უკანასკნელი ცნობები “ქურდული სამყაროდან”

უკანასკნელი ცნობები “ქურდული სამყაროდან”

“ქურდული სამყარო” და “ქურდული მენტალიტეტი” საბჭოური გადმონაშთია - სწორედ სტალინისეულ გულაგებსა და საპატიმროებში ჩამოყალიბდა ,,კანონიერი ქურდების” კასტა, რომელმაც შემდგომ წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საფინანსო-საკრედიტო, ენერგეტიკის, მშენებლობის სფეროებსა და თითქმის ყველა სახის ბიზნესში შეაღწია. ,,ნაციონალურმა ხელისუფლებამ” ქურდულ სამყაროს დაუნდობელი ბრძოლა მხოლოდ მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ქურდების ფული არჩევნების მოსაგებად გამოიყენა. ,,ქურდული სამყაროს წევრობა” - ეს იყო განაჩენი, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს ძალიან ადვილად მოერგებოდა, ანუ თუკი ცნობილი ქურდის მეზობლად ცხოვრობდით, თან ,,ნაციონალებს” არ სწყალობდით, შესაძლოა, პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულთა შორის აღმოჩენილიყავით... ორთაჭალის ციხის ბუნტმა ქურდულ სამყაროს დიდი ზიანი მიაყენა - ,,შავი სამყაროს” წარმომადგენლები ქვეყნის გარეთ გადაიხვეწნენ... ახალი ხელისუფლება “ქურდულ მენტალიტეტს” გმობს, მაგრამ მასშტაბური ამნისტიით თავისუფლება ქურდული ტრადიციის ბევრ მიმდევარს დაუბრუნდა... ,,ქართული სიტყვა” ადვოკატ რუსუდან ქორჩილავას ესაუბრა.

 

- ქალბატონო რუსუდან, სასჯელაღსრულების სისტემაში ისევ გაუთავებელი პრობლემებია. ხელისუფლებას ოპონენტები ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ თითქოსქურდული სამყაროაღდგა...

- ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ე.წ. ქურდულმა მენტალიტეტმა ბევრი ზიანი მიაყენა ქვეყანას, მაგრამ მე, როგორც სამართალდამცავს, რომლისთვისაც კანონი უზენაესია, მიმაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ 223-ე პრიმა მუხლს დისპოზიცია არ აქვს და მისი შესწორებაა საჭირო. მუხლში არაა ჩადებული განმარტება, თუ რას ნიშნავს ,,ქურდული სამყაროს წევრობა” და რა განსაზღვრავს “ქურდული სამყაროს წევრობას”. ამიტომ, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი დასაჯო და დაადანაშაულო. ქართული რეალობიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს მუხლი კანონთა კოდექსში უნდა იყოს, მაგრამ კარგად განმარტებული და გარკვეული.

- ქართულ რეალობაშირას გულისხმობთ?

- ქურდული სამყაროს წევრობა ერთგვარი იმიჯი იყო. ამიტომ ამ მენტალიტეტთან დაუსაბუთებლად მიღებული კანონი შედეგს არ მოიტანს. დღემდე მიდის გამოძიება 2011 წელს ქურდული მენტალიტეტის ბრალდებით დაკავებული ასამდე ადამიანის საქმეზე. ეს დიდი, ერთიანი საქმე ნაწილებადაა დაყოფილი. მათი ქურდულ სამყაროსთან კავშირი მხოლოდ სატელეფონო საუბრებით დგინდება, მაგრამ ამ საუბრებს რომ გაშიფრავ, უმეტესად გინება ისმის და მეტი არაფერი.

- ადრექურდული სამყარომართავდა ბიზნესს, ხელისუფლების მაღალ ეშელონებს. დღევანდელი ქურდები რას აკეთებენ?

- ქურდები ,,ობშიაკს” აგროვებენ ხალხისგან, ისეთივე კრიმინალებისგან, როგორიც თვითონ არიან. ზემოხსენებულ სატელეფონო საუბრებში ისმის: მიიტანე ფული იქ, მიიტანე აქო. ეს მტკიცებულება არ არის, თუმცა დღევანდელი კოდექსის თანახმად, მათ რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ. რამდენიმე თვეა, ამ სატელეფონო საუბრებს ვუსმენ. მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლადო ხეჩუაშვილი “ქურდული მენტალიტეტის” გამოა გასამართლებული. მას თემურ ბაიდაშვილი “ზონიდან” ავალებდა, ფული მიეტანა დანიშნულების ადგილზე. როგორც მითხრეს, ბაიდაშვილი “მაყურებელია” ქსნის “ზონაში” და აქვს მობილური ტელეფონი. რომ გადახედოთ ბაიდაშვილის სატელეფონო საუბრებს, ნახავთ, დარეკვის საშუალება აქვს დღე-ღამის განმავლობაში, საიდან ამდენი ტელეფონი ციხეში?

- რახანმაყურებელია”, ტელეფონით სარგებლობის უფლებაც ამიტომ აქვს?

- დღეს ციხეში მობილური ტელეფონით სარგებლობის საშუალება ნებისმიერ პატიმარს აქვს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია. მობილური ტელეფონებით პატიმრები საზღვარგარეთსაც უკავშირდებიან. 2013 წლიდან “ზონიდან” “ზონაში” ერთმანეთს ურეკავენ, ბარემ იარაღი დაურიგონ და ეს არის?! როცა თემურ ბაიდაშვილი ციხიდან ურეკავს მეგობარს და ავალებს, რომ დედას მიუტანონ ფული, გამოდის, რომ დედამისიც ,,ობშიაკს” აგროვებდა და, კანონით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. სხვა მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო. სატელეფონო საუბრებში არის “ზონიდან” “ზონაში” გაგზავნილი ასეთი მესიჯი: “ეს უნდა ჩადო რეზინის ხელთათმანში და ისე გადმოგვცე”. საინტერესოა, რაზეა საუბარი? საპასუხო მესიჯში ვინმე გოგიტა გადასცემს ინფორმაციას, რომ შეასრულეს დავალება და, სამაგიეროდ, სთხოვს, ორი “სიმ-კარტა” გამომიგზავნეო. გადის ხანი და, ბაიდაშვილის კუთვნილი “სიმ-კარტა” სხვას აქვს... პატიმრები ცვლიან და “ზონიდან” “ზონაში” გადადის ტელეფონები - ირღვევა კანონი, მაგრამ ამისთვის არავინ ისჯება.

- ყველაფერ ამის მიზეზი რა არის?

- არაპროფესიონალიზმი და იმის მცდელობა, რომ დაიმალოს დარღვევები, რომელიც ახალ ხელისუფლებას აქვს.

- რა შეცდომებს გულისხმობთ?

- კონკრეტულ მაგალითზე ვიტყვი: ბაიდაშვილს რომ ტელეფონი არ ჰქონოდა ციხეში, ლადო ხეჩუაშვილი ბრალდებულთა შორის არ აღმოჩნდებოდა. მან მნიშვნელობა არ მისცა ციხიდან განხორციელებულ სატელეფონო ზარებს და გასამართლდა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის მუხლით. ისევ ვსვამ შეკითხვას: რატომ აქვთ პატიმრებს მობილურები?

- ბოლო წლებში ბევრი იარლიყის მიკერება ხდებოდა სატელეფონო მოსმენების საფუძველზე...

- საქართველოში გამოძიება ხშირად ეყრდნობა ფონოსკოპიურ და ფეისექსპერტიზას. სამწუხაროდ, ხმის იდენტობის დადგენის მეთოდოლოგია არ არსებობს, მხოლოდ ფორმალურია და გაყალბების საფუძველს იძლევა. ფონოსკოპიურ ექსპერტიზას უამრავი მოთხოვნა აქვს, რომლის შესრულებას გამოძიება ვერ ახერხებს. თუკი ექსპერტიზის ჩასატარებლად სპეციალისტები არ გყავს, რატომ ატარებ ამ კვლევას?

- მაინც, რის გადაფარვას ცდილობს ხელისუფლება?

- ძალიან ბევრი შეცდომის, თუნდაც დღეს არსებული დაუხვეწავი, აბსოლუტურად მიუღებელი სისხლის სამართლის კოდექსის, რომელიც ასჯერ შეიცვალა და შაგრენის ტყავივით დაპატარავდა. სასამართლო პროცესებზე ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: ,,დასაბუთებული ვარაუდი”, ,,გონივრული ეჭვის მიღმა”. ქართული ენის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ თუ დასაბუთებულია, ვარაუდი რანაირადღაა? რას ნიშნავს ,,გონივრული ეჭვი”? რა,Uუგონო ეჭვიც არსებობს? ვინ აწესებს ეჭვის ზღვარს? უფლება რომ მქონდეს, ძველ სამართალდამცავებს, რომელთაც წლების განმავლობაში უზარმაზარი გამოცდილება შეიძინეს, ახალგაზრდა სპეციალისტების აღსაზრდელად მოვიწვევდი. არაა საჭირო ველოსიპედის გამოგონება, წელიწადზე მეტია, მოლოდინში ვართ, პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება - შეცვალოს სისხლის სამართლის კოდექსი. პარლამენტში მსხდომი ყოფილი ადვოკატები ოდესმე ხომ დაუბრუნდებიან თავიანთ ძველ წიაღს და საინტერესოა, რა პასუხს გაგვცემენ, რისთვის იკავებდნენ ამ მნიშვნელოვან პოზიციას, როდის შეასრულებენ დანაპირებს? ცნობილია, რომ არასდროს ისე არ ცრუობენ, როგორც თევზაობის შემდეგ და არჩევნების წინ. კარგად ვიცით, რომ არც დაპირებული სამართლიანობის აღდგენა იქნება და არც  მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ამოქმედდება, მაგრამ კოდექსში ცვლილებების შეტანა ხომ მაინც შეიძლებოდა?!

ისე, მე თუ მკითხავთ, არჩილ კბილაშვილი იქ, სადაც თავს მყარად ვერ გრძნობდა, არ უნდა წასულიყო...

- ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარშემო ატეხილმა სკანდალმა ბევრი რამ გადაფარა...

- ეს ფაქტი ნონსენსს მიღმაა. ერთ-ერთ პროცესზე ბრალს სდებდნენ მოქალაქეს ნარკოტიკის მოხმარებისთვის. პროკურორს სიტყვა გაუგრძელდა. როცა  ბრალდებულს სიტყვა მისცეს, მან განაცხადა: ბატონო პროკურორო, რა გალაპარაკებთ ამდენს, არ ვმალავ, “მარიჰუანას” მომხმარებელი ვარ, მაგრამ ყაჩაღი ხომ არ ვარო?!” გასაგები იყო, რაც ჰქონდა მხედველობაში. რატომ უნდა მისცე დამნაშავესა და ბრალდებულ გიგი უგულავას იმის საშუალება, რომ  ასეთი ბრალდება წაუყენოს საქართველოს გენერალურ პროკურორს?!

- მაინც, როგორგაიპარაასეთი კადრი მნიშვნელოვან პოსტზე?

- მიზეზი ყველამ ვიცით: ნათესაობა, ნათელ-მირონობა, მეგობრობა, ხვეწნა- ვედრება და ა.შ. არავის აინტერესებს საქვეყნო საქმე. კარგი იქნება, ქართველებმა ხშირად წაიკითხონ გიორგი პირველის სიკვდილისწინა მონოლოგი კონსტანტინეს ,,დიდოსტატის მარჯვენიდან”. გარდა ამისა, ხანდახან მომინდება დათა თუთაშხიასავით შევძახო: რა გჭირთ, ხალხო?

სახელმწიფო მართვაში დილეტანტიზმი მიუღებელია, უფრო მეტიც, სიკვდილის  ტოლფასია.

- ქალბატონო რუსუდან, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ღამის საათებში პირადად დაკითხა მთავარმა პროკურორმა და ამ საკითხზე გამოძიების ჩატარებას ითხოვდა. რატომ ვერ, ან არ გამოიძიეს ეს საქმე?

- ვიდეოჩანაწერებიდან ვერაფერს ამოჭრი, რადგან ექსპერტიზა წყვეტილობას ადვილად დაადგენს. მაშინვე შეიძლებოდა გამოძიების ჩატარება. საოცარი ამბავია: ასეთი რამ თვით ადეიშვილსაც კი არ გაუკეთებია.

- როგორ ფიქრობთ, ფარცხალაძე ,,მანია-გრანდიოზამშეიპყრო და წლების განმავლობაში გახმაურებული საქმეების ერთბაშად გახსნა მოინდომა?

- ყველაფერი მიუთითებს, რომ მერაბიშვილის პროვოკაციას წამოეგო - მერაბიშვილს უნდოდა, მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ პოლიტპატიმარია, მაგრამ შესანიშნავად იცის, თუ რისთვის ზის საპატიმროში. პირადად მე, დაუშვებლად მიმაჩნია, რომ პირველი პირი პატიმარს პირადად შეხვდეს, მაგრამ თუკი ამის უკიდურესი აუცილებლობა დგება, ეს ინფორმაცია ბაზარში სალაპარაკო არ უნდა გახდეს.

არსებობს ასეთი გამოთქმა: იჩქარე ნელა! ეს გამოძიებას კი არა, კონკრეტულ პირებს ეხებათ.

- არსებობს საზოგადოებრივი შეკვეთაც...

- როცა სახელმწიფო საზოგადოებრივ შეკვეთებს ემორჩილება, ქვეყანაში განუკითხაობა დგება. კანონის იქით არ არსებობს არაფერი - ყველა მას უნდა დაემორჩილოს. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა ბევრ პოლიციელს, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს დააყენებს პასუხისმგებლობის წინაშე,Mმაგრამ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, რას იტყვის მსოფლიო საზოგადოება?

- მსოფლიოს გადავაყოლოთ ქვეყანა?

- სწორედაც, ვაყოლებთ. ორას პატიმარს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა და დღესაც არ აქვთ ნასამართლეობა მოხსნილი. ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ სამართლიანობის აღდგენის თემა ბოთლიდან ჯინის ამოშვებას ჰგავს.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დადგეს თუ არა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხი?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყების ხელმძღვანელია, მაინც არაა მთავარი ფიგურა. მთავარი გუნდია, რომელსაც მოეთხოვება მეტი გონიერება, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი. ეს გუნდი არ უნდა იქმნებოდეს არჩევნებში გამარჯვებისათვის დამხმარე პერსონებისაგან. მართალია, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთელი საქართველო ერთმანეთის ნათესავები ვართო, მაგრამ საპასუხისმგებლო პოსტებზე უნდა ინიშნებოდნენ ღირსეულთა შორის ღირსეულნი.