GE

საქართველოს უნივერსიტეტში სწავლების ხარისხი არ გაუარესდება!

11 სექტემბერს Aris.ge – განათლებამ გამოაქვეყნა სტატია: გაუარესდება თუ არა სწავლების ხარისხი კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტებში?! დღეს, 17 სექტემბერს მივიღეთ საპასხუხო წერილი საქართველოს უნივერსიტეტისაგან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

11 სექტემბერს გამოქვეყნდა სტატია: „გაუარესდება თუ არა სწავლიების ხარისხი კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტებში?!“. საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურმა გადაწყვიტა უპასუხოს სტატიაში დასმულ კითხვებს მკითხველთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

სტატიის მთავარი კითხვა არის, თუ როგორ აპირებენ უნივერსიტეტები ბიუჯეტის შევსებას, მაშინ, როცა დაგეგმილზე გაცილებით ნაკლები სტუდენტი მიიღეს და ხომ არ გამოიწვევს ეს სწავლების ხარისხის დაცემას. განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტზე იყო გაკეთებული.

ჩვენ ვპასუხობთ საქართველოს უნივერსიტეტის რეალობიდან გამომდინარე. საქართველოს უნივერსიტეტმა უკანასკნელი წლების განმავლობაში მოახდინა სერიოზული ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში. დამატებით, 2011 წელს OPIC-მა (აშშ-ის საზღვარგარეთული კერძო ინვესტიციების კორპორაცია) საქართველოს უნივერსიტეტს 12,000,000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაუფინანსა. ეს ფული, ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებას და უნივერსიტეტის დასავლური სტანდარტების შესაბამისად მოწყობას მოხმარდა. ყოველივე ზემოთხსენებულის შედეგად, დღეს-დღეობით სუ-ს გააჩნია კერძო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე დიდი და განვითარებული ინფრასტრუქტურა:თბილისში სამი სასწავლო კორპუსი, სპორტული დარბაზი და ღია მოედნები, სასწავლო კორპუსი და საერთო საცხოვრებელი ბათუმში.

ფართი უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს გამოაცხადოს რაოდენობრივად დიდი მიღება. თუმცა, უნივერსიტეტი გათვლას არ აკეთებს სრულ შევსებაზე. წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგად საქართველოს უნივერსიტეტმა კერძო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მეტი სტუდენტი მიიღო (სეუ-ის შემდეგ). მიიღო 2-ჯერ მეტი სტუდენტი ვიდრე თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა, 5-ჯერ მეტი ვიდრე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), 3-ჯერ მეტი ვიდრე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU), და გაცილებით მეტი, ვიდრე კავკასიის უნივერსიტეტმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, აგრარულმა უნივერსიტეტმა და ა.შ. ასევე, ზოგიერთი ზემოთმოყვანილი უნივერსიტეტისგან განსხვავებით საქართველოს უნივერსიტეტს უფასო ადგილები არ გამოუცხადებია. შესაბამისად, კერძო უნივერსიტეტებს შორის საქართველოს უნივერსიტეტს წელს ფინანსურად ყველაზე ნაკლებად გაუჭირდება.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა მეტი სტუდენტის მოსვლა, ვთქვათ, იმდენი რამდენიც წინა წლებში. ეს საშუალებას მოგვცემდა გაგვეფართოვებინა და განგვეახლებინა ინფრასტრუქტურა. ვაპირებდით კორტების მოწყობას და რაიონებიდან ჩამოსული და საერთაშორისო სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლების მშენებლობას. არსებული მდგომარეობა ამგვარი გეგმების მომავლისთვის გადადებას გვაიძულებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სწავლების და ზოგადად, მომსახურების ხარისხი გაუარესდება.

წინა წლებთან შედარებით ნაკლები სტუდენტის მიღება რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული:

პირველი მიზეზი პოლიტიკურია. დიდი ხანია არსებობს მოსაზრება, რომ ვინაიდან საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი მოქმედი პრეზიდენტის დედაა, პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაატოვების შემდეგ „მისი დედის უნივერსიტეტი“ დაიხურება. რა თქმა უნდა, ეს ასე არაა, თუმცა ამ თვალსაზრისმა დიდი გავლენა მოახდინა აბიტურიენტების არჩევანზე. ბევრმა მათგანმა არ გარისკა საკუთარი მომავალი დაეკავშირებინა უნივერსიტეტთან, რომლის მომავალიც, მისი აზრით, ბუნდოვანია.

მეორე, შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციაა. მოგეხსენებათ, წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ყველაზე მოთხოვნად ფაკულტეტებზე სწავლა უფასოდ გამოცხდადდა. ამან, რა თქმა უნდა, არათანაბარ კონკურენციაში ჩააყენა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები და უარყოფითი გავლენა მოახდინა ზოგადად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ბიზნესზე. უკანასკნელ წლებში უმაღლეს განათლებაში უზარმაზარი ინვესტიციები განხორციელდა. შედეგად ბევრი ახალი, კარგი უნივერსიტეტი გაჩნდა. თუ სახელმწიფო ამგვარ კონკურენციას გაუწევს კერძო უმაღლესებს, ეს საქმიანობა ნაკლებად მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის, ისინი ნაკლებ ფულს დააბანდებენ უმაღლეს განათლებაში, და შედეგად, ამ კუთხით ჩვენი განვითარება შენელდება.

დასასრულს, გვსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ მკითხველი, რომ ზოგიერთი გეგმის სამომავლოდ გადადება, არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს სწავლების ხარისხის გაუარესებას. პირიქით, ხარისხი ჩვენთან ყოველწლიურად უმჯობესდება. დღეს-დღეობით საქართველოს უნივერსიტეტი სამართლიანად ცნობილია სწავლების საუკეთესო ხარისხით საქართველოში და ამაზე კურსდამთავრებულთა დასაქმების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელიც (92%) მეტყველებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური