„მაესტროზე“ გამწარებული ხელისუფლება სატელიტური თეფშებით მოვაჭრეებს დაერია

„მაესტროზე“ გამწარებული ხელისუფლება სატელიტური თეფშებით მოვაჭრეებს დაერია

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს „მაესტროს“ მიერ შემოტანილი ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია "ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ“ საქართველოში დიდი ოდენობით  ანტენები შემოიტანა. გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ“, - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის განცხადებით, „მაესტროს“ თეფშების დაყადაღება წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მაესტრომ“ დაიწყო ახალი პროექტი, „მაესტრო ყველა ოჯახში“, რომლის ფარგლებშიც ერთი თვის განმავლობაში რეგიონების მოსახლეობას „მაესტროს“ სატელიტური ანტენები შეღავათიანი პირობებით უნდა გადაეცეთ. სავარაუდოდ, ასეთი გადაწყვეტილება „მაესტროს“ ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანია „გლობალ TV“-ს ხელისუფლებამ ორიოდე კვირის წინ დაახლოებით 300 000 სატელიტური ანტენა დაუყადაღა, ვინაიდან ამ მსხვისი საკაბელო ქსელის გავრცელების შეზღუდვით პრობლემები ექმნება „მაესტროსაც“, რომელიც საკაბელო ტელევიზიაა. ამიტომაც მან გადაწყვიტა, საკუთარი სიგნალის გავრცელებაზე თავად ეზრუნა და ამგვარი აქცია წამოიწყო, რაც, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაკა ასათიანმა დააფინანსა. რა თქმა უნდა, მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება „მაესტროს“ ამ პროექტის განხორციელების საშუალებას არ მისცემდა, რადგან ამ სატელიტური ანტენების მეშვეობით რეგიონების მოსახლეობა არა მხოლოდ „მაესტროს“, არამედ ყველა ქართულ არხს, მათ შორის - „მეცხრე არხსაც“ მიიღებდა. ეს კი ხელისუფლებას არანაირად აწყობს.

საზოგადოებაში არსებული ეჭვები გამართლდა, „მაესტროს“ გარშემო განვითარებული მოვლენები ამას ცხადჰყოფს. ამასთანავე, როგორც  for.ge-სთვის გახდა ცნობილი, უკვე რამდენიმე დღეა ე.წ. „ლილო მოლის“ და სხვა სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე სატელიტური ანტენებით მოვაჭრეებს მათი პროდუქციას უყადაღებენ, ხოლო ხელოსნებს, რომლებიც სატელიტური ანტენების და ე.წ. „რესივერების“ დამონტაჟებაზე მუშაობენ, აფრთხილებენ, - „თეფშების“ დამონტაჟება არ გაბედოთ, თორემ პრობლემები შეგექმნებათო. ამის შესახებ ინფორმაცია for.ge-ს ერთ-ერთმა მოვაჭრემ მიაწოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სატელიტურ „თეფშებს“ მთელი ძალით შეუტია და აპირებს, რომ ისინი საერთოდ გააქროს, რათა მოსახლეობამ დამოუკიდებელი ტელეკომპანიების ყურება ვერ შეძლოს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა თეფშების ამოღება უკვე კაფეებიდან და რესტორნებიდანაც კი დაიწყოს, რადგან ყველანაირი თეფშების ეშინია.

მამუკა ღლონტი: „პირველ რიგში, მინდა თქვენი სტატიის მეშვეობით ყველამ გაიგოს, რომ „მაესტროს“ არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ მოვალეობაა საკუთარი სიგნალის გავრცელება, ვინაიდან ჩვენ საკაბელო ტელევიზია ვართ. ეს არის ჩვენი საქმიანობა. თბილისის გარეთ ყველგან სატელიტური თეფშების მეშვეობით ვვრცელდებით. იმაში, რომ ჩვენ ეს თეფშები შემოგვაქვს, საკვირველი არაფერია.

მეორეც - „მაესტროში“ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, რათა სექტემბრიდან ახალ ეთერში გავიდეთ. ამისთვის, შევიძინეთ შენობა, გავარემონტეთ იგი, გავაკეთეთ სტუდიები, შევიძინეთ აპარატურა და ა.შ. ის ინვესტიცია, რაც „მაესტროში“ თეფშების სახით შემოდის, არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რაც ჩვენს ახრზე უკვე გაკეთდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა სურვილი, „მაესტროს“ ახალი ეთერი რაც შეიძლება მეტ მაყურებელს ენახა.

მესამე - პროკურატურა გვაბრალებს, რომ ჩვენ „ელიტა ბურჯის“ დავალებით ვმოქმედებთ, რასთან დაკავშირებითაც ალბათ ექნებათ რაიმე მტკიცებულებები და იმედია, ეს რაღაც დამონტაჟებული ჩანაწერები არ იქნება. მაგრამ როგორც ვიცით, მათ დამამტკიცებელი საბუთები არ სჭირდებათ. ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თავისუფალ მედიაზე შეტევა გრძელდება, დაიწყო ახალი რაუნდი და ხელისუფლებას არ სურს, რომ არჩევნები თანაბარ პირობებში ჩაატაროს. საქართველოს სოფლის მოსახლეობა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს და „იმედს“ უყურებს და არ აქვს იმის საშუალება, რომ ყველანაირი სახის ინფორმაცია მიიღოს, ამდენად, მათ არჩევანის საშუალება არ აქვთ, თუმცა ამის სრული უფლება აქვთ. შესაბამისად, საინტერესოა, როგორ ჩაითვლება ეს არჩევნები თანაბარ პირობებში ჩატარებულად, როდესაც „მაესტროს“ არ აძლევენ საშუალებას გავრცელდეს და მისი უშუალო საქმიანობა განახორციელოს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ანტენები მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად იქნება გამოყენებული...

- როგორ? „მაესტრო“ რომ თეფშს აყენებს, ადამიანმა მასში ფული უნდა გადაიხადოს. „მაესტრო“ თავის სიგნალს ავრცელებს, ხოლო ვისაც თავისი სიგნალის გავრცელება არ სურს, კოდირებულად გააკეთოს იგი, და ეს სიგნალი არ გავრცელდება. ჩვენ კი გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი სიგნალი გავავრცელოთ და რა შუაშია „ელიტა ბურჯი“? მაგალითად „სი-ენ-ენ“-ს არ აქვს ინტერესი, რომ გავრცელდეს? საკაბელოში რომ ვირთვებით, ესეც ამომრჩევლის მოსყიდვაა? მაშინ იქიდანაც გამოგვრთონ. და ბოლოს ერთი კითხვა მაქვს, „ტაბულა“ რომ უფასოდ რიგდება, ეს არის თუ არა არმომჩევლის მოსყიდვა?

რა საპასუხო ქმედებებს მიმართავს „მაესტრო“?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ვიჩივლებთ, მივყვებით ყველა ინსტანციას და წავალთ ევროპის სასამართლოში. საინტერესოა, რას იზამს ხელისუფლება, რომელიც არჩევნების თანაბარ პირობებში ჩატარებას უშლის ხელს?

ეს სასამართლო დავები დიდ დროს მოითხოვს, არჩევნებამდე კი სულ სამი თვეა დარჩენილი...

- სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ შეუძლებელია, რომ ეს არჩევნები თანაბარ პირობებში ჩატარებულად ჩაითვალოს და მას რაიმე ლეგიტიმაცია ჰქონდეს, რადგან საკაბელო ტელეკომპანია „მაესტროს“ არ აძლევენ საშუალებას, თავისი სიგნალი მიიტანოს იმ ადგილებში, სადაც არ უყურებენ არც ერთ არხს, „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ გარდა. ეს უკვე ხელისუფლების თავსატეხია და იმტვრიოს ამაზე თავი. ჩვენ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას ვემხრობით, მხოლოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. სხვათაშორის ეუთოს მონიტორინგის შედეგებით, საქართველოში ყველაზე დაბალანსებული სატელევიზიო არხი არის „მაესტრო“.

ეს ხელისუფლება მედიასთან სასტიკი ბრძოლის მეთოდებით გამოირჩევა. გაიხსენეთ „იმედი“, გაიხსენეთ „202“, გაიხსენეთ „მეცხრე არხი“, გაიხსენეთ „იბერია“ და რა ვიცი კიდევ რამდენი. გაიხსენეთ „მაესტროს“ ლიცენზირების ამბავი, შემდეგ - ეროსი კიწმარიშვილის ისტორია... მაშინვე ვამბობდი, რომ „მაესტროს“ ღობეზე ეროსი კიწმარიშვილი კი არ გადმოძვრა, არამედ ეს მიშა სააკაშვილმა გააკეთა. შეგახსენებთ, რა გააკეთა პოლიციამ, როდესაც არხის გენერალურმა დირექტორმა პატრული გამოიძახა - პოლიციამ თავად არხის გენდირექტორი არ შეუშვა შენობაში.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში მოვაჭრეებს სატელიტურ ანტენებს უყადაღებენ, თქვენ თუ გსმენიათ რამე ამის შესახებ?

- მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ არ გამიკვირდება, ასეთი რამე თუ მოხდა. ასეთი რამ დღეს, 21-ე საუკუნეში ალბათ მხოლოდ საქართველოში ხდება. არც ის გამიკვირდება, რომ თეფშები მაღაზიებშიც დააყადაღონ და საერთოდ კაფეებიდან და რესტორნებიდან დაიწყონ თეფშების ამოღება, რადგან ამ ხელისუფლებას ყველანაირი თეფშების ეშინია“.