RSS

”ქაჯეთის ციხე” – პეტრა ციხისძირი

17 აგვისტო

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

აჭარაში, ბათუმიდან 20 კილომეტრში, 7 ჰექტარზე გადაჭიმული პეტრა – ციხისძირის ისტორიულ-არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს. გარექალაქსა და ნასახლარს. პეტრაზე დადასტურებულია სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები, გჰვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე.

ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) ამ უძველეს სამოსახლოზე ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ (527-565) კარგად გამაგრებული ციხე-ქალაქი და საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. პეტრა-ციხისძირი აღმოსავლეთ შავისზღვისპირეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-სტრატეგიულ ცენტრად იქცა, სადაც თავს იყრიდა მნიშვნელოვანი საზღვაო და სახმელეთო გზები, რომლებიც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის საქართველოს ცენტრალურ რაიონებთან, ბიზანტიის იმპერიის პროვინციებთან, სომხეთთან და სპარსეთთან აკავშირებდა. ციხე-ქალაქს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ბიზანტიელებიცა და სპარსელებიც ლაზიკის ომების დროს მეექვსე საუკუნეში. პეტრა-ციხისძირი თავის მნიშვნელობას მომდევნო საუკუნეებშიც ინარჩუნებდა. წერილობით წყაროებში ის ”ქაჯეთის ციხის” სახელით იხსენიება. ვარაუდობენ, რომ ვაფხისტყაოსანში სწორედ ამ ციხეზეა ლაპარაკი.  XVIII ს-ის პირველ ნახევარში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს. რუსეთ-თურქეთის ომებისას (XIX ს.) ციხისძირთან რამდენიმე მნიშვნელოვანი  ბრძოლა მოხდა. 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა. 1908 წელს აქ აღმოჩინეს მდიდარი სამარხი (ნაპოვნია ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება.)

ამჟამად პეტრა-ციხე არქეოლოგიურ-არქიტექტორული მუზეუმ-ნაკრძალია.

 

 

დატოვე კომენტარი