„პოლიტიზირებული საზოგადოების და „წურბელა“ პოლიტიკოსების ქვეყანა“

„პოლიტიზირებული საზოგადოების და „წურბელა“ პოლიტიკოსების ქვეყანა“

რამდენი ადამიანია დასაქმებული პოლიტიკით, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში არ არსებობს. არც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აკეთებს ასეთ ანალიზს. არადა, საქართველო „პოლიტიკოსების ქვეყანაა“, სადაც ყველაზე ადვილი საქმე პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება და ამით ფულის შოვნაა.

პოლიტიკურ პარტიებზე ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა, რაც სამჯერ აღემატება აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა დონის (მთავრობა, მინისტრები და მათი მოადგილეები) ხელფასების წლიურ ფონდს, თავისი პრემიებითა და ე.წ. დანამატებით. 

მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველწლიურად იღებს თითქმის 2.2 მილიონ ლარს, ანუ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებიდან ყოველ მეოთხე ლარს.

როგორც ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი იოსებ არჩვაძე აცხადებს, პოლიტიკაში დასაქმებულ ბევრ პირს პოლიტიკოსები კი არა, „პოლიტიკაში დასაქმებული ცნობადი სახეები“ უნდა ვუწოდოთ. ისინი საკუთარი პრობლემების გადაჭრის ძირითად საშუალებად აღიქვამენ პოლიტიკას. ამით უნდა აიხსნას ის ასტრონომიული ციფრი პოლიტიკური პარტიებისა, რომელიც მცირერიცხოვან საქართველოს ჰყავს. რეალურად, ესაა პოლიტიზირებული საზოგადოება და „წურბელა“ პოლიტიკოსები. შესაბამისად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ადამიანური საქმიანობის, ბიზნესის თითქმის ყველაზე მაღალრენტაბელური დარგი პოლიტიკა და პოლიტიკასთან დაკავშირებული საქმიანობა აღმოჩნდა. ამასთან, გამოვლინდა ერთი უნივერსალური კანონზომიერებაც, რომ ცალკეულ პირებს ბიზნესის საოცარი ნიჭი რატომღაც მხოლოდ მაშინ აღმოაჩნდათ, როცა ხელისუფლებაში მათი ნათესავი, ახლობელი ან მეგობარი იმყოფებოდა.

„ის, რომ პოლიტიკურ პარტიებზე ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა, საქართველოსთვის პატარა ციფრი ნამდვილად არ არის. ჩვენში 180-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული. მართალია, თანხას ყველა პარტიას არ იღებს, მაგრამ რატომ მიდიან პოლიტიკაში, აქ უკვე მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეთიკურ მომენტზე, რამდენად შეესაბამებიან ეს პოლიტიკური პარტიები მათ მიერ დასახულ ამოცანებს. პარტიების ჩამოყალიბების პერიოდი ჯერ კიდევ წინაა საქართველოში და გარდამავალი პერიოდი არა მარტო ეკონომიკას, არამედ პარტიულ აღმშენებლობასაც ეხება. პოლიტიკაში რეალურად დაკავებულთა საშტატო რაოდენობა ჩვენში გაცილებით მეტია, ვიდრე ჭეშმარიტი პოლიტიკის განმახორციელებელი ადამიანების რაოდენობა. მით უმეტეს, საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი საკითხის გადაწყვეტა ხდება არა თბილისში, არამედ ჩვენგან საკმაოდ მოშორებით და ეს სამწუხარო რეალობაა. არ მინდა ისე გაიგონ, თითქოს ვიძლევით სიგნალს - „ცეცხლი შტაბებს“, მაოს რომ ჰქონდა ლოზუნგი კულტურული რევოლუციის დროს, მაგრამ ეთიკური მომენტის მომძლავრებაა საჭირო პოლიტიკაში“, - აცხადებს იოსებ არჩვაძე For.ge-სთან საუბარში და დასძენს, რომ პოლიტიკოსებზე ნაკლებად არც არასამთავროებოები ითბობენ ხელს გრანტებითა და დახმარებით, როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარე წყაროებიდან. ეს თანხა გაცილებით მეტია, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებისას არასამთავრობოები დიდი ენთუზიაზმით არ გამოირჩევიან.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკა თავის რჩენისა და ფუფუნების საშუალება გახდა, რადგან ეს ნიშნავს გარანტირებულ შემოსავალს, ხოლო პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში - გარანტირებულ პენსიას. ასეთი ადამიანი ნაკლებად უყურებს, შეუძლია თუ არა მას პოლიტიკოსობა.

„შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ევროპული გზაა, მაგრამ უნდა შევხედოთ ჩვენს სიტუაციას, 1991 წლიდან მოყოლებული, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი პოლიტიკოსები გვყავდა, რომელთაც რაღაც მართლაც გააკეთეს ქვეყნისა და ხალხისთვის. განა შეიძლება, ის 150 კაცი, რომელიც დღეს პარლამენტშია, ყველა პოლიტიკოსად იწოდებოდეს? უამრავ პარტიასა და მათ თავმჯდომარეებს განა პოლიტიკასთან საერთო აქვთ? ის კი არა, საკრებულოს წევრიც ფიქრობს, რომ ის პოლიტიკოსია და დამსახურება მიუძღვის. ამიტომ, თუ ადამიანის მენტალობა არ შეიცვალა და პოლიტიკაში მართლაც სულით პოლიტიკოსი არ წავიდა, ასე იქნება ყოველთვის. იყო დრო, როცა გასული საუკუნის 40-იან წლებში დიდ ბრიტანეთში, ლორდთა და თემთა პალატაში პარლამენტის წევრები უხელფასოდ მუშაობდნენ, რადგან მათთვის პოლიტიკა სულიერი მოთხოვნილება იყო.

თუ ვამბობთ, რომ ნაცმოძრაობა უარყოფითი პარტია იყო, მაშინ რატომ მაიძულებ, ნაცმოძრაობას თანხები გამოვუყო? ან კიდევ, კოალიციაში შემავალ 1%-იან პარტიას ხელფასი ვუხადო? არ შეიძლება იმპერატიულად ჩვენს მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა წავიდეს ნებისმიერი კვალიფიციური პარტიის დაფინანსებაზე. თუმცა აქ მეორე პრობლემაცაა. ბიუჯეტმა რომ არ დააფინანსოს, ხომ შეიძლება, უცხო დაინტერესებულმა ძალებმა ფული გადაუხადონ და საკუთარი ინტერესები გაატარებინონ ამა თუ იმ პარტიას?!“-აცხადებს პაატა აროშიძე.