Viktor&Rolf-ის პირველი ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენება 1998 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე გაიმართა. მას შემდეგ ვიქტორ ჰორსტინგი და როლფ სნორენი თავიანთ გულშემატკივრებს გამორჩეულ, ექსცენტრიულ და კონცეპტუალურ ჩვენებებს სთავაზობენ. როგორც დიზაინერები თავად ამბობენ, მათთვის ოტ კუტიური კრეატიული ექსპერიმენტების ჩასატარებლად ლაბორატორიას წარმოადგენს, რაც თავიანთი შემოქმედებით ამ სეზონზეც დაგვანახეს.

Viktor&Rolf გაზაფხული/ზაფხული 2023 ოტ კუტიური © Vogue Runway

2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ ჩვენებას ინტერნეტ სივრცეში განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოდიუმზე სულ 18 საღამოს კაბა იყო წარმოდგენილი, თუმცა უმეტესობა არა ისე, როგორც ამას უნდა ველოდეთ. ისინი მოდელების სხეულებისგან განცალკევებული და მათზე ამობრუნებული თუ დიაგონალურად მორგებული სახით ვიხილეთ. სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი ჩვენებას “სასაცილოს” უწოდებს, ნაწილი კი “გენიალურად” ახასიათებს. დიზაინერებმა კოლექციას “გვიანი კაპიტალიზმის ვალსი” დაარქვეს.

ტიულის რომანტიკული საღამოს კაბები მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ოტ კუტიურ ტრადიციას განასახიერებს. თუმცა ვიქტორი და როლფი შეეცადნენ ისინი 21-ე საუკუნის კონტექსტში ეჩვენებინათ და თანამედროვე დროისთვის სტერეოტიპული კუტიურ კაბების აბსურდულობა გამოეხატათ.

“ეს კოლექცია გაუცხოების განცდას განასახიერებს, რასაც მისი სახელწოდება მიუთითებს. განყენებული და ვიწროდ განსაზღვრული “მოდის იდეალი” წარმოდგენილი და მხატვრულად მანიპულირებულია, რათა ის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს,” – აღნიშნულია ჩვენების ჩანაწერებში. “სხეული, რომელიც რჩება “dessous”-ში (რომელიც ტრადიციულად კუტიურ კაბის სტრუქტურის ინტეგრირებული ნაწილია), სამოსს შორდება. იდეალიზირებული ფორმა შენარჩუნებული კაბა კი სხეულს სიურრეალისტურად ეწინააღმდეგება, სცილდება და მისგან თავისუფლდება.”