Facebook Script

ქალის სხეული და რეპროდუქციული ანატომია — რა უნდა ვიცოდეთ?

ქალისა და კაცის სხეულების ვიზუალურად შედარება ბევრ მსგავსებას ავლენს, თუმცა განსხვავებებიც მყისიერადაა თვალშისაცემი. ყველაზე აშკარა განსხვავებებია რეპროდუქციული ორგანოები — იმ ქრომოსომების ფიზიკური გამოხატულება, რომლებიც განსაზღვრავს ბიოლოგიურ სქესს.

ქალებისთვის სპეციფიკური ანატომია დაკავშირებულია სექსუალურ ფუნქციასთან, რეპროდუქციასა და ჰორმონების რეგულაციასთან, და ის მოიცავს გარეთა სასქესო ორგანოებს — ვულვას — და შიდა რეპროდუქციულ ორგანოებს — საშვილოსნოსა და საკვერცხეებს.

ძუძუები „დამხმარე“ რეპროდუქციულ ორგანოებად მიიჩნევა, რადგან მათი მთავარი ფუნქცია ლაქტაციაა — ახალშობილი ბავშვის რძით უზრუნველყოფა.

ჩვენი საწყისები საშვილოსნოში — ადამიანის სქესობრივი ანატომია და სასქესო ნიშნები

ქალებისა და კაცების სქესობრივი ანატომია განსხვავდება, თუმცა ყველა სასქესო ორგანო (გენიტალია) უჯრედების ერთი და იგივე ნაკრებიდან ვითარდება. მუცლადყოფნის განვითარების დროს ეს უჯრედები სახეს იცვლის იმ სპეციფიკური ჰორმონალური გარემოს მიხედვით, რომელშიც არიან.

ბავშვის ბიოლოგიური სქესი განისაზღვრება იმ მომენტში, როდესაც მამის სპერმატოზოიდი ხვდება დედის კვერცხუჯრედს. ამას შესაძლებელს ხდის ჩვენი გენები და ის ქრომოსომები, რომლებსაც ისინი გადააქვს.

იმ 23 ქრომოსომული წყვილიდან, რომელიც ადამიანის გასამრავლებლად საჭირო ყველანაირ გენეტიკურ ინფორმაციას ატარებს, მხოლოდ ერთი წყვილია, რომელიც განსაზღვრავს სქესს — X ქრომოსომა, რომელსაც დედის კვერცხუჯრედი შეიცავს, და X ან Y ქრომოსომა, რომელსაც მამის სპერმატოზოიდი შეიცავს.

► განაყოფიერების დროს ამ ორი სასქესო ქრომოსომის შერწყმას მოჰყვება ან მამრობითი (XY) ან მდედრობითი (XX) ემბრიონის ჩამოყალიბება.

სასქესო ქრომოსომები ატარებენ გენებს, რომლებიც პასუხისმგებელია სქესობრივ დიფერენციაციაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია SRY გენი (ინგლ. Sex-determining Region of the Y chromosome — Y ქრომოსომის სქესის განმსაზღვრელი რეგიონი), რადგან ის აწარმოებს სპეციფიკურ სქესის განმსაზღვრელ ცილას, რომელიც ნაყოფს ავითარებინებს მამრობით გონადებს, ანუ სასქესო ჯირკვლებს (სათესლე ჯირკვლებს). მოქმედი SRY გენის გარეშე ემბრიონი ავტომატურად ვითარდება გოგოდ.

ჩამოყალიბებიდან მალევე სათესლე ჯირკვლები ტესტოსტერონის გამოყოფას იწყებენ. ამ ჰორმონთან შეხების შედეგად ის ქსოვილები, რომლებსაც ჯერ არ გაუვლიათ დიფერენციაციის (სახეცვლის) პროცესი, პენისის თავად ჩამოყალიბებას იწყებენ. ტესტოსტერონის თანაობის გარეშე იგივე ქსოვილები კლიტორად ჩამოყალიბდებოდნენ.

სხვა რეპროდუქციული ორგანოები მსგავსად ყალიბდებიან. ჰორმონების გავლენით კაცებში ყალიბდება სათესლე პარკი, სათესლე ჯირკვლები, ეპიდიდიმისი (სათესლის დანამატი), თესლის სადინარი (vas deferens), პროსტატა, სათესლე ბუშტუკები, შარდსადენი და პენისი, ხოლო ქალებში — საკვერცხეები, ფალოპის მილები, საშვილოსნო, საშვილოსნოს ყელი, ვაგინალური არხი, ბართოლინის ჯირკვლები, ვაგინა, კლიტორი და კლიტორის ჩუჩა. იმ სასქესო ორგანოებს, რომლითაც ადამიანი იბადება, ეწოდება პირველადი სასქესო ნიშნები.

შემდგომი სქესობრივი განვითარება დაბადებიდან დიდი ხნის შემდეგ ხდება — სქესობრივი მომწიფების დროს. კიდევ ერთხელ, სასქესო ჰორმონების გავლენით ადამიანის სხეული მწიფდება და ორივე გენდერში ჩნდება მეორეული (მეორადი) სასქესო ნიშნები.

ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებში:

  • ძუძუები იზრდება ზომაში;

  • ჩნდება თმა იღლიებსა და ბოქვენის არეში;

  • ბარძაყები ხდება უფრო განიერი;

  • ვულვის მცირე სასქესო ბაგეები (ე.წ. „ლაბია მინორა“) შეიძლება უფრო გარეთ გამოიწიოს და გამუქდეს.

კაცის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებში:

  • ჩნდება თმა იღლიებში, გულმკერდსა და მუცელზე, ასევე ბოქვენის არეში;

  • ზრდას იწყებს წვერი;

  • ზომაში მატულობს ლარინქსი, ანუ ხორხი (ე.წ. „ადამის ვაშლი“);

  • ბოხდება ხმა.

ვულვა — ქალის გარე სასქესო ორგანოები

ქალის ანატომიის გარე სასქესო ორგანოები მოიცავს ბოქვენს, დიდ სასქესო ბაგეებს (ე.წ. „ლაბია მაჟორას“) და მცირე სასქესო ბაგეებს (ე.წ. „ლაბია მინორას“), საშოს კარიბჭეს, კლიტორსა და პერინეუმს (შორისს).

ერთად მართ ვულვა ეწოდებათ (ლათინური სიტყვიდან, რომელიც საფარს ან შესახვევს ნიშნავს).

წყარო: WomanLog

გარეგანი სასქესო ორგანოები სამ ძირითად როლს ასრულებენ. ისინი:

  • სპერმას (თესლს) საშუალებას აძლევს, შეაღწიოს სხეულში

  • ინფექციისგან იცავს შინაგან რეპროდუქციულ ორგანოებს

  • მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სექსუალურ აღგზნებაში

ბოქვენი არის მომრგვალო ფორმის ხორცის უბანი, რომელსაც ქმნის ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც ფარავს ბოქვენის ძვალს. ის სქესობრივი მომწიფებიდან დაწყებული დაფარულია თმით. მართალია, „მოკლე და ხუჭუჭა“ თმა თავის მიზანს ასრულებს — ამცირებს ხახუნს სექსის დროს და ხელს უშლის ბაქტერიებისა და სხვა პათოგენების გავრცელებას — ზოგ ადამიანს ურჩევნია, ის შეიჭრას, გაიპარსოს ან ცვილით მოიშოროს. ის, თუ რას უზამთ თქვენს ბოქვენის თმას, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

იღლიებსა და ბოქვენზე არსებული თმის ფოლიკულები ასევე დაკავშირებულია აპოკინულ ოფლის ჯირკვლებთან. ეს ჯირკვლები გამოყოფენ ფერომონებს, რომლებიც მიიჩნევა, რომ გარკვეულ როლს ასრულებენ სექსუალურ მიზიდულობაში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია.

დიდი სასქესო ბაგეები, ე.წ. „ლაბია მაჟორა“ (Labia majora), არის საშოს შესასვლელის ორივე გვერდითა მხარეს არსებული გარე ბაგეები. ისინი გარს არტყამენ და იცავენ სხვა გარეგან სასქესო ორგანოებს და შეიცავენ ოფლისა და ქონის ჯირკვლებს, რომლებიც გამოყოფენ ლუბრიკაციას. სქესობრივი მომწიფების შემდეგ ლაბია მაჟორას გარე ზედაპირი ფერს იცვლის და იფარება თმით, ხოლო შიდა ზედაპირი გლუვი და ვარდისფერია.

მცირე სასქესო ბაგეები, ე.წ. „ლაბია მინორა“ (Labia minora), არის შიდა ბაგეები, რომლებიც დიდ სასქესო ბაგეებს შორისაა მოქცეული. ისინი გლუვი და ვარდისფერია და ზომებში მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანებს შორის. მაგალითად, ზოგი ადამიანის სხეულზე მცირე სასქესო ბაგეები დიდ სასქესო ბაგეებზე უფრო შორსაა გამოშვერილი, ხოლო სხვებში ის ძალიან პატარა ზომისაა.

ეს უბანი სისხლძარღვებითაა მდიდარი, რის გამო ლაბია მინორას მოვარდისფრო ფერი აქვს. სექსუალური აღგზნების დროს ეს სისხლძარღვები სისხლით ივსება, რის შედეგადაც მცირე სასქესო ბაგეები ზომაში მატულობს და ძალიან მგრძნობიარე ხდება.

კლიტორი (სავნებო). მცირე სასქესო ბაგეები ერთიანდება ვულვის ზედა ნაწილში და გარს ერტყმის კლიტორის თავს, რომელიც, ჩვეულებრივ, ბარდის მარცვლისხელაა, თუმცა ზომა შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანებს შორის. სინამდვილეში, გარედან მოჩანს მხოლოდ კლიტორის თავი, კლიტორის დანარჩენი ნაწილი კი, ღერო და ორი „ფესვი“ (სავნებოს ფეხები), სხეულის შიგნით, 12-13 სმ-ის სიგრძეზე იშლება. კლიტორის თავი ძალიან ბევრ ნერვულ დაბოლოებას შეიცავს, რის გამოც ის გამორჩეულად მგრძნობიარე ეროგენული ზონაა, რეაგირებს შეხებით სტიმულაციაზე, რა დროსაც ის ზომაში იზრდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღგზნებასა და სიამოვნებაში.

კლიტორის ჩუჩა. კლიტორის ჩუჩა არის კანის ფენა, რომელიც გარს არტყამს კლიტორის თავს. ის კლიტორს ხახუნისგან იცავს.

დიდი და მცირე სასქესო ბაგეები და კლიტორი ერექტილური ქსოვილისგან შედგება, რომელიც სტიმულაციის დროს სისხლით ივსება და იბერება.

წყარო: WomanLog

საშოს კარიბჭე. მცირე სასქესო ბაგეების შიგნით მდებარეობს საშოს კარიბჭე, სადაც თავს იყრის ქალის ანატომიის შინაგანი სასქესო ორგანოები:

  • შარდსადენის მილი. შარდსადენის მილი საშოს შესასვლელის ზემოთ მდებარეობს. შარდსადენი არის მილი, რომელიც შარდს შარდის ბუშტიდან გამოსვლის საშუალებას აძლევს.

  • საშოს (ვაგინის) წიაღი. საშო (ვაგინა) არის კუნთოვანი არხი, რომელიც დაფარულია ლორწოვანი მემბრანით და გადაჭიმულია ვულვადან საშვილოსნომდე.

► სიტყვა „ვაგინა“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ქარქაშს“, რომელშიც ხმალი იდება.

ვაგინის ზომა ცვალებადია, თუმცა საშუალოდ მისი სიგრძე 7 სანტიმეტრია. ის აღგზნების დროს ზომაში იზრდება.

თუკი თქვენს ვაგინაში თითს შეყოფთ და ნაკეცებსა და ნაოჭებს იგრძნობთ, ეს აბსოლუტურად ნორმალურია — ვაგინა გლუვი არც უნდა იყოს. ეს ნაკეცები და ნაოჭები იშლება და იკუმშება, რათა მოერგოს სხვადასხვა ზომის ობიექტებს, დაწყებული თითიდან თუ ტამპონიდან, დამთავრებული 3.5 კგ-ის ან უფრო დიდი ზომის ბავშვებით.

საქალწულე აპკი. საქალწულე აპკი არის ქსოვილის მემბრანა, რომელიც ფარავს ვაგინის შესასვლელს. თუმცა, საქალწულე აპკი ვაგინის მქონე ყველა ადამიანს არ აქვს, ხოლო მათ, ვისაც აქვს, როგორც წესი, ნაწილობრივი აპკი აქვთ და არც კი იციან, რომ ის იქაა.

საქალწულე აპკი შეიძლება გაიხეს მენჯის დაზიანებით, სპორტული აქტივობით, გინეკოლოგიური შემოწმებით, სექსით ან მშობიარობით. აპკის არარსებობა ან დაზიანება არ ნიშნავს, რომ ადამიანი სექსუალურად აქტიური იყო.

ბართოლინის ჯირკვლები. ისინი საშოს შესასვლელის გვერდებზე მდებარეობს და გამოყოფს მოსქო სითხეს, რომელიც ასველებს ვაგინას სექსის დროს.

ვაგინალური არხის სიღრმეში ასევე არის:

საშვილოსნოს ყელი არის დაახლოებით 2-3 სმ-ის ზომის მომრგვალო, ამოზნექილი ელიფსისმაგვარი სტრუქტურა ვაგინალური არხის შიდა ფუძეში. სწორედ აქ იწყება საშვილოსნო. მის ცენტრში არის პატარა გასასვლელი, რომელიც აკავშირებს საშვილოსნოს ყელს ვაგინასთან. საშვილოსნოს ყელი ცხოვრების განმავლობაში იცვლის ფორმასა და პოზიციას ჰორმონების გავლენით და მენსტრუაციისა და ორსულობის დროს.

მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელი 10 სმ-მდე ფართოვდება და ბავშვს საშუალებას აძლევს, საშვილოსნოდან გამოვიდეს ვაგინალურ არხში, შემდეგ კი სხეულს გარეთ.

საშვილოსნო არის კუნთოვანი ტომარა, რომელიც იკავებს ნაყოფს ორსულობის დროს. ის მენჯის ღრუს ცენტრში მდებარეობს.

მენსტრუალური ციკლის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი სქელდება სისხლით, რათა მოემზადოს ერთ-ერთი საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსათავისუფლებლად. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მომზადდეს საკვები ნივთიერებებით მდიდარი გარემო ნაყოფისთვის, თუკი ორსულობა დადგება.

თუკი ასე არ მოხდა, საშვილოსნოს გარსი ჩამოიფცქვნება და გამოიდევნება ვაგინიდან. ამას მენსტრუაცია ეწოდება, ის დაახლოებით 5-7 დღე გრძელდება და მეორდება დაახლოებით ყოველ 28 დღეში. მენსტრუალური ციკლის სიგრძე განსხვავდება ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებს შორის.

საშვილოსნოს ზედა ნაწილის ორივე მხრიდან გამოდის ორი საშვილოსნოს მილი, იგივე ფალოპის მილი (ან ფალოპის ლულა), რომლებიც საშვილოსნოსთან აკავშირებენ საკვერცხეებს.

საკვერცხეები პატარა, ნუშის ფორმის ორგანოებია, რომლებიც საშვილოსნოს ორივე მხარეს მდებარეობს. ისინი დაკიდებულია იოგებზე, რომლებიც ფალოპის მილებსა და საშვილოსნოს კედელს უკავშირდება.

დაბადებისას საკვერცხე შეიცავს დაახლოებით 1 მილიონ ოოციტს, ანუ კვერცხუჯრედს. როდესაც ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანი სქესობრივ მომწიფებას გადის, მისი კვერცხუჯრედები მომწიფებას იწყებს, როგორც წესი, ერთ ჯერზე თითო (თუმცა ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმეც მწიფდება), და ერთ-ერთი საკვერცხიდან გამოთავისუფლდება შესაბამის ფალოპის მილში, რომლითაც ის საშვილოსნოსკენ მიემართება პოტენციური განაყოფიერებისთვის. ამ პროცესს ოვულაცია ეწოდება. მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ დაახლოებით 500 კვერცხუჯრედი განიცდის ოვულაციას, სხვები კი მოუმწიფებელი რჩება.

კვერცხუჯრედები ასევე აწარმოებენ ჰორმონებს — ესტროგენსა და პროგესტერონს. ეს ჰორმონები საკვანძო როლს ასრულებენ რეპროდუქციული სისტემისა და მენსტრუალური ციკლის რეგულაციაში.

ჩვეულებრივ, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილის გავლით მიდის საშვილოსნოში, სადაც ის საშვილოსნოს კედელში მაგრდება, რათა განვითარდეს. როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეცდომით ფალოპის მილშივე მაგრდება, ამას ექტოპიური (საშვილისნოსგარე) ორსულობა ეწოდება.

► საშვილოსნოსგარე ორსულობა ძალიან სახიფათოა — ფალოპის მილი შეიძლება გასკდეს, რასაც მოჰყვება შინაგანი სისხლდენა, შოკი და სისხლის სერიოზული დანაკარგი. ამ დროს ვერც მშობელს და ვერც ნაყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება.

პერინეუმი (შორისი). პერინეუმი არის უბანი ვაგინის შესასვლელსა და ანუსს შორის.

წყარო: WomanLog

ძუძუები

მშობიარობის შემდეგ იწყება ლაქტაცია — ძუძუებიდან რძის გამოყოფა ახალშობილისთვის.

  • ძუძუსთავი (კერტი). ძუძუსთავი არის ამოზნექილი, მომრგვალო უბანი ძუძუს ზედაპირზე, სადაც მდებარეობს რძის სადინარის ბოლო. ძუძუსთავებს ბევრი ნერვული დაბოლოება აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ასევე ეროგენული — სექსუალური აღგზნების მომტანი — უბნებია. ძუძუსთავები ყოველთვის ამოშვერილი არ არის. ზოგ ადამიანს ჩაბრუნებული ან ბრტყელი ძუძუსთავები აქვს.

  • არეოლა. არეოლა არის წრიული, პიგმენტირებული (შეფერადებული) უბანი, რომელიც ძუძუსთავს არტყია გარს. მისი ზომები განსხვავდება ადამიანებს შორის. არეოლა შეიცავს პატარა ჯირკვლებს — მონტგომერის ჯირკვლებს — რომლებიც გამოყოფენ ლუბრიკაციას (სისველეს), რათა ძუძუსთავი არ გამოშრეს, განსაკუთრებით ძუძუთი კვების დროს.

  • ძუძუ. თვითონ ძუძუ შედგება ცხიმისგან, კუნთისგან და იოგებისგან, ასევე სისხლძარღვებისა და ჯირკვლების ჩახლართული ქსელისგან. ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანებში ეს სტრუქტურები სპეციალიზებულია ძუძუთი კვებისთვის.

ძუძუები დიდწილად ცხიმისგან შედგება; ცხიმის რაოდენობა (სხეულის მასისა და გენეტიკის კომბინაცია) განსაზღვრავს ძუძუს ზომას. მიუხედავად ამისა, ძუძუს ზომას არ აქვს კავშირი იმასთან, თუ რა რაოდენობის რძის წარმოება შეუძლია ადამიანს.

► ძუძუებს არ აქვთ კუნთოვანი ქსოვილი. კუნთები ძუძუების ქვემოთაა და მათ ნეკნებისგან გამოყოფს.

ქალის რეპროდუქციული სისტემის მქონე ადამიანების ძუძუს ქსოვილი მგრძნობიარეა ჰორმონალური დონეების ციკლური ცვლილებების მიმართ და უმეტესობისთვის ძუძუს ქსოვილი ასაკთან ერთად იცვლება.

თითოეულ ძუძუში არის სექციები, წილაკები, რომლებიც ძუძუსთავიდან გამოდის. თითოეული წილაკი შეიცავს რამდენიმე ციცქნა ღრუ ტომსიკას, იგივე ალვეოლს, რომლებშიც წარმოიქმნება რძე. ალვეოლები ერთმანეთთან დაკავშირებულია ციცქნა, წვრილი მილების, სადინარების, ქსელით. ძუძუთი კვების დროს ამ სადინარებს რძე ალვეოლებიდან არეოლისკენ გადააქვს, სადაც ისინი უფრო დიდი ზომის სადინარებში ერთიანდება და ძუძუსთავიდან გამოდის. როდესაც ბავშვი ძუძუს წოვს, ეს ასევე ასტიმულირებს სისხლში პროლაქტინის დონეს, რომელიც, თავის მხრივ, ასტიმულირებს რძის წარმოებას ალვეოლებში.

► ყურადღება! ქალის ანატომიის მქონე ყველა ადამიანმა რეგულარულად უნდა გაიაროს შემოწმება ძუძუებზე, რათა დაფიქსირდეს ყველა ცვლილება, რომლებიც პოტენციურად შეიძლება კიბოს ადრეული სიმპტომები იყოს. თქვენს ექიმსა თუ გინეკოლოგს შეუძლია გაჩვენოთ, როგორ უნდა გააკეთოთ ძუძუს თვითშემოწმება, რათა ეს თქვენი ჯანმრთელობის რუტინაში დანერგოთ!

► იხილეთ აგრეთვე: ძუძუს კიბო — გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: WomanLog

მსგავსი სტატიები

შერცხვენა სიმსუქნის გამო, Fat Shaming, წონა, დაცინვა, ბულინგი

შერცხვენა სიმსუქნის გამო და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

რას ნიშნავს შერცხვენა სიმსუქნის გამო და რა გავლენა აქვს ამ ტიპის ქცევას ადამიანებზე? — ჭარბი წონის გამო ადამიანების დაცინვა, გარიყვა და ათვალწუნება

ჩემი სხეული
სილამაზის სტანდარტები, ფემინიზმი, ქალები, ბულინგი

ვიზუალურ სტანდარტებთან ბრძოლა — ფემინიზმის ანბანი

სხვადასხვა დროსა და ხალხში განსხვავებული წარმოდგენები არსებობდა იმის შესახებ, თუ რა არის სილამაზე და როგორია ქალის იდეალური სხეული. ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქალი ამ სტანდარტებს, ხშირად მისი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელიც კი არის.

ჩემი სხეული
ქალები, თმა, გაპარსვა, ეპილაცია

რატომ იშორებენ ქალები თმას?

სხეულიდან თმის მოშორება ქალებისთვის ხშირად შხაპის რუტინის სტანდარტული ნაწილია. თუმცა, იყო დრო, როცა ეს პროცესი საერთოდაც არ მიიჩნეოდა ნორმად და მის კულტურულ ევოლუციას თავისი ისტორია აქვს.

ჩემი სხეული
შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

ქალის სხეული და რეპროდუქციული ანატომია — რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია