GE

SEU-ს სტუდენტებს აქვთ ინფორმაცია, რომ თურმე მე ვუწოდე ამ უნივერსიტეტს სალობიე და სწორედ ამიტომ გამაგდეს – ინტერვიუ თამარ ლომიძესთან

9 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი. „თამარ ლომიძეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდოს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა“ – ასე შეუწყვიტა სტუდენტის სტატუსი სტიპენდიანტ თამარ ლომიძეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) ეთიკის კომისიამ. 2022 წლის ხუთ სექტემბერს გამართული სხდომის ოქმიდან ვიგებთ, რომ ეს შედეგი სტუდენტის მიერ საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულმა სტატუსმა გამოიწვია, რითაც, როგორც უნივერსიტეტის ეთიკის კომისია განმარტავს, დაირღვა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი და სტუდენტის დისციპლინური გადაცდომა, არაეთიკური ქმედება, მძიმე ხასიათის ქმედებად შეფასდა.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ეთიკის კომისიის ოქმი ჩვენ თამარ ლომიძესგან მივიღეთ. მისივე თხოვნით, კომისიის წევრთა ვინაობას საჯაროდ არ ვაცხადებთ:

სეუ-ს ეთიკის კომისიის სხდომის ოქმი #4 – 05.09.2022

არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სეუ-ს სახელის, პრესტიჟის სიმბოლიკისა და საქმიანი რეპუტაციის მიმართ, მათ შორის, ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება სეუ-ს საქმიანობის, სეუ-ს სტუდენტებისა და/ან სეუს-ში დასაქმებული პირების (მ.შ. რექტორის მიმართ) შესახებ – ამ ინფორმაციას თამარ ლომიძეს მიერ მოწოდებულ ოქმში ვკითხულობთ, თვით უნივერსიტეტი კი EDU.ARIS.GE-ს კითხვებზე სწრაფი პასუხისთვის მზად არ აღმოჩნდა, ამბობენ, რომ მალე გვიპასუხებენ.

მანამდე კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის უკვე ყოფილი სტუდენტი, თამარ ლომიძე EDU.ARIS.GE-სთან დაწვრილებით ყვება მომხდარის შესახებ.

„მათი უმრავლესობა მე მასწავლიდა სამართლებრივ მატერიებს, სამართლებრივ იდეოლოგიას, ისინი საუბრობდნენ იმ ღირებულებებზე, რომელიც იურისპრუდენციას გააჩნია. ამ ხელმოწერით კი მათ ყველაფერი გადახაზეს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში თამარ ლომიძე, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და მისი ნაამბობის გათვალისწინებით, სტუდენტის სტატუსი აზრის თავისუფლებისა და მისი დაცვის გამო შეუწყვიტეს.

უკვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ლომიძე ყვება, რომ სეუ-ს რექტორი, გია კავთელიშვილი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც სხვა სტუდენტის მიერ სოციალურ ქსელში, დახურულ ჯგუფში დაწერილი პოზიციის გამართლება სცადა. ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა, რომ რექტორმა გოგონას მოუწოდა, სხვა უნივერსიტეტში გადასულიყო. მერე კი შეიკრიბა ეთიკის კომისია, რომელმაც თამარ ლომიძის უნივერსიტეტიდან გარიცხვას დაუჭირა მხარი.

– თ.ლ. თავდაპირველად იყო ერთ-ერთი სტუდენტის პოსტი შიდა ჯგუფში, სადაც მხოლოდ SEU-ს სტუდენტები იყვნენ. ის წუხილით წერდა, რომ ყველა უნივერსიტეტს ჰქონდა გამოსაშვები საღამო, ჩვენ – არა და მაგარი ბანძები გამოვედითო. ეს პოსტი რექტორმა დასქრინა, სტიპენდიანტების ჩატში გამოაგზავნა და დაწერა, რომ ვინც ასეთ ცუდ კომენტარებს დაწერს, ისინი ვერ დაესწრებიან გამოსაშვებ საღამოს და სახლში რომ გადაიხადოთ, არ არის ჩემთვის პრობლემაო.

მე სამართალზე ვსწავლობ და ცოტა სხვანაირად ვუყურებ ასეთ საკითხებს, ვერ ვიკავებ თავს ამ დროს. ვუთხარი, მესმის ყველაფერი, მაგრამ თანასწორობის ფარგლებს სცდებით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი 4 წელი სტუდენტის ცხოვრებაში და ამიტომაც უნდათ დაესწრონ გამოსაშვებ საღამოს და თუ ამ საფუძვლით ვერ დაესწრება სტუდენტი, ეს არ იქნება თანასწორი მოპყრობა. ალბათ არ მოეწონა ჩემი ეს რეპლიკა და ეგრევე გადმოვიდა იერიშზე, რომ ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია და მარტო ამბიციები მაქვს, რომ თურმე რაც დავწერე, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, რაზეც ვუთხარი, რომ ის, რასაც ახლა თქვენ მტკიცებით ფორმატში ამბობთ, რომ მე არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში და გამოხატვის თავისუფლება გრძელ ენაში მერევა, ამ ლოგიკით არც ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, რაზეც უფრო ცუდი რეაქცია ჰქონდა. ამ ყველაფერს ჩატში, ყველას თანდასწრებით მიწერდა.

თავიდან დაიწყო მოწოდება, რომ გადავსულიყავი მობილობით სხვაგან – „მაგასაც ვნახავთ, თუ არ გადახვალ“. მერე ამბობდა, SEU-ში 700 ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ თქვენ იყოთ კარგად, უზრუნველყოფილები… ჩემი შეფასებით, რაღაც ზღაპრებს ყვებოდა და ვუთხარი, ამ 700-დან ერთს მაინც გაანდეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ მარტო სტიპენდიანტების ჩატში კი არ გაჟღერდეს ახალი ამბავი, არამედ ყველასთვის და არამხოლოდ რანგირებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც განსხვავებული რეგალიები გააჩნიათ-მეთქი.

ამის შემდეგ კითხვის ფორმით მკითხა, რაზე ვსწავლობდი. რომ გაიგო, სამართალზე ვსწავლობდი, მიკერძოებულიც მეძახა. ორჯერ ვუთხარი, რომ პირადში დამკავშირებოდა. არ მინდოდა, ყველას წაეკითხა, რასაც მე მწერდა. განსაკუთრებით არ მესიამოვნა, როდესაც საჯაროდ მლანძღავდა. ამის შემდეგ დაიწყო ასეთი რეპლიკები: „შენ პირადში რატომ უნდა გელაპარაკო“, „საქმეებს მირჩევ?“, „ის თუ მაინც იცი, ვის სწერ“… მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ვიცოდი ვისაც ვწერდი და გააზრებულიც მქონდა, უფრო გაღიზიანდა და კიდევ ერთხელ მითხრა, მობილობა რომ დაიწყება, მე შეგახსენებ და არ მეწყინება, თუ გადახვალ და კარგად ვიგრძნობ თავსო, რაც ასევე შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, რადგან ძალიან რთულია, როცა რექტორი გიწერს, რომ მობილობით უნდა გადახვიდე სხვაგან და ამას აკეთებს საჯაროდ. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ განვუცხადე, რომ არ ვაპირებდი გადასვლას, რადგან სამართლის პროგრამით ვიყავი კმაყოფილი და დღესაც რომ შემაფასებინოთ, ეს პროგრამა, ისევ ვიტყვი, რომ ძალიან კარგია.

თქვენ რომ ოქმი ნახოთ, რომელსაც ცოცხალი თავით არ აქვეყნებს უნივერსიტეტი, იქ საერთოდ არაფერი წერია განათლების უფლებაზე. თან დასძენენ, რომ ჩემს ინტერესებს იცავენ, რომ არ აქვეყნებენ. თურმე ჩემს ინტერესებში შედიოდა, რომ უნივერსიტეტიდან გავეგდე ადმინისტრაციას. საერთოდ აბსურდული მიზეზის გამო მივედი მე ამ მდგომარეობამდე და ზუსტად იგივე აბსურდი წერია ოქმში, რაზეც ხელს აწერს, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ისეთი იურისტი, რომელთაც აზრი მოეკითხებათ. პროცესუალურადაც დარღვევები იყო თვითონ სხდომაზე. სულ რაღაც 48 წუთი დასჭირდათ ყველაფერის გადასაწყვეტად. ჯერ მომწერეს, რომ სტატუსი შემიწყდა. როცა მობილობის შედეგები გავიგე, ამის შემდეგ გამომიგზავნეს ოქმი.

მთელი ეს პერიოდი ვერ ვარკვევდი, რას მერჩოდნენ და იმ ფრაზებში, რასაც მე რექტორი მწერდა, კომისიის წევრებმა ეჭვი შეიტანეს. ერთ-ერთ ფრაზაზე, სადაც რექტორი მწერს, არაფერი გაგიკეთებია ცხოვრებაშიო, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, რომლის სახელს და გვარს სპეციალურად არ ვასახელებ, ასეთი დასკვნა გამოიტანა, რომ ეს ადამიანი შენ კი არ გლანძღავს და უსაქმურს კი არ გიწოდებს, ფიქრობს, რომ შენ მომავალში კარგ რაღაცას გააკეთებო. მაინტერესებს, იგივე აზრს თუ გამოიტანდა, მას რომ მიმართონ ასეთი ფორმით? სამართლის ფაკულტეტის დეკანმა კომენტარებში დამიწერა, რომ მე-18 მუხლის მეორე ნაწილი არ მესმის და პატივისა და ღირსების უფლება შევლახე თურმე ამ ნაბიჯებით. ვუპასუხე, რეალურად, არ აქვს უნივერსიტეტს ასეთი უფლება(პატივისა და ღირსების ავტ.), რადგან იურიდიული პირია, სახელისა და საქმიანი რეპუტაციის უფლება აქვს და ამაში გვერევა-მეთქი.

ეს ყველაფერი გავიარეთ, მაგრამ მაინც იგივე შედეგამდე მივიდნენ და ბოლოს ისიც მითხრეს, შენ ხშირად წერ პოსტებს შიდა ჯგუფებში, სადაც აღნიშნავ, რომ არ მოგწონს უნივერსიტეტის კონკრეტული მიდგომებიო. მაგალითად, ის, რომ საგამოცდო ფორმატი შეიძლებოდა დღეში ორჯერ შეცვლილიყო – არა ონლაინ ვწერთ, არა ოფლაინ ვწერთ… ძალიან მძიმეა ეს, რადგან ზოგი ცხოვრობს რეგიონში და წარმოიდგინეთ, გზაში რომ იგებს, თურმე ონლაინ უნდა დაწეროს და უკან ბრუნდება…

– კიდევ რას გულისხმობდნენ პოსტების ხშირად წერაში?

– თ.ლ ერთ-ერთი ჩემი პოსტი დაიწერა იმ კადრებიდან გამომდინარე, ბატონი გია ხელებს რომ უშლის სტუდენტებს იმ შეხვედრაზე, სადაც განიხილებოდა საგამოცდო ფორმატი და ეს ტელევიზიითაც გაშუქდა. ამ საგამოცდო ფორმატის განხილვისას ყველა შეთანხმდა, რომ ონლაინ უნდა დაეწერათ და სტუდენტები იყვნენ ბედნიერები. მე კი დავწერე, რა უნდა გააკეთოთ ამ ონლაინ დაწერილი გამოცდებით, როდესაც თქვენი მეგობარი, თქვენი კურსელი გააძევეს აუდიტორიიდან მარტო იმიტომ, რომ თქვა, ონლაინ განათლება არ არის ჯეროვანი და ვერ აძლევს მას ისეთი ხარისხის განათლებას, როგორსაც მიიღებდა ოფლაინ რეჟიმშითქო. ამის მთქმელის მისამართით კი რექტორის მხრიდან მოჰყვა ასეთი რეპლიკები: „გვარი მითხარი ბიჭო“, „სასწრაფოდ დატოვე ტერიტორია“…

დამატებითი პრობლემები რაც მე ამ ყველაფერის შემდეგ შემექმნა, ორი სახის არის – იმ სტუდენტებს, რომლებიც ახლა SEU-ში არიან, სხვა სტუდენტური გაერთიანებები აბულინგებენ. ჩემი მიზანი არ არის მათი ბულინგი და არც სწორი არ არის. ისინი აგრძელებენ სწავლას იქ. მე, შეიძლება, გამოვსულიყავი და დავმდგარიყავი გაგდებული სტუდენტის გვერდით, მაგრამ ეს მათი არჩევანია და არა ვალდებულება.

მეორე პრობლემა არის ის, რომ რატომღაც SEU-ს ადმინისტრაცია არ აწვდის თავის სტუდენტებს სრულ ინფორმაციას. ოქმი საერთოდ არ აქვთ ნანახი. SEU-ს სტუდენტებს აქვთ ინფორმაცია, რომ თურმე მე ვუწოდე ამ უნივერსიტეტს სალობიე და სწორედ ამიტომ გამაგდეს. კომენტარებით სხვა დამატებითი ინფორმაციებიც ვიცი. შექმნეს მხარდამჭერი გვერდი რექტორისთვის, რომელიც შეიცავს ჩემი დევნისა და სიძულვილისკენ მიდრეკილ ტექსტებს, რაც, პირველ რიგში, უნივერსიტეტის ბრალია, რადგან როდესაც აქცია დაანონსდა და სტუდენტებმა დაწერეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავალთ და ვცემთ ამ ხალხს, რადგან ჩვენ ასეთი ლამაზი უნივერსიტეტი აგვიშენა გიამ და აბა რა უნდა ვქნათო, ამაზე უნივერსიტეტის მხრიდან იყო მადლობა, რაც გახდა წამახალისებელი. ვფიქრობ, ის ფონი, რომელიც უნივერსიტეტში ჩემ მიმართ არსებობს, არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ბრალი და მოვუწოდებ, რომ იქნებ ოქმს თუ არ აქვეყნებენ, ეს მაინც დაარეგულირონ. ელემენტარული ამბავია, რომ სიძულვილის ენა არ იყოს იმ სოციუმში და ეს უნივერსიტეტის მენეჯერმა უნდა დააორგანიზოს. თუ ამას ვერ აკეთებს, ესე იგი, არ არის მისი საქმიანობა ქმედითი და ჯეროვანი.

– რა დროში განვითარდა ეს მოვლენები, როდის დაიწყო და როდის გქონდათ ინფორმაცია, რომ სტუდენტის სტატუსი შეგიწყდათ?

– თ.ლ. სტიპენდიანტების ჩატში წარმართული საუბრის მეორე დღეს, 31 ივნისს დავწერე პირველი პოსტი, რომელიც ასევე ოქმშია ჩაკოპირებული და ამის შემდეგ, 2 სექტემბერს მივიღე ინფორმაცია, რომ ჩაინიშნა ეთიკის კომისიის სხდომა, რომელიც 5 სექტემბერს გაიმართა. 6 სექტემბერს მითხრეს, რომ სტუდენტის სტატუსი შეწყვეტილი მქონდა. მეც ვესწრებოდი ამ სხდომას. ზუმის მეშვეობით გაიმართა და ჩანაწერიც გაკეთდა. მინდოდა ეს ჩანაწერი გამომეთხოვა, რადგან ოქმში უწერიათ საერთოდ სხვა ინფორმაცია, რომელსაც არ ვეთანხმები და გადამოწმებისთვის მჭირდებოდა, თუმცა მითხრეს, რომ 10 დღის ვადაში წაიშალა და ჩანაწერი აღარ არსებობს. ეს წაშლა რას ემსახურებოდა, ესეც არ ვიცი.

ოქმი დაახლოებით 10 სექტემბრისთვის მივიღე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ოქმში არის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხის ხელმოწერები… მართლა არ ვიცი, აქვთ თუ არა მათ ეს ოქმი წაკითხული. თუ აქვთ წაკითხული და ხელს აწერენ, ესე იგი, ძალიან ცუდი შედეგი გვაქვს, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე და წარმატებული იურისტი თავის სფეროში, რომელიც განათლების საკითხებშიც ძალიან მნიშვნელოვანი კადრია, უბრალოდ ვერ აზროვნებს კონკრეტულ შემთხვევებში, რაც ძალიან ცუდია.

მაინტერესებს განათლების სამინისტროს შეფასება. ისიც დუმს. არ ვიცი, როდემდე უნდა დუმდეს, მაგრამ სამწუხაროდ, დუმს და საერთოდ არ ინტერესდება არც ოქმით, არც ფაქტით… ერთადერთი, რექტორი დაიბარეს სამინისტროში, თუმცა ჩემთვის დღემდე უცნობია, რატომ დაიბარეს, რა მოხდა იქ და რამე თუ შეიცვალა (EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განათლების სამინისტრო ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყობს).

– როგორია თქვენი გეგმები და რას აპირებთ ამის შემდეგ?

თ.ლ. სახალხო დამცველის აპარატის მოკვლევას დაველოდები და შემდეგ უკვე სასამართლოს აპარატის მეშვეობით მინდა მივიღო პასუხი კითხვაზე, რატომ დამატოვებინეს უნივერსიტეტი, რატომ აქვს რექტორს პრეტენზია, რომ აუცილებლად შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს სტუდენტს და როცა მოუნდება, მაშინ გაუშვას და როცა მოუნდება, მაშინ დააბრუნოს.

შეგახსენებთ, რომ სეუ-ს რექტორის, გია კავთელიშვილის განცხადების თანახმად, უნივერსიტეტი დამოუკიდებელი კომისიის მოწვევას გეგმავს, რომელიც დაკონპლექტდება სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობების პრეზიდენტებისგან, რათა ახალმა კომისიამ სეუ-ს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება განიხილოს. რექტორის თქმით, თუ ხმების უმრავლესობით დადგინდება, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი ის ძალაში დარჩება, სხვა შემთხვევაში, „ჩემს უფლებამოსილებას გამოვიყენებ და ამ სტუდენტს სურვილის შემთხვევაში დავაბრუნებ სეუ-ში“.

თავად თამარ ლომიძე კი ამბობს, რომ მისთვის თვითმმართველობების ხელმძღვანელების კომპეტენცია არ შეესაბამება ასეთი საკითხების განხილვას, არ არის მომხრე მათი ჩართულობის და განხილვის პროცესის საჯაროობას მოითხოვს.

ამავე თემაზე:

„გადამოწმდეს SEU-ს აკრედიტაციის საკითხი…“ – რექტორ გია კავთელიშვილის პასუხი სტატუსშეწყვეტილი სტუდენტის მხარდამჭერ აქციაზე

რა ხდება მაშინ, როცა სტუდენტის უფლებებს ფეხქვეშ თელავენ, განათლების სამინისტრო კი ხელს იბანს?!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური