ჯიშიანი ცხენები, ძვირად ღირებული ავტოები და იარაღი - საჩუქრად სახელმწიფოს

ჯიშიანი ცხენები, ძვირად ღირებული ავტოები და იარაღი - საჩუქრად სახელმწიფოს

ჯიშიანი ცხენები, ძვირადღირებული ავტომობილები და ცეცხლსასროლი იარაღი - 2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა.

ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სახელმწიფოსთვის გადაცემული საჩუქრების ნუსხას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს.

ოთხი ცხენი სახელმწიფოს შპს "თბილისის იპდრომმა" 2008 წელს აჩუქა. ფასის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ შორის ერთი დანარჩენებთან შედარებით თითქმის სამჯერ ძვირად, 11 250 ლარად იყო შეფასებული.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტაციის მიხედვით, 2008 წლიდან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სახელმწიფოსთვის გადაადგილების უფრო სწრაფი საშუალებების ნებაყოფლობით ჩუქების "სურვილიც გაუჩნდათ".

ნაჩუქარ მოძრავ ქონების ჩამონათვალში მხოლოდ ერთი მოტოციკლია, თუმცა ათეულობით ძვირად ღირებული ავტომობილია, უმრავლეოსობა - ”ტოიოტას” მარკის.

ავტომობილებს სახელმწიფო საჩუქრად არა მარტო ავტოსალონებისგან იღებდა, არამედ ბანკებისგან, ჰიპერმარკეტებისგან, სადაზღვევო კომპანიებისგან, ავიაკომპანიებისგან და ფიზიკური პირებისგანაც.

განსაკუთრებით "გულუხვი" აღმოჩნდა შპს "გუდვილი", რომელმაც სახელმწიფოს 1 675 717 ლარის ღირებულების 49 ერთეული "ტოიოტა" ჰაილუქსის მარკის ავტომობილები უსასყიდლოდ გადასცა. შპს "პლანეტა XXIII"-მა 1 785 988 აშშ დოლარის ღირებულების 77 ავტომობილი გადასცა სახელმწიფოს, ხოლო შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისმა" - 1 453 370 ლარის ღირებულების ავტომობილები.

2 ტოიოტა ჰაილუქსი სახელმწიფოსთვის საჩუქრად "საქართველოს ბანკმაც" ”გაიმეტა”, რომელთა ღირებულებაც 56112.92 ლარს შეადგენდა. სადაზღვევო კომპანია "ირაომ" კი ხუთი "ფოლკსვაგენ პასატი". "ქართული შაქრის" საჩუქარი, ორი "ვაზ 21" - 22400 ლარად ფასდება.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ირაკლი ოქრუაშვილმა 2010 წელს სახელმწიფოს ავტომანქანა "ლენდ როვერი" აჩუქა, რომლის ღირებულებაც 60 000 დოლარი იყო. ავტომანქანა სახელმწიფოს ფიზიკურმა პირმა მიხეილ ჟორჟოლიანმაც აჩუქა. 72119,95 ლარად შეფასებული ავტომანქანა VOLKSWAGEN TOUREG ჟორჟოლიანმა სახელმწიფოს 2008 წელს გადასცა.

როგორც "ამბები.გე"-ს რედაქციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განუცხადეს ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაში მჩუქებელი ფიზიკური პირების მხოლოდ სახელი და გვარია მითითებული, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები მათ შესახებ მოცემული არ არის.

2008-2012 წლებში სახელმწიფომ საჩუქრად უძრავი ქონება და ბიზნეს წილებიც მიიღო. ლიანა ისაკაძემ 2008 წელს სახელმწიფოს ბორჯომში 50 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება "პლატო" აჩუქა.

ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე 4 ფართი, ჯამში 689 კვ. მ. უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. აღნიშნული ფართების საერთო ღირებულებად დოკუმენტებში 930 001 აშშ დოლარია მითითებული. ამავე პერიოდში მეორე ფიზიკურმა პირმა დედაენის პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1095 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართით 1370 კვ.მ. გადასცა სახელმწიფოს. ამ უძრავი ქონების ღირებულება 700 000 ლარია.

რაც შეეხება სამეწარმეო წილებს - აღნიშნულ პერიოდში პანტიკო თორდიამ "თბილავიამშენის" 85,94%, შპს "ჯეოსელის" დამფუძნებელმა პარტნიორმა კომპანიამ კი საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილიდან 2,5% სახელმწიფოს აჩუქა.

კიდევ ერთი საინტერესო  საჩუქარი, რომელსაც სახელმწიფო უხვად იღებდა, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღია. იარაღს ნებაყოფლობით აბარებდნენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებიც.

ყველაზე გულუხვი შპს "მაგნუმია". ყველაზე დიდი რაოდენობით – 110 ერთეული პისტოლეტი სახელმწიფოს შპს "მაგნუმმა" 2009 წელს აჩუქა, თუმცა მანამდე

2008 წელს "მაგნუმმა" ჯერ 11 პისტოლეტი, შემდეგ კი 2 პისტოლეტი "იერიხო-941" გააჩუქა.

შპს "საქართველოს ავიახაზებმა" კი სახელმწიფოს ორი CZ-85, ორი GLOK-17 და ერთი MAKAROVI აჩუქა.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს - ივანე მერაბიშვილმა სახლმწიფოს 5000 ლარად შეფასებული პისტოლეტის სისტემის იარაღი "სტეჩკინი აპს" აჩუქა, ნიკოლოზ კეჩხუაშვილმა - 5000 ლარად შეფასებული მაკაროვი, ხოლო სოსო არჩვაძემ 4900 ლარად შეფასებული პისტოლეტი.

საჩუქრების ყველაზე ნაკლები რაოდენობა სახელმწიფომ 2012 წელს მიიღო. ამ პერიოდში ნაჩუქარი ქონების ღირებულება დოკუმენტებში მითითებული არ არის.