პანდემიის რთული ორი წლის შემდეგ, კინოინდუსტრია საბოლოოდ დაუბრუნდა უწინდელ რეჟიმს. განახლდა წითელი ხალიჩების, დაჯილდოებებისა და ხმაურიანი პრემიერების ტრადიცია, კინოთეატრების პროგრამა კი, კვლავაც დაიტვირთა ახალი ფილმების სეანსებით. წარმატებული საფესტივალო და საპრემიერო სეზონის შემდეგ, გავლენიანმა ჟურნალმა Variety-მ 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სია გამოაქვეყნა.

ქალი მსახიობების ჩამონათვალის სათავეში წელს მარგო რობია – მსახიობი, რომელსაც საკმაოდ აქტიური შემოქმედებითი პერიოდი აქვს. მას მალე ვიხილავთ 2022 წლის ხმაურიანად დაანონსებულ ფილმში -Barbie. აღნიშნული როლისათვის მარგო რობიმ 12,5 მილიონი დოლარის ჰონორარი მიიღო, რაც კინოგაქირავების შედეგების მიხედვით, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

მარგო რობის შემდეგ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი Stranger Things-ის ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნია. 18 წლის მსახიობს Enola Homes-ის მეორე ნაწილში მონაწილეობის სანაცვლოდ, 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

რაც შეეხება კაც მსახიობებს, 2022 წლის რეკორდი ტომ კრუზმა მოხსნა. Top Gun-ის ახალ ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის, მსახიობმა 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სიის მეორე ადგილზეა უილ სმიტი 35 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე – ლეონარდო დიკაპრიო, რომლის ჰონორარმა წელს 30 მილიონი შეადგინა.