პოლიტიკური მასტურბაცია - მაისაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს

პოლიტიკური მასტურბაცია - მაისაშვილი ხელისუფლებას აკრიტიკებს

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება ეკონომისტი გია მაისაშვილი.

_ ბატონო გია, 2009 წელს, როცა ოთხთვიანი საპროტესტო გამოსვლები რუსთაველის გამზირზე უშედეგოდ დასრულდა, თქვენ განაცხადეთ, რომ ოპოზიცია პოლიტიკური მასტუბრაციითაა დაკავებული. ახლა იმ ოპოზიციის დიდი ნაწილი ხელისუფლებაშია. როგორ შეაფასებთ დღესდღეობით მათ საქმიანობას?
_ ისინი, ფაქტობრივად, დღესაც იმავეს აგრძელებენ. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ათი თვის მანძილზე ბევრი ვერაფერი გაკეთდა. არადა, როცა ერთი საძულველი ხელისუფლება იცვლება ახლით, ამ დროს ხალხში არის ხოლმე უზარმაზარი ოპტიმიზმის განცდა, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებელი ფაქტორია ქვეყნის წინსვლისთვის. ყველა დასავლურ განვითარებულ ქვეყანაში, უწინარესად, ოპტიმიზმის დონეს ზომავენ მოსახლეობაში. ჩვენთან, რასაკვირველია, ამას არავინ აკეთებს, მაგრამ გაზომვის გარეშეც უნდა ვიცოდეთ, რომ არჩევნების შემდეგ მოლოდინები იყო. აი, ამ მოლოდინების გამართლება-არგამართლებაზეა დღეს ბევრი რამ დამოკიდებული და, უპირველესად, ამას უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ ყურადღება...


_ დასავლურ ქვეყნებში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში, ხალხის ოპტიმიზმს ყოველთვის აქვს ხოლმე კონკრეტული საფუძველი. ჩვენთან რა საფუძველი არსებობდა ან არსებობს დღეს?

_ ჩვენთან ეს საფუძველი აბსოლუტურად ზერელე იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, კიდევ ვიმეორებ, ოპტიმიზმი არსებობდა. ძალიან დიდი ფორა ჰქონდა ახალ ხელისუფლებას და უნდა გამოეყენებინა...
საერთოდ, ლიდერმა, ხელმძღვანელმა მკაფიოდ უნდა დაანახოს ხალხს სურათი, სად ვართ და მომავალში სად შეიძლება ვიყოთ. ოღონდ ეს ისე მიმზიდველად უნდა მიაწოდოს მოსახლეობას, რომ თითოეულ ჩვენგანს მოუნდეს ამ «რა შეიძლება ვიყოთ» საქართველოსკენ წასვლა. სხვანაირად ერის მობილიზება ვერ მოხდება, საზოგადოება ერთიან სხეულად ვერ იქცევა. მით უფრო, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია ერთიანი ეროვნული გეგმა იმისა, თუ რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და როგორ მივაღწიოთ მას. სხვათა შორის, ზუსტად ამის ჩამოყალიბება იყო ახალი ხელისუფლების პრიორიტეტიც. მე ერთი წლის წინ ვუთხარი კიდეც ბიძინას, თუ მოლოდინს არ გაამართლებ, ყველაფერი, ყველა ჩანაფიქრი და საქმე, რომელთაც აპირებ, ჩაგეშლება-მეთქი. მერე, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ იგივე ხალხი, იგივე ადამიანები, რომლებიც ოპოზიციაში უმაქნისები იყვნენ, აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში.

_ და ამით რა მივიღეთ?
_ თუ ერთ ამპლუაში უმაქნისი ხარ, მეორე ამპლუაში უცებ მაქნისი ვერ გახდები. იმის თქმა მინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ოპოზიციაში იყვნენ პოლიტიკური მასტურბაციით დაკავებულნი, ახლა ხელისუფლებაში აკეთებენ იმავეს. განსხვავება მხოლოდ ერთია: დღეს მათი ეს თამაში ბევრად უფრო სახიფათოა ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ახლა ისინი სახელმწიფოს მმართველობის სათავეში დგანან.

_ 1 ოქტომბრის შემდეგ დაწყებულ სამართლებრივ პროცესზე რას ფიქრობთ, რამდენად ობიექტურად მიმდინარეობდა ის და თუ არ მიმდინარეობდა, რა არის ამის მიზეზი?_ პოტენცია. იმპოტენტი მასტურბაციითაა დაკავებული და, ვისაც მაღალი პოტენცია აქვს, ის _ სიყვარულის აქტით. ახლა ეს პოლიტიკურ ენაზე რას ნიშნავს: იმისათვის, რომ შენ აღადგინო სამართლიანობა, ამას ათი თვე არ სჭირდება. ხოლო თუ პროცესს წელავ, ეს უკვე დანაშაულია.

_ იქნებ ამ პროცესის გაწელვა კადრების ნაკლებობითაა გამოწვეული?
_ გამოსავალი ასეთ შემთხვევაშიც არსებობს. მაგალითად, როგორც სამხრეთ აფრიკაში მოხდა, როცა ნელსონ მანდელა მოვიდა და თეთრებისა და შავების შერიგების კომისია შეიქმნა, ასევე შეიძლებოდა აქაც. უნდა ჩამოგვეყვანა მსოფლიო დონის ევროპელი, ამერიკელი გამომძიებლები და მათ გვერდით ჩამოგვეყალიბებინა ქართველ ახალგაზრდა გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მიიღებდა შესაბამის კვალიფიკაციას. აი, ასე წარიმართებოდა ეს პროცესი დეპოლიტიზებულად, ღიად და რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც სულ სხვა გზით წავიდა...

_ გასაგებია, მაგრამ ის ამერიკელები და ევროპელები, თქვენ რომ ახსენეთ, გამუდმებით საუბრობენ პოლიტიკურ დევნაზე. თუნდაც ნორლანდის ბოლოდროინდელ განცხადებები ამის ნათელი მაგალითია.
_ მე მათზე არ ვლაპარაკობ. ამ როლანდის და მისი წინამორბედის, ბასის, ქმედებებიც პირდაპირ გულისამრევია. შერიგების კომისია რომ ვახსენე, მხედველობაში მყავდა მსოფლიო კლასის ავტორიტეტული იურისტები და გამომძიებლები, რომლებსაც არც ერთი ქვეყნის მთავრობასთან კავშირი არ აქვთ. მაგათ გაკეთებულ დასკვნას უკვე, მერწმუნეთ, ვერც ნორლანდი, ვერც ბასი და ვერც მამაძაღლი ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. ასე რომ, ბევრად უფრო სწრაფად წარიმართება პროცესი.

_ მაშინ რა უშლის ხელს ხელისუფლებას, რომ მოიწვიოს ეს ხალხი?
_ ამაზე მათ უნდა გიპასუხონ, მაგრამ, საერთოდ, იმდენად უვიცია ეს ხელისუფლება, რომ ლამის ფიანდაზად გაეფინოს ევროპელებსა და ამერიკელებს. ამით საზოგადოებაში საკუთარი თავისადმი რწმენას, პატივისცემას მთლიანად ანადგურებს, ხალხს მონურ აზროვნებას აჩვევს...

_ პარლამენტმა, დასავლეთის საამებლად, საგარეოპოლიტიკური კურსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციაც მიიღო.
_ ეს «ნაცმოძრაობის» მოთხოვნით გაკეთდა, თავიანთ პოლიტიკურ ორიენტაციას გაუსვეს ვითომ ხაზი. სინამდვილეში კი ვინ იყო სააკაშვილი? _ ბუშის მონა. რასაც იქიდან ეტყოდნენ და უბრძანებდნენ, კუდის ქიცინით ასრულებდა ყველაფერს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ნორლანდები და ბასები კი არა, ის ღირებულებები უნდა მოგვწონდეს, რომლებზეც დგას ცივილიზებული დასავლეთი. რაც შეეხება რუსეთს, მათთანაც გარკვეული არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს, რაც ჩვენთვისაა საზიანო. მე არ მინდა რუსეთს განვიხილავდე, როგორც მტერს, და არ მინდა, მასთან ვიყო, როგორც მონა. ორივე მიდგომა ჩვენთვის დამღუპველია და თვითონ კრემლსაც უქმნის ამგვარ პრინციპებზე აგებული ურთიერთობა დისკომფორტს, ამიტომ ეს მომგებიანი არავისთვისაა.

_ დღეს ბევრს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგი შეუძლებელია.
_ შეუძლებელი, იცით, რა არის? რომ ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ქვეყანა, რომელსაც ბევრი ბუნებრივი სიმდიდრე არ გააჩნია, რუსეთისთანა უზარმაზარ სახელმწიფოსთან ჭიდილით წინ წავიდეს. რა თქმა უნდა, ურთიერთობა მოსაგვარებელია და, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ეს არ გვჭირდება ან შეუძლებელია, მას, უბრალოდ, არ ესმის, რა გეოპოლიტიკურ რეალობაში იმყოფება დღეს საქართველო.

_ რა გზით წარმოგიდგენიათ თქვენ კრემლთან საერთო ენის გამონახვა?
_ უპირველესად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ ქვეყნის ისტორია, მისი ამოცანები და მიმართულება. რუსეთისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია სასაზღვრო ზოლის დაცვა, ამიტომ ის თუ აქ დაინახავს მტრულ ძალას, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს, უკბინოს მას და ამისთვის ხან დაღესტანს აქეზებს, ხანაც ჩერქეზების გენოციდის აღიარებით მანიპულირებს, რასაკვირველია, დიალოგი არ გამოვა.

_ მედვედევმა განაცხადა, რომ ის ნატოს გაფართოებაში რუსეთის საფრთხეს ხედავს.
_ მერე რატომ გიკვირთ?! ის საკუთარი ინტერესებიდან ამოდის. ზუსტად ამიტომ უნდა დაარწმუნოს საქართველომ რუსეთი, რომ ჩვენ მათი მტერი კი არ ვართ, არამედ გვინდა, ისეთი ფორპოსტი შევქმნათ აქ, რომელიც მათი სამხრეთი ზონის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

_ ჩერქეზების გენოციდი ახსენეთ. თქვენი აზრით, ეს შეცდომა იყო?
_ რასაკვირველია. შეცდომა კი არა, დანაშაული იყო ჩვენი ქვეყნის წინაშე. ადამიანურად ეს ყველას გვესმის, შეგვიძლია, თანავუგრძნოთ იმ ჩერქეზებსა და ინგუშებსაც, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურს ამის უფლება არ აქვს. შენ როცა ქვეყნის საჭე გაბარია და ხალხის ბედი გიპყრია ხელთ, იმდენი უნდა გესმოდეს, რომ ასეთი სისულელე არ გააკეთო.

_ ხელისუფლების შეცვლიდან მეთერთმეტე თვე მიდის და საზოგადოებაში უკვე შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობენ. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ხნის მანძილზე მეტის გაკეთება შეიძლებოდა?
_ ერთის მხრივ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ამ ხელისუფლებას წინამორბედმა, მაგრამ ეს, რასაკვირველია, უმოქმედობის გამართლება არაა. ვფიქრობ, «ოცნება», მინიმუმ, ორჯერ უფრო ქმედითი მაინც უნდა გახდეს, რომ შეძლოს იმ ამოცანების შესრულება, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ერისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაპირებები დაპირებებად დარჩება.

_ დასასრულ, კონკრეტულად ჩამოვაყალიბოთ, _ რა ამოცანების წინაშე დგას დღეს ხელისუფლება.
_ უწინარესად, ერი უნდა დავრაზმოთ და ვუთხრათ, რომ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია, 12-დან 14-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ასევე უნდა შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო სისტემა, რომ ათ წელიწადში მოვხვდეთ ათ ყველაზე განათლებულ ერთა შორის. სხვა შემთხვევაში ჩვენ გადარჩენის შანსი არ გვაქვს და, რაც უფრო ადრე მივხვდებით ამას, ჩვენთვისვე იქნება უკეთესი.

_ რამდენად არის დღეს ხალხი მზად ამის მისაღწევად?
_ ხალხი ბევრი რამისთვის არის მზად და ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი სოლიდარობის საზოგადოება, რომელშიც შენ და მე «სხვისი ჭირი _ ღობის ჩხირის» პრინციპით არ ვიმოქმედებთ. იმედს ვიტოვებ, რომ ახალ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, წინამორბედის საბედისწერო შეცდომები არ გაიმეოროს.