მარტვილის მონასტრის წინამძღვარი „ნივის“ ჩამორთმევაზე - გაგიგიათ ხუთი წლით რაიმე გაჩუქონ და მერე უკან წაიღონ? - ეს სასაცილოა

მარტვილის მონასტრის წინამძღვარი „ნივის“ ჩამორთმევაზე - გაგიგიათ ხუთი წლით რაიმე გაჩუქონ და მერე უკან წაიღონ? - ეს სასაცილოა

გაგიგიათ ხუთი წლით რაიმე გაჩუქონ და მერე უკან წაიღონ? - ეს სასაცილოა, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე აბაშის გამგეობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ჭყონდიდის ეპარქიას 2012 წელს გადაცემული ”ნივა” ჩამოართვა.

როგორც იღუმენია თამარ გამყრელიძემ განმარტა, „ნივას“ ჭყონდიდის ეპარქიაში წაჩხურუს მამათა მონასტერი მოიხმარდა, რომელიც მაღალმთიან ადგილზე მდებარეობს.

„წაჩხურუს მთავარანგელოზების ტაძარი სასწაულთმოქმედია და იქ ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს უშვილო წყვილები ღმერთს შვილის ჩუქებას ევედრებიან. ამიტომ უმეტესობა აკვნებით ადის. ხელშეკრულების მიზანი იყო, რომ ავტომობილი შემდგომ მონასტერს გადაცემოდა. თქვენ გაგიგიათ ხუთი წლით რაიმე გაჩუქონ და მერე უკან წაიღონ? - ეს სასაცილოა“, - განაცხადა დედა თამარმა.

ამასთან, მისი თქმით, „ნივა“ძველი იყო და ბოლო პერიოდში მონასტერმა საკუთარი ხარჯებით შეაკეთა.

აბაშის გამგეობამ ჭყონდიდის ეპარქიას, რომელიც აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და რომელსაც მიტროპოლიტი პეტრე ხელმძღვანელობს, 2012 წელს გადაცემული ”ნივა” ჩამოართვა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” აბაშის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა განუცხადა, ავტომობილის ჩამორთმევა ხელშეკრულების ვადის ამოწურვას უკავშირდება.

”აბაშის გამგეობამ წლების წინ გადასცა „ნივა“ საჩუქრად აბაშის და მარტვილის ეპარქიას გამოსაყენებლად, თუმცა ავტომობილი სახელმწიფო ბალანსზე იყო.

5 თებერვალს გაუვიდა ხელშეკრულებას ვადა. მოხდება შეფასება და სავარაუდოდ ისევ დაუბრუნდება უკან ეპარქიას ავტომობილი. საუბარია 2007 წელს გამოშვებულ ავტომობილ ”ნივაზე”, - განაცხადა მამუკა კვიტაშვილმა.

აბაშის გამგებელი კატეგორიულად უარყოფს , რომ ქმედება რაიმენაირად შესაძლოა უკავშირდებოდეს ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებს.

”პეტრე ცაავას განცხადებებს არანაირად არ უკავშირდება. ხელშეკრულება სახეზეა. 2012 წლის 5 თებერვალს 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა და ამ ვადის ამოწურვის გამო მოხდა ავტომობილის უკან დაბრუნება,” - განაცხადა მამუკა კვიტაშვილმა.