთან დაკავშირებით, კარა-მურზას მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ის ციხეში რამდენიმე ათწლეული შეიძლება დარჩეს.

ამერიკის შეერთებული შტატები კარა-მურზას დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ვლადიმირ კარამურზა 2022 წლის აპრილში აიყვანეს და მას შემდეგ დაკავებული ჰყავთ. კრემლის კრიტიკოსს ბრალად რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ახალი ამბების“ გავრცელება წაუყენეს და შემდეგ „უცხოეთის აგენტად“ მონათლეს. მოგვიანებით, მის ე.წ. დანაშაულთა სიას დაუმატეს ახალი ბრალდებები, მათ შორის - ღალატი და „არასასურველ“ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.

კარა-მურზა რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის წამყვანი მრჩეველი იყო და რუსეთში ადამიანის უფლებებს მამაცად იცავდა. ამის გამო ის არაერთხელ აღმოჩნდა რუსეთის ოფიციალური პირების რეპრესიების სამიზნე. კარა-მურზა ორჯერ იყო მწვავედ მოწამლული, 2015 და 2017 წლებში, რაც უფლებადამცველს აფიქრებინებს, რომ ეს ფაქტები უშუალოდ მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდა.

მარტის დასაწყისში, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს მოქალაქეეს, რომლებიც კარა-მურზას წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში არიან შემჩნეული.

მათ შორის სამს სანქციები შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა დაუწესა. ესენია: ანდრეი ანდრეევიჩი ზადაჩინი - საგანგებო გამომძიებელი, რომელმაც კარა-მურზას წინააღმდეგ, მისი ომის საწინააღმდეგო შეხედულებების გამო, დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების თაობაზე განკარგულება გასცა; ელენა ანატოლიევნა ლენსკაია - მოსამართლე, რომელიც ზედამხედველობდა კარა-მურზას წინასასამართლო დაკავების მოსმენას და გამოსცა დადგენილება, რომ ის სასამართლომდე დაკავებული ჰყოლოდათ; დანილ იურიევიჩ მიხეევი - მთავარი მოწმე, რომელმაც კარა-მურზას წინააღმდეგ რუსეთის მთავრობას ჩვენება მისცა.

ლენსკაიას და ზადაჩინს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ხაზინის დეპარტამენტთან კოორდინაციით, სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ოჯახის წევრებთან ერთად, მათ შეერთებულ შტატებში მოგზაურობა აეკრძალათ.

ამას გარდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის კიდევ სამ ოფიციალურ პირს: ოლეგ მიხაილოვიჩ სვირიდენკოს, დიანა ეგოროვნა მიშჩენკოს და ილია პავლოვიჩ კოზლოვს. სვირიდენკო რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, რომელიც დანაშაულებრივ საქმეებს, მათ შორის - კარა-მურზას საქმეს ზედამხედველობს. მიშჩენკო მოსამართლეა, რომელმაც პირველმა გასცა კარა-მურზას დაკავების ორდერი და მისი 15 დღით დაკავების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. კოზლოვიც მოსამართლეა, რომელმაც კარა-მურზას მიერ დაკავების თაობაზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიშჩენკოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

წერილობით გაკეთებულ განცხადებაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსკოვს, სასწრაფოდ და უპირობოდ გაათავისუფლოს ვლადიმირ კარა-მურზა. შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმ შეხედულების, რომ „ვლადიმირ პუტინის მცდელობა, გააჩუმოს კრიტიკოსები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე, მისი არჩევანით დაწყებული, სასტიკი ომის თაობაზე სიმართლის დაფარვის საქმეში, წარუმატებელი უნდა იყოს. იმ ომის - რომელიც კვლავ იწვევს წარმოუდგენელ სიკვდილს, ძალადობას და ნგრევას“ - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG