GE

სკოლის ჟურნალის არასწორი შევსების გამო წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერის გარეშე დარჩნენ

საბა პარუაშვილი ახალციხის #6 საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა, რომელმაც მეცხრე კლასი უმაღლესი ქულებით დაამთავრა და კუთვნილ კომპიუტერსაც მოუთმენლად ელოდა. სოციალურ ქსელში კი აღმოაჩინა, რომ რეგიონის 107 წარჩინებულ მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში უკვე გადასცეს. რატომ არ იყო მათ შორის საბა – დედამ მიზეზის გარკვევა სკოლის ადმინისტრაციასა და ახალციხის რესურსცენტრში სცადა.

„ჩემი შვილი ათოსანია. ვიცი, რომ მისი კანდიდატურა სკოლას ლეპტოპის მისაღებად უნდა წარედგინა. რა მოხდა არ ვიცი. განცხადებით მივმართავ რესურსცენტრის, გამოვითხოვ საბუთებს და დავიწყებ სამართლებრივ ბრძოლას“, – ამბობს თეა გავაშელი.

დირექტორი კი ამბობს, რომ სკოლის ერთადერთი წარჩინებული მეცხრე კლასელის შეფასების ჟურნალში ხარვეზები აღმოჩნდა.

ამავე მიზეზით, 21 მოსწავლიდან პერსონალური კომპიუტერის გარეშე დარჩა ახალციხის პირველი სკოლის ექვსი მეათეკლასელი. დირექტორი იმედოვნებს, რომ მასწავლებლების მიერ დაშვებული შეცდომები გამოსწორდება და ექვსივე მოსწავლე ლეპტოპს მოგვიანებით, თუმცა მაინც მიიღებს.

„ეს არ არის ბავშვის შეცდომა, ეს ჟურნალის წარმოებისას დაშვებული სკოლის ხარვეზია. მასწავლებლებმა დაწერეს ახსნა-განმარტება. აღიარეს, რომ მომხდარი მოსწავლეების ბრალი არ არის. ამ მიზეზით, გასულ წელს სამმა ბავშვმა კომპიუტერი საერთოდ ვერ მიიღო. ამიტომ უფრო მეტი სიფრთხილე სჭირდებათ პედაგოგებს, კარგად უნდა იცოდნენ ჟურნალის შევსების წესები“, – ამბობს ჟუჟუნა გოგოლაური.

პროექტ „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2018 წლის 24 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 სკოლის 30-მდე წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა, 32 მეათეკლასელი კი კომისიის დასკვნას ელის, რომელმაც ხარვეზიანი დოკუმენტაცია უნდა შეისწავლოს და გადაწყვიტოს, ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ლეპტოპი.

„ნებისმიერი რეგულაცია ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად. სკოლებიდან გაგზავნილი კორესპონდენციების საფუძველზე, საკითხს სამინისტროში სწავლობენ. თუ კანონდარღვევით არის გარკვეული პროცედურები ჩატარებული, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. ხათუნა ხმალაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვერ იტყვის, რამდენი მოსწავლის საკითხი გადაწყდება დადებითად.

პროექტი „ჩემი პირველი კომპიუტერი“ რამდენიმე წელია ხორციელდება. მისი მიზანი მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. თუმცა წარჩინებული მეცხრე კლასელები, მასწავლებელთა მიერ ჟურნალში დაშვებული შეცდომების გამო, ლეპტოპის გარეშე ყოველ წელს რჩებიან.

მოამზადა რუსკა გვარამაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური