GE

კახა ბენდუქიძის მემკვიდრედ მისი შვილი დასახელდა – რა ბედი ელით თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს

კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტატია ბედუქიძე-გონჩაროვა ცოდნის ფონდის ერთადერთი დამფუძნებელი-მემკვიდრე გახდა, რომელიც თავის მხრივ თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტების დამფუძნებელ ორგანიზაციას წარმოადგენს.

როგორც მან  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს, მათ შორის არც ცოდნის ფონდის მიერ დაწესებულ გრანტებთან და არც უნივერსიტეტების მენეჯმენტთან დაკავშირებით.

7b149045-48f6-4a38-bad9-f92c6b28146dჟურნალისტებთან საუბრისას ანასტასიამ აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტი მამამისის დაფუძნებული უნივერსიტეტებია და სწორედ ამის გამო მიმართა სასამართლოს კახა ბენდუქიძის შვილად აღიარების მოთხოვნით. სასამართლოს შედეგად, რომელიც 1 წელი, პარალელურად სამ ქვეყანაში გრძელდებოდა, იანვარში იგი  მემკვიდრედ დასახელდა.

ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ განაცხადა, რომ მან უნივერსიტეტების დასაცავად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

„ვფიქრობ, მამა ჩემით იამაყებდა. უნივერსიტეტები იმ სტრატეგიით გააგრძელებენ განვითარებას,  რომელიც მამაჩემს, კახა ბენდუქიძეს ჰქონდა შემუშავებული. ერთი წლის წინ მე ვთქვი, რომ უნივერსიტეტებისათვის, მამაჩემის მთავარი საქმის გასაგრძელებლად ვიბრძოლებდი და ეს შევასრულე. ახლა უკვე სიამაყით შემიძლია ვთქვა – მე ცოდნის ფონდის ერთადერთი დამფუძნებელი და მემკვიდრე ვარ.

„გასული რამდენიმე თვე ძალიან რთული იყო, მაგრამ მთელი ამ ხნის განამვლობაში ჩემ წინაშე არჩევანი იდგა –  უნივერსიტეტები, ან რაიმე სხვა. ამიტომ გავაკეთე ყველაფერი მამაჩემის საქმის დასაცავად და გასაგრძელებლად. მე არასოდეს წარმომედგინა უნივერსიტეტების გამოყენება ვაჭრობის ობიექტად რაიმეს მიღების სანაცვლოდ, რადგან ეს ჩემთვის მამის ღალატის ტოლფასი იქნება”, – განაცხადა ანასტასიამ და დასძინა, რომ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გამოცდილება აქვს და იცის თუ რა კრიტერიუმები ქმნის საუკეთესო უნივერსიტეტებს.

მან  აბიტურიენტებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ  ასობით მათგანმა პირველ პრიორიტეტად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები აირჩია. ამის გამო მათ მადლობაც გადაუხადა.

„აბიტურიენტებს „ცხელი ზაფხული“ ელოდებათ. შესაბამისად, წარმატებებს ვუსურვებ და სექტემბერში, სტუდენტების რანგში მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი, რათა ეს წარმატება მივულოცო,“ – განაცხადა ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ.

რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამ დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ისაა, რომ უნივერსიტეტები თვითშენახვადი იყოს. ანუ,  გარე ფინანსური რესურსების გარეშე შეეძლოს საკუთარი თავის შენახვა.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა რას გეგმავს ახალი მფლობელი ცოდნის ფონდის გრანტებთან მიმართებაში. თუმცა, როგორც ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვამ განგვიცხადა, საგრანტო სისტემა უცვლელად დარჩება.

„ცოდნის ფონდის გრანტების სისტემის შეცვლას არ ვაპირებ. მამაჩემის სურვილი იყო, რომ სტუდენტებს, რომლებიც ჩვენთან ჩააბარებენ ცოდნის ფონდიდან გარკვეული გრანტი მიეღოთ. ვაპირებ, რომ ეს შევინარჩუნო,“ – განგვიცხადა მან.

რაც შეეხება უნივერსიტეტების ხელმძღვანელობის შესაძლო ცვლილებას, მისი თქმით ამ მხრივ ჯერ-ჯერობით კონკრეტულს ვერაფერს იტყვის.

„ამ წუთებში გადაჭრით ვერ ვიტყვი. უნივერსიტეტები რთული სისტემაა და მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციას დღემდე ვსწავლობ, კიდევ მჭირდება დრო, რათა ყველაფერი დეტალურად შევისწავლო, ვნახო თუ რა მდგომარეობა გვაქვს უნივერსიტეტებში. ამიტომ, ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია,“ – აღნიშნა ანასტასიამ.

სტუდენტური სტილი თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში ➤ ფოტოები

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური