Facebook Script

1960-80 წლების სექსუალური რევოლუცია

03 ოქტომბერი, 2021 | საკითხავი

„სექსუალური რევოლუციის“, იგივე სექსუალური გათავისუფლების პერიოდის, სახელით 1960-80 წლებში ამერიკასა და ევროპაში მიმდინარე იმ პროცესებს მოიხსენებენ, რომელმაც სექსუალობასთან დაკავშირებული ტრადიციული ნორმები და ხედვები ძირფესვიანად შეცვალა. 

ძირითადი იდეა, რომელსაც სექსუალური გათავისუფლების მოძრაობა ატარებდა, ტრადიციული მორალისგან, რელიგიისა და სახელმწიფოსგან დათრგუნული ეროტიკისა და სექსუალობის  ნორმალიზება იყო.

სექსუალური რევოლუციის მომხრეებს მიაჩნდათ, რომ სოციალური, სამედიცინო, სამართლებრივი, იდეოლოგიური, რელიგიური და ესთეტიკური სისტემები სექსუალურ ცხოვრებაში დაწესებული ლიმიტებით საზოგადოებაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობდნენ.  სწორედ ამიტომ, სექსუალური რევოლუცია დაეფუძნა იდეას, რომ ბრძოლა სექსუალური გათავისუფლებისთვის იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი სოციალური ემანსიპაციისთვის. ამ მოძრაობამ მიზნად დაისახა, ინსტიტუციების შექმნა, კანონებისა და რეგულაციების შეცვლა, ცოდნის წარმოება, და მენტალიტეტის ცვლილება არარეპროდუქციული, ქორწინების გარეთ არსებული სექსუალური ცხოვრების მიმართ. 

გარდა ქორწინებამდე სექსის ნორმალიზებისა, ამ პერიოდში შემდეგი საკითხებიც იდგა დღის წესრიგში:

♦ ორალური კონტრაცეფციის მოხმარების შესაძლებლობა;

♦ საჯარო სიშიშვლის ნორმალიზება;

♦ პორნოგრაფიის ლეგალიზაცია;

♦ ჰომოსექსუალიზმისა და ჰომოსექსუალური ურთიერთობების ნორმალიზება;

♦ მასტურბაციის ნორმალიზება;

♦ გენდერისა და სექსუალობის მრავალფეროვნების აღიარება;

♦ აბორტის ლეგალიზაცია.

ფოტო: Getty Images

შედეგად, სექსუალური რევოლუციის პერიოდი მართლაც რევოლუციური აღმოჩნდა და დიდი ცვლილებები მოიტანა მენტალიტეტში, ღირებულებებში ცოდნასა და ქცევაში სექსუალობასთან მიმართებით. ეს ყველაფერი კი იმის გააზრებაზე იდგა, რომ სექსუალური სიამოვნება კმაყოფილების ერთ-ერთი წყაროა, რომელიც ყველა ზრდასრულ ადამიანს სჭირდება.

ფემინიზმი და სექსუალური რევოლუცია

სექსუალური რევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი იმ დროისთვის რადიკალური კონცეფცია იყო — რომ ქალები, ზუსტად კაცების მსგავსად, იღებდნენ სექსისგან სიამოვნებას და ჰქონდათ სექსუალური მოთხოვნილებები. მიუხედავად იმისა, რომ დაუოჯახებელი კაცისთვის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება ნორმა გახლდათ, იდეა, რომ ქალებსაც იმავენაირად ეცხოვრათ, ბევრი ამერიკელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. 1966 წელს ჟურნალმა „U.S. News and World Report” შემდეგი კითხვა დასვა კონტრაცეფციულ აბებთან მიმართებით: “არის თუ არა აბები ლიცენზია გარყვნილებისთვის? შეუძლია თუ არა მას ახალგაზრდა ქალების სექსუალურ ანარქიამდე მიყვანა?” 

ქალები პროტესტზე

ქალები პროტესტზე, 1970-იანი წლები

კონტრაცეფციული აბების წინააღმდეგ კონსერვატიული შემოტევების საპასუხოდ, აბების შემქმნელებმა, ჯონ როკმა და გრეგორი პინკუსმა იმის მტკიცება დაიწყეს, რომ ტექნოლოგია არ განსაზღვრავს ქცევას. მართლაც, კვლევებმა აჩვენა, რომ დაუქორწინებელ ქალებს სექსი აბების შექმნამდეც ჰქონდათ. ისინი უბრალოდ თავდაცვის ალტერნატიულ, ნაკლებად ეფექტურ, ხერხებს მიმართავდნენ. აბები კი მათ სექსუალურ ცხოვრებას მეტად უსაფრთხოს ხდიდა.

ფემინისტები ამტკიცებდნენ, რომ ქორწინებაში არმყოფ ქალს ისევე ჰქონდა სექსუალური სურვილები, როგორ დაქორწინებულს და უნდა ჰქონოდა იგივე სექსუალური თავისუფლებები, როგორიც ყველა სხვას სოციუმში. ფემინისტებისთვის სექსუალური რევოლუცია ქალების სექსუალური გაძლიერებისა და გათავისუფლებისთვის ხდებოდა.

მედიცინა, მეცნიერება და სექსუალური რევოლუცია

1960-80 წლებში მედიცინამ და მეცნიერებამ შეწყვიტა კათოლიკური ეკლესიის მორალის მიხედვით საქმიანობა და დაიწყო არარეპროდუქციული სექსუალური ცხოვრების ხელშემწყობი იდეების განხორციელება. 

შედეგად:

♦ 1966 წელს, ამერიკელმა სექსოლოგებმა უილიამ მასტერსმა და ვირჯინია ჯონსონმა წიგნში „ადამიანის სექსუალური რეაგირება“ აჩვენეს, რომ ორგაზმი ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც ფიზიოლოგიურად ბუნებრივი ფენომენია. 

ფოტო: Hulton Deutsch/Corbis via Getty

♦ სექსოლოგმა ჰარი ბენჯამინმა თავის სამედიცინო ნარკვევში, „ტრანსსექსუალობის ფენომენი”, დაასაბუთა ჰორმონალური და ქირურგიული ჩარევის გზით ბიოლოგიური სქესის შეცვლის შესაძლებლობა. 

♦ 1971 წელს მასტურბაცია ნორმალურ და ბუნებრივ ქმედებად იდენტიფიცირდა ექიმ ჟან კარპენტერის მიერ პამფლეტში „ვისწავლოთ სექსი“ (Apprenons à faire l’amour).

♦ 1973 წელს ჰომოსექსუალობა ამოღებულ იქნა ფსიქიკური დაავადებების კლასიფიკაციიდან ჩრდილოეთ ამერიკაში. 

საკანონმდებლო სისტემა და სექსუალური რევოლუცია

სექსუალურმა რევოლუციამ მედიცინისა და მეცნიერების გარდა საკანონმდებლო სისტემაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა:

ფოტორეპროდუქცია: გაზეთ „New Haven Register-ის“ ყდა 1965 წლის 8 ივნისს — ესტელ გრიზვოლდი და ერნესტ იანკე (კონექტიკუტის ოჯახის დაგეგმვის ლიგის პრეზიდენტი) ზეიმობენ სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეზე „გრიზვოლდი კონექტიკუტის შტატის წინააღმდეგ“

♦ 1960 წელს „სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ“ ლიცენზია მისცა კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივს, რომლის მოხმარებაც 1961

♦ წლიდან გახდა შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ ქორწინებაში მყოფი ქალებისთვის.

♦ 1965 წელს სასამართლო დავამ „გრიზვოლდი კონექტიკუტის შტატის წინააღმდეგ” არაკონსტიტუციურად ცნო დაუქორწინებელი ქალებისთვის კონტრაცეფციის აკრძალვის კანონი და ეს ადამიანის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევად მიიჩნია.

გარდა ამისა, 1960-70 წლებში კონტრაცეპტივების მომხრეთა მოძრაობა ადვოკატირებას უწევდა აბორტის ლეგალიზებასაც. ისინი თავდაცვის საშუალებებზე ინფორმაციას ავრცელებდნენ და სახელმწიფოს საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებებს სთხოვდნენ.

„გრიზვოლდი კონექტიკუტის შტატის წინააღმდეგ” დავამ გარდამტეხი როლი ითამაშა იმაშიც, რომ აბორტის გაკეთება ნებისმიერ ქალს შესძლებოდა და კონტრაცეპტივებით არასრულწლოვანებსაც ესარგებლათ. ამ დავამ ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია LGBTQI+ თემის უფლებებსა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების უფლების მოპოვებაზეც. 

♦ 1968 წელს, თეირანში გამართული გაეროს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონფერენციაზე რეპროდუქციული უფლებების საკითხი დადგა დღის წესრიგში. აქ მიღებული ოფიციალური დეკლარაცია იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც რეპროდუქციულ უფლებებს ცნობდა. დოკუმენტში ვკითხულობთ: „მშობლების საბაზისო უფლებაა, თავისუფლად და პასუხისმგებლობის გააზრებით მიიღონ გადაწყვეტილება შვილების რაოდენობასთან დაკავშირებით.” 

განათლება და სექსუალური რევოლუცია

მე-20 საუკუნის სექსუალური რევოლუცია საგანმანათლებლო სისტემასაც შეეხო. მიმდინარე პროცესებმა და ცვლილებებმა დიდი კამათი გამოიწვია ამერიკის საჯარო სკოლებში სექსუალური განათლების ირგვლივ. მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ სექსუალური განათლება მოსწავლეებს ქორწინებამდე სექსისკენ მოუწოდებდა, ხოლო ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ სექსუალური განათლება ქალსა და კაცს თანაბარ თავისუფლებას მიანიჭებდა სექსთან მიმართებით.

რელიგიური და კონსერვატიული ჯგუფების წინააღმდეგობის მიუხედავად, 1960-80 წლებში ამერიკის საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა:

♦ სექსუალურ რევოლუციასთან ერთად თინეიჯერების არასასურველი ორსულობის გაზრდილი მაჩვენებლის შესამცირებლად სახელმწიფომ სხვადასხვა ტიპის ამერიკულ საზოგადოებებში 645 სააგენტო დააფინანსა, სექსუალური განათლების პროგრამების განვითარებისთვის.

♦ 1966 წელს SIECUS-მა (Sexuality Information and Education Council of the United States) მიიღო დაფინანსება მასწავლებლებისთვის სატრენინგო მასალის შესაქმნელად.

♦ პრეზიდენტმა ნიქსონმა ხელი მოაწერა საგრანტო პროგრამას, რომელიც ექსკლუზიურად მოხმარდებოდა ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებულ განათლებასა და სერვისებს. სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგად, 1969-76 წლებში იმ თინეიჯერების რაოდენობა, რომლებიც კონტრაცეფციასთან დაკავშირებით იღებდა ინფორმაციას 600%-ით გაიზარდა.

♦ 1971 წელს ნიქსონმა ყველა საჯარო დაწყებითი და საშუალო სკოლისთვის სავალდებულო გახადა სექსუალური განათლების კურიკულუმში ჩასმა. 

♦ პრეზიდენტმა კარტერმა 1978 წელს შეასწორა ნიქსონის საგრანტო პროგრამის პირობები და უპირატესობა მიანიჭა პროგრამის იმ ნაწილს, რომელიც დაუქორწინებელ თინეიჯერებს ეხებოდა.

♦ 1978 წელს „ზრდასრულთა ჯანდაცვის სერვისებისა და არასასურველი  ორსულობის პრევენციისა და ზრუნვის აქტით“ მოხდა აბორტსა და კონტრაცეფციასთან დაკავშირებით კონსულტაციის მიღების ხელშეწყობა და სექსუალური განათლების კურიკულუმში გათვალისწინება.

ფოტო: CORBIS

70-იან წლებში სექსუალური განათლების მიზანი შეიცვალა და აბსტინენციის (სექსისგან თავშეკავების) ნაცვლად სექსთან დაკავშირებული არასასურველი შედეგების (ორსულობის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების) თავიდან არიდების ხელშეწყობა გახდა. გვიანი 70-იანი წლებისთვის საჯარო და კერძო სკოლების 35% აძლევდა მოსწავლეებს სექსუალურ განათლებას. თუმცა შინაარსის მასშტაბები განსხვავდებოდა, ლოკალური საზოგადოების სტანდარტებისა და მსოფლმხედველობის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ 1960-80 წლების სექსუალურმა რევოლუციამ არაერთი გარდამტეხი ცვლილება მოიტანა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სექსუალური გათავისუფლების პროცესი დასრულებულია. დროის გასვლასთან ერთად იცვლება სამყარო, გარემოებები და ის უფლებრივი, სამედიცინო თუ სოციალური საჭიროებები, რომლებიც ადამიანებს დღის წესრიგში უდგათ. სწორედ ამიტომ, სექსუალური რევოლუცია იმ ბიძგად შეგვიძლია აღვიქვათ, რომელმაც არაერთ მიმდინარე და სამომავლო ცვლილებებს დაუდო სათავე.

მთავარი ფოტო: Bettmann / Bettmann Archive

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

1960-80 წლების სექსუალური რევოლუცია

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია