საახალწლო რჩევები

საახალწლო რჩევები

ხალხში გავრცელებულია გამოთქმა, რომ ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელს ისე გაატარებო. ამ სადღესასწაულო დღეებისათვის მართლაც რომ განსაკუთრებულად ვემზადებით და მის დადგომას ყოველთვის მომავალ სასიკეთო ცვლილებებს ვუკავშირებთ.

მაინც როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს და რა საჭირო ნაბიჯები გადავდგათ? ფსიქოლოგები და პარაფსიქოლოგები რამდენიმე განსაკუთრებულ რჩევას გვთავაზობენ.

უპირველეს რიგში საჭიროა, რომ საკუთარი ბინა გავაკრიალოთ. ამ დარგის სპეციალისტები რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ საქმიანობას აუცილებლად 31 დეკემბრის დილას შევუდგეთ. ბინა ძველი ცოცხით უნდა დავგავოთ. შუადღისას ცოცხი სახლიდან რაც შეიძლება შორს უნდა გადავაგდოთ, მისი შემცვლელი კი შესასვლელ კართან, კუთხეში მოვათავსოთ. ეს იმიტომ კეთდება, რომ ოჯახში ფული შემოვიდეს.

საახალწლო სუფრას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. აუცილებელი ატრიბუტი თხილი და თაფლია, რომლებსაც ოჯახისათვის ბარაქა და სიმდიდრე მოაქვს. ასევე მისასალმებელია, თუ სუფრაზე დააწყობთ ფორთოხალს. ფორთოხალი ჩინელებისათვის მატერიალური უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა.

ყურადღებით შეარჩიეთ სათანადო მეკვლე. თუ პირველი სტუმარი წარმატებული ადამიანი აღმოჩნდება, თქვენს ოჯახს მთელი წელი წინ სვლა გარანტირებული ექნება. მომავალი წლის ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭიროა რომ ახალი წლის ღამეს მთვარეს მსხვილი ფული ვუჩვენოთ. ეს ცოტა არ იყოს სარისკო რიტუალია, რადგან ფული მხოლოდ ახალ მთვარეს უნდა დავანახოთ, რომელიც შევსებული ჯერ არ არის.

პარაფსიქოლოგები კატეგორიულად გვიკრძალავენ ახლობელ-მეგობრებისათვის ალკოჰოლური სასმელების ჩუქებას. ამ სახის საჩუქარი თურმე ოჯახის წევრ “ძლიერი სქესის” წარმომადგენლებზე უარყოფითად მოქმედებს და ერთგვარი ჯადოს ფუნქციასაც ასრულებს.

ახალი წლის პირველ დღეს აკრძალულია დაულაგებელი სახლით შეხვედრა, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში თქვენს სახლში ქაოსი და არეულობა იქნება.

პირველი იანვრისათვის მრავალ ტკბილეულობას ვამზადებთ. მაინც შეეცადეთ, რომ სუფრა საკუთარი ხელით გამომცხვარი თაფლაკვერებით გაამდიდროთ, რადგან ეს კულინარიული ნაწარმი მთელი წლის განმავლობაში ბოროტი ძალების გავლენისაგან დაგიცავთ.

ნაძვის ხის გაწყობაზე ადვილი არაფერი არ არის, მაგრამ თურმე მასაც საკუთარი ფილოსოფია გააჩნია. ბოლო პერიოდში, ევროპაში აპრობირებული გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ თურმე ნაძვის ხის გაწყობის რამდენიმე წესი არსებობს.

მონო ნაძვის ხე - ნაძვის ხე, რომელიც მხოლოდ ერთი ფერისა და ზომის ბურთებითაა მორთული. დაგჭირდებათ ბურთებისგან განსხვავებული ფერის “წვიმები”.

შოტლანდიელი - სახელწოდებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ უამრავი კუბოკრული ნაჭერი დაგჭირდებათ, განსაკუთრებით ლენტები.

რეტრო - წინაპრების ტრადიციები გაიხსენეთ და ნაძვის ხე კანფეტებით, ვაშლებითა და მანდარინებით მორთეთ. თუ ბებიების შემორჩენილი სათამაშოებიც შემოგრჩათ, ნაძვის ხე კიდევ უფრო დამშვენდება.

ალტერნატივა - ეს ერთდროულად ადვილი და ამავდროულად რთული სტილია. ამ შემთხვევაში საკუთარ ფანტაზიას უნდა დაეყრდნოთ და სათამაშოების ნაცვლად შეგიძლიათ ხელით ნაქსოვი წინდები დაკიდოთ, ან სულაც ბურთების ნაცვლად ხე დიდ საოჯახო ფოტოალბომადაც გადააქციოთ და მის ტოტებზე ახლო ნათესავების სურათები ჩამოკიდოთ. მერწმუნეთ, რომ თქვენი საახალწლო ნაძვის ხე, მართლაც რომ ყველაზე ორიგინალური აღმოჩნდება.

ალბათ ყველას გაინტერესებთ, მომავალი წელი თქვენთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება თუ არა. ამისათვის გთავაზობთ მარჩიელობის ერთ ორიგინალურ წესს, რომელიც შეიძლება ახალი წლის ღამეს გამოიყენოთ.

მოამზადეთ ერთი ზომის 40 პატარა ფურცელი და ისინი ორ ნაწილად გაყავით. ერთ ნაწილს დააწერეთ ფულის ნომინალები ( 1, 2, 5, 10 ლარი), მეორე ნაწილი კი ცარიელი დატოვეთ. ყველა ფურცელი ერთნაირად დაკეცეთ და პატარა ტომარაში მოათავსეთ. შემდეგ კარგად აურიეთ. ჩაყავით მარჯვენა ხელი და რაც შეიძლება ბევრი ქაღალდი ამოიღეთ. თუ ამ გროვაში უფრო მეტი ფულის ნომინალი ქაღალდებია, 2014 წელი ფინანსურად მომგებიანი და წარმატებული გექნებათ.

ჩვენს ქვეყანაში მრავალი სუპერმარკეტი და ფეშენებელური მაღაზიაა, რომლებიც საახალწლოდ საჩუქრების დიდ არჩევანს გვთავაზობენ.

აშშ-ში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს საშობაო-საახალწლო ყველაზე სულელური ნივთების სია და ვინაიდან ოკეანისგაღმული საქონელი ჩვენთვის უცხო ხილი არ არის, ამ ნუსხას შეძლებისდაგვარად გაგაცნობთ.

უაზრო საჩუქრების ჩამონათვალში აღმოჩნდა გოლფის სათამაშო ნაკრები ტუალეტისათვის, სახეჭი რეზინი ვასაბის გემოთი, ნაკრები მამაკაცის ქვედა საცვლის შესაკეთებლად, ღვინის გასახსნელი ბარაკ ობამას გამოსახულებით, ჰალსტუხი ზედ მიკერებული მისი შეკვრის ინსტრუქციით, ძაღლის ფეკალიებით ილუსტრირებული კალენდარი.

თუ ამ სახის საჩუქრებს თბილისის მაღაზიებში წააწყდებით, გირჩევთ რომ არ შეიძინოთ, რადგან ამერიკელებმა თავის დროზე სასტიკად დაიწუნეს. თუმცა საქართველოში მაინც სხვა მენტალიტეტის ხალხი ცხოვრობს და მაგალითად “სტრიპტიზიორების მაღვიძარა” თქვენი ახლობლებისათვის შეიძლება რომ მართლაც ჩინებული საახალწლო საჩუქარი აღმოჩნდეს.