GE

EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა–ახალ წელს! 2024 დაუსრულებელი დაპირებების შესრულების წელი ყოფილიყოს!

ძვირფასო მეგობრებო,

გვინდა მოგილოცოთ დამდეგი 2024 წელი და შობის დღესასწაული! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას, წარმატებებსა და წინსვლას თქვენს საქმიანობაში!

დიდი მადლობა ჩვენს ხელმომწერებსა და პარტნიორებს 2023 წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობისთვის, თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს თქვენი აქტიურობისთვის, დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოსაზრებების დაფიქსირებისა და საინტერესო შეფასებებისთვის.

დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს, ექსპერტებს, მრჩევლებსა და მეგობრებს, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და სისტემატური იქნება.

ჩვენ 2023 წელს დაუსრულებელი დაპირებების წლად შევაფასებდით.

გიორგი ამილახვარი, რომელმაც განათლების მინისტრად დანიშვნამდე მოქალაქეთა ნაწილს თავი მძიმე განცხადებით დაამახსოვრა, 2023 წელს სწორედ იმ სამინისტროს ჩაუდგა სათავეში, რომლის პირდაპირი ბენეფიციარებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. ეს ,,ჭეშმარიტად დაუღალავი“ მინისტრი უკვე მეათე თვეა, რაც საკუთარ თავს არწმუნებს, რომ არის ღია და ყველანაირი სასიკეთო სიახლის მიღებისთვის მზად მყოფი უწყების ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი კი ოპონენტების კითხვების უპასუხოდ დატოვებისა და კანონით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების სრულად უგულვებელყოფის ფონზე ხდება.

განათლების სისტემაში დაანონსებული ცვლილებების სიმრავლე, თავისი მასშტაბურობით (და არა მხოლოდ) გვაოცებს და ყველაზე თამამ და ოპტიმისტურ მოლოდინებს კი აჭარბებს! EDU.ARIS.GE-მ გასულ წელს განათლების სფეროში მომხდარი მოვლენები შეაჯამა – 2023 წელი განათლებაში – რაც მოხდა, რაც არ მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო და რაც ჯობდა, რომ არ მომხდარიყო, და ეს სულაც არ არის საახალწლო განწყობის შესაქმნელად საკითხავი.

მეტი პოზიტივის შემოტანის მიზნით, გატყობინებთ, რომ, მაგალითად სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა წელს უკვე გაორმაგებული სტიპენდია მიიღეს, ხოლო თბილისის კერძო სკოლების ავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობენ – კი, ეს სხვა უწყების გადაწყვეტილებაა, მაგრამ, ცხადია, მისასალმებელია.

ასევე, 2023 წლის დეკემბერში საერთაშორისო კვლევის ,,PISA 2022“-ის შედეგებით საქართველოში მოსწავლეთა წაკითხულის გააზრების მაჩვენებელი დიდად არ დაცემულა, მიღწევებმა კითხვასა და მათემატიკაში კი, მხოლოდ 8 და 6 ქულით მოიკლო.

ამ ფონზე, გასაკვირია მოსწავლეთა მშობლებისა და ოჯახის წევრების განწყობა საქართველოს სკოლებში მიღებული განათლების მიმართ: „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერითა და კითხვარით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული და 2023 წელს გამოქვეყნებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგებში ვკითხულობთ, რომ სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების/ოჯახის წევრთა 66.8% კმაყოფილი, ხოლო 12.9% ძალიან კმაყოფილია შვილების მიერ სკოლაში მიღებული განათლებით.

ძვირფასო მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, სტუდენტებო, აბიტურიენტებო და სკოლის მოსწავლეებო, მასწავლებლებო და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებო, განათლების განვითარებით დაინტერესებულო ადამიანებო – 2024 წელს, ჩვენ, როგორც ყოველთვის, აუცილებლად გავაშუქებთ თქვენთვის საინტერესო სიახლეებსა და ცვლილებებს განათლების სისტემაში, განათლების სამინისტროსა და მისი სტრუქტურების მიერ გამოცხადებული გეგმების შესრულების პროცესებსა და შედეგებს, ვიქნებით ოპერატიულები და ობიექტურები!

მადლობა, რომ ჩვენთან ხართ,

სიკეთის მომტანი იყოს თქვენთვის ახალი 2024 წელი,

არის.ჯი – განათლების გუნდი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm