მეორე CFD აუქციონის მიმართ დიდი დაინტერესებაა - ამის შესახებ „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, წელს, წინა აუქციონთან შედარებით, უფრო დიდი აქტივობაცაა მოსალოდნელი.

„ამ საახალწლო გარიჟრაჟზე ენერგეტიკის დარგი ძალიან დაწინაურდა. აუქციონის გამოცხადების შემდეგ საინფორმაციო კუთხით, დიდი აქტივობაა. ჩვენი პარტნიორების,  უცხოელი ინვესტორების მხრიდან ყოველდღე ზარებია და დაინტერესება არის ძალიან დიდი. ეს ძალიან კარგია. მიხარია, რომ მთავრობამ, ასე ვთქვათ, სიგნალი გაუშვა, რომ ენერგეტიკა წელს და მომდევნო წლებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც იქნა, დაგვიდგა ის დღე, რომ რიგში პირველი გახდა ენერგეტიკის დარგი.

აუქციონის მიმართ მზადყოფნა დიდია და დაინტერესებაც დიდი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ პირველ აუქციონზე სამჯერ დიდი მოთხოვნა იყო დარგისგან - 300 მგვტ-ზე იყო გამოცხადებული აუქციონი და 900 მგვტ-მდე შევიდა წინადადებები. ამასთან, იყო ბევრი კომპანია, რომელთაც პირველ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს, თავი შეიკავეს, აკვირდებოდნენ ამ პროცესს. ახლა კი, ისინიც დაინტერესებულები არიან. დაწყებულია წინადადებების შეგროვება და 8-დან 12 თებერვლამდე აუქციონი დაიხურება. შემდეგ უკვე დაველოდებით შედეგებს“ - ამბობს გიორგი მარგებაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონ 800 მგვტ. ჯამური დადგმული სიმძლავრით გამოაცხადა, რაც პირველი აუქციონის ოდენობას თითქმის სამჯერ აღემატება.

აუქციონი შეეხება შემდეგ კატეგორიებს: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები  - 10 მგვტ.