მთავარიამბებიკავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი დაარსებიდან 103 წელს აღნიშნავს

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი დაარსებიდან 103 წელს აღნიშნავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – პირველი ქართული და  კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი – 8 თებერვალს დაარსებიდან 103 წელს აღნიშნავს.

„1918 წლის 8 თებერვალი ქართული საუნივერსიტეტო განათლების დასაბამის სიმბოლოდ და იმ გამორჩეულ თარიღად იქცა, რომელსაც ქართველი ერის აღორძინების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა – კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსება უკავშირდება“, – ვკითხულობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იუბილესთან დაკავშირებით გავრცელებულ  განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ XIX საუკუნის სამოციანი წლებიდან, ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების მეთაურობით დაიწყო.   XX საუკუნეში მათი გზა ღირსეულად გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორმა ივანე ჯავახიშვილმა.

უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა კრების წევრებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში და საბოლოოდ, 1918 წლის 8 თებერვალს, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში კავკასიაში ევროპული ტიპის პირველი უმაღლესი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.

ახლადგახსნილ უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი არსებობდა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი კი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე 27 ათასი სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში მოქმედებს 24 უცხოენოვანი პროგრამა, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საჯარო მმართველობის და ქიმიის, ABET აკრედიტებული ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამები. თსუ-ს ჰყავს 300-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი 56 ქვეყანაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5%-ში შედის და ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც უკვე მეხუთე წელია „თაიმსის“ მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (THE) ხვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend