ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ბოსტონში Earthshot Prize-ის საღამოზე გამოჩნდნენ. დაჯილდოვება ყოველწლიურად იმართება და მისი ორგანიზატორები თავად პრინცი უილიამი და სერ დევიდ ეტენბრუ არიან.

უელსის პრინცესა ფოტოგრაფების წინ Solace London-ის მწვანე კაბაში გამოჩნდა, რომელიც მან ბრიტანულ კომპანია Hurr-ში იქირავა. ნაქირავები კაბით ფორმალურ საღამოზე გამოჩენა სამეფო ოჯახის წევრის მიერ, მნიშვნელოვანი მესიჯის მატარებელია, თუმცა ქეით მიდლტონი ხშირად მიმართავს მდგრად მოდურ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, მას არაერთხელ გაუმეორებია ლუქები, აცვია ერთი და იგივე სამოსი, და ა.შ. პრინცესას მესიჯი ცხადია დაკავშირებულია საღამოს თემატიკასთანაც – დაჯილდოვების ფარგლებში 5 რჩეულს გრანტი გადაეცემა გარემოს დაცვისთვის შემუშავებული პროექტებისთვის. მწვანე ფერი, როგორც გარემოს დაცვის სიმბოლო, ამ მესიჯის მატარებელი იყო. მიდლტონს პრინცესა დიანას ზურმუხტის ყელსაბამიც ეკეთა, რომელსაც ლედი დიანაც მწვანე კაბასთან ერთად ატარებდა.