“მეცამორის” საფრთხე, ანუ ბრძოლა მსოფლიოს ატომური მმართველობისთვის (წერილი მეთოთხმეტე)

“მეცამორის” საფრთხე, ანუ ბრძოლა მსოფლიოს ატომური მმართველობისთვის (წერილი მეთოთხმეტე)

ირანიდან ჩრდილოეთით, კავკასიის მიმართულებით ორი გაზსადენია:

1). ბინდი-ბლანდი-ირანის ასტარა-ასტარა-კაზიმაგამედი, სიმძლავრით 10 მლრდ კუბურიმეტრი და მისი რუსეთში (დაღესტნის გავლით) შესაძლო გაგრძელება: კაზიმაგამედ-მოზდოკი (რუსეთი), სიმძლავრით 13 მლრდ კუბურიმეტრი, რომლითაც თავის დროზე აზერბაიჯანი რუსეთიდან იღებდა გაზს. აზერბაიჯანში იყო კაზიმაგამედ-ყაზახის ორი მილი, შესაბამისად, 10 და 13 მლრდ. კუბ.მ/წ. პირველი, 10 მლრდ კუბ.მ/წ-იანი მილი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა, რეკონსტრუქციის შემდეგ, გამოყენებულ იქნა “სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის” მშენებლობისას, მეორე კი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და რუსეთთან კავშირი არა აქვს. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, აზერბაიჯანის მარშრუტით რუსეთში, მაქსიმუმ, 10 მლრდ კუბ.მ/წ გაზის გატარება შეიძლება ასტარა-კაზიმაგამედის მილით, რომლითაც ამჟამად აზერბაიჯან-ირანის კონტრაქტით, აზერბაიჯაული გაზი ირანს მიეწოდება. სანაცვლოდ, ნახჭევანის ავტონომია, ქალაქ ჯულფაში იღებს გაზს ირანიდან. ამიტომ, საეჭვოა რომ ირანული გაზის ჩრდილოეთისკენ ტრანსპორტირებისთვის აზერბაიჯანმა თავისი ავტონომიის ინტერესები დათმოს.

2). ირანი-სომხეთის მოქმედი გაზსადენი, რომელიც სომხეთ-საქართველოს გაზის ერთიან ქსელს უერთდება. თუ რუსეთიდან, საქართველოს გავლით, სომხეთთან დამაკავშირებელი “ტრანსკავკასიური მაგისტრალური გაზსადენის” რევერსი, ანუ გაზის ნაკადის მიმართულების შეცვლა მოხდება (ტექნიკურად ეს მარტივია: გაზი ჩრდილოეთიდან, სამხრეთის ნაცვლად, სამხრეთიდან ჩრდილოეთით, რუსეთის ქსელში წავა), მაშინ ირანული გაზი ევროპაში რუსეთის გავლით მოხვდება. სწორედ ამით იყო 2005-06 წლებში გამოწვეული “გაზპრომის” მზარდი სურვილი, შეეძინა ჩვენი “ტრანსკავკასიური მაგისტრალური გაზსადენი”. სხვაგვარად ვერ აიხსნება “გაზპრომის” მაშინდელი ინტერესი მაღალი სიმძლავრის, მაგრამ სარემონტო გაზსადენის მიმართ, რომლითაც საქართველო და სომხეთი რუსული, ან თურქმენული გაზით მარაგდება. გაზსადენის საპროექტო სიმძლავრეა 18 მლრდ. კუბ.მ/წ-ია. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მოხმარების შემცირების გამო, ბოლო წლებში, მხოლოდ 2.8-3.0 მლრდ. კუბ.მ/წ სიმძლავრით მუშაობს.

სავარაუდოდ, “გაზპრომმა” სწორედ “ტრანსკავკასიური მაგისტრალური გაზსადენით”, ირანული გაზის ირან-სომხეთ-საქართველო-რუსეთის მარშრუტით სამომავლოდ ტრანსპორტირების მიზნით, დაუჭირა მხარი ირანიდან სომხეთში გაზსადენის მშენებლობას. მეტიც, მან მონაწილეობა მიიღო გაზსადენის მშენებლობის დაფინანსებაში - “გაზპრომიდან” 140 მლნ დოლარის კრედიტით გაზსადენის 120-კილომეტრიანი სომხური მონაკვეთი გაიყვანეს. ამჟამად, “გაზპრომი” თავის შვილობილი კომპანიის, “არმროსგაზპრომის” საშუალებით, ირან-სომხეთის გაზსადენის უმთავრესი მესაკუთრეა... მონაცემები ამ გაზსადენის რეალური, ე.წ. საპასპორტო სიმძლავრის შესახებ, გასაიდუმლოებულია.

თავდაპირველად, პროექტის მიხედვით, მისი დიამეტრი 1420 მმ უნდა ყოფილიყო და ეს განაკვეთი მაშინ სწორედ “გაზპრომის” ზეწოლით განახევრდა. იმ დროს რუსულ გიგანტს შეეშინდა, ირანული გაზი ევროპაში საქართველოს გავლით არ წასულიყო. ამჟამად, როცა ირანით უკვე თვით ევროპელები დაინტერესდნენ და საქართველოს გავლით ტრანსპორტირება საფრთხესთანაა დაკავშირებული, “გაზპრომი”, სავარაუდოდ, შეეცდება, სიმძლავრე გაზარდოს, რათა მთელი ირანული აირი რუსეთისკენ გადაამისამართოს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ირან-სომხეთის გაზსადენის ამჟამინდელი დიამეტრი 700 მმ-ია, მასში 15-18 მლრდ კუბ.მ/წ აირის გატარება და მისი “ტრანსკავკასიურ მაგისტრალურ გაზსადენში” ჩართვა პრობლემა არ უნდა იყოს. ამასთან, საყურადღებოა, რომ ირან-სომხეთის გაზსადენის გახსნისთანავე დღის წესრიგში მეორე, პარალელური გაზსადენის აგების აუცილებლობაც დადგა.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმდინარე სამთავრობო მოლაპარაკება “ნაბუქო”-ს მშენებლობის დაწყებაზე ჩაიშალა, რუსული “გაზპრომი”, ალბათ, შეეცდება:

* კვლავ დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასთან “ტრანსკავკასიური მაგისტრალური გაზსადენის” პრივატიზებაზე;

* მოახერხოს ევროკავშირის წინააღმდეგობის დაძლევა, ვინაიდან “ნაბუქო”-ს პროექტის ძირითადი მონაწილეები - თურქეთი (ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტორი) და აზერბაიჯანი (ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი) 2009 წლის დასაწყისიდან, პრაქტიკულად, აღარ არიან ამ პროექტით დაინტერესებულნი;

* ევროკავშირის წინააღმდეგობის “მოხსნის” შემდეგ, ცალ-ცალკე შეკვეცოს თურქეთისა და აზერბაიჯანის საკუთარი (არაევროკავშირის მიერ განსაზღვრული) პროექტები.

* აღნიშნულის შედეგად, საბოლოოდ ჩამოაშოროს ცენტრალური აზიის მომწოდებლები პან-ევროპულ გლობალურ ენერგო-პროექტ “ნაბუქო”-ს და, მაშასადამე, რეგიონალურ “ტრანსკასპიურ” ენერგოპროექტებსაც.

მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველოს სრულიად სამართლიანად ექნება უფლება, საკუთარი სატრანზიტო აქტივი თავისივე ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში გამოიყენოს და “ტრანსკავკასიური მაგისტრალური გაზსადენის” პრივატიზებაზე საერთაშორისო აუქციონი გამოაცხადოს.

2005-2006 წლებში, საქართველოსთვის “ტრანსკავკასიური მაგისტრალური გაზსადენის” პრივატიზება, ევროპის ენერგო-ბაზრების დივერსიფიკაციის ამოცანიდან გამომდინარე, დაუშვებელი იყო. ამჟამად კი, “ნაბუქო”-სთან მიმართებაში, აზერბაიჯანის, თურქეთისA და თვით ევროკავშირის ახლანდელი, შეიძლება ითქვას, ობსტრუქციული პოზიციის გამო, “ნაბუქო”-ს გაურკვეველი ვადით მოსალოდნელი გადადებისა და ქვეყნის ნაწილის ოკუპაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სამართლიანი არჩევანის საშუალება.

რუსეთის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის” მხრივ ჩვენი სატრანზიტო აქტივით დაინტერესება დიდი იქნება. “ტრანსკავკასიური მაგისტრალური გაზსადენის” პრივატიზების პროცესის დაწყებამდე, რუსულმა სპეცსამსახურებმა გაზსადენზე შესაძლოა, ტერორისტული აქტები მოაწყონ, რათა მას საინვესტიციო მიმზიდველობა დაუკარგონ სხვა პოტენციური მყიდველების თვალში.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ე.წ. ენერგოლობი ყველაზე ძლიერია, არაა გამორიცხული, მეგობარი ქვეყნების მსხვილი კომპანიების აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას, “მაგისტრალური გაზსადენის” სანაცვლოდ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დათმობები შესთავაზოს.

ამავე დროს, “გაზპრომი” აქტიურადაა ჩართული ირანის “სამხრეთ ფარსის” გაზის საბადოს ათვისებაში - ფლობს 30-პროცენტიან წილს და აშენებს 56-დუიმიან გაზსადენს ჩრდილოეთ ირანის მიმართულებით. ე.ი. საქართველოზე გამავალი “მაგისტრალური გაზსადენის” პრივატიზების შემთხვევაში, “გაზპრომს” ექნება საკუთარი (ირანში მოპოვებული გაზი) და მილი (ჩვენი “მაგისტრალური გაზსადენი” სომხურ ინფრასტრუქტურასთან ერთად) ევროპაში გაზის გადასაგზავნად.

ამასთან, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით ყველა სახელმწიფო ობიექტი მიწიანად უნდა გაიყიდოს, “გაზპრომს” ექნება მილი თავის მიწიანად, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს, გაზსადენის უსაფრთხოების დაცვის მოტივით, გაზსადენის ნებისმიერ წერტილში გარკვეული სამხედრო კონტიგენტის გამოყენება მოითხოვოს. ამასთან, რუსეთის კანონმდებლობით, ენერგოკომპანიებს უფლება აქვთ, ჰყავდეთ გასამხედროებული დაცვის ქვედანაყოფები.

ამრიგად, მსოფლიოში მიმდინარე რეცესიული პროცესების ფონზე, რუსული “გაზპრომი” სერიოზულ ზარალს განიცდის, რაც მხოლოდ კორპორაციის შემოსავლების შემცირებაში კი არ გამოიხატება, არამედ, რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლებზეც ნეგატიურად აისახება.

ვინაიდან “ნაბუქო”-ს პროექტის ძირითადი მონაწილეები - თურქეთი (ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტორი) და აზერბაიჯანი (ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი), როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2009 წლის დასაწყისიდან, პრაქტიკულად, აღარ არიან ამ პროექტით დაინტერესებულნი, რუსული სახელმწიფო და მისი მონოპოლისტი სტრუქტურა შეეცდებიან, დანაკარგი ირანული გაზის ევროპაში გაყიდვით აინაზღაურონ. დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ყველაზე სავარაუდო  რამდენიმე სცენარიდან რუსეთმა უპირატესობა მიანიჭოს პოლიტიკურად არასტაბილური კავკასიის გავლით ირანული აირის ევროპაში რეექსპორტის, ან ტრანზიტის სცენარს, რომლის განხორციელებაც “ტრანსკავკასიური მაგისტრალური გაზსადენის” ხელში ჩაგდების გარეშე შეუძლებელია.

ატომური ენერგეტიკის ბუნდოვანი მომავალი

2013 წლის აპრილში, ირანში ორი მძლავრი მიწისძვრიდან ერთ-ერთი რუსეთის “როსატომის” მიერ აშენებული “ბუშერის” ატომური სადგურის ახლოს მოხდა. იქვეა, სომხეთის მოძველებული ატომური მონსტრი - “მეცამორი”. ორივე ტრადიციული საბჭოთა ტექნოლოგიებით შექმნილი სადგურია. ეს მოვლენა 2011 წლის მარტში მომხდარ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს კატასტროფას,  “ფუკუსიმას” ატომური სადგურის ავარიას გვახსენებს. მაშინ ავარიის დამანგრეველი შედეგები ბუნებრივმა კატაკლიზმებმა - მიწისძვრებმა და ცუნამიმ გაზარდა... საქართველო, რომელიც სამხრეთ კავკასიის სეისმურად აქტიურ ზოლშია, ისეთ გეოგრაფიულ კოორდინატებზეა განლაგებული, რომლის გარშემო მიწისძვრებიც ხშირია და ატომური ელექტროსადგურების საკმაო რაოდენობაცაა, თანაც ზოგიერთი მოძველებულია.

2011 წლის მარტში, იაპონიის მიაგისა და ფუკუსიმას პრეფექტურებში, მიწისძვრის დროს მიღებული დაზიანებების გამო, რამდენიმე ატომურ სადგურზე განგაში გამოცხადდა. მაშინ იაპონიის პრემიერმა, ნაოტო კანმა განაცხადა, რომ ატომურ სადგურ “ფუკუსიმა 1”-ის მე-2 და მე-4 რეაქტორებზე მომხდარი ავარიების შემდეგ, დაზიანდა გარსაცმი და მოხდა რადიაციის გამოფრქვევა. ატომური სადგურის პირველ და მესამე ენერგობლოკებზე, გაგრილების სისტემის გამორთვის პირობებში, დაიწყო რეაქტორის ატომური ბირთვის დნობა. რამდენიმე დღეში ექვსიდან სამ რეაქტორზე მოხდა გამაგრილებელი სისტემების მწყობრიდან გამოსვლა და ბირთვული ელემენტების დნობა. ატომური სადგურების ირგვლივ, 20 კმ-იან ზონაში, გამოცხადდა მასიური ევაკუაცია. “ფუკუსიმა 1”-ის ატომურ სადგურზე მომხდარმა ორმა აფეთქებამ რადიაციული სიტუაცია იაპონიის კუნძულებზე მკვეთრად დაამძიმა. რადიაციამ სამხრეთის და სამხრეთ-დასავლეთის პროვინციებამდე მიაღწია. გამოცხადდა 30 კმ-იანი არასაფრენი ზონა. “ფუკუსიმას” სადგურზე განვითარებული კრიზისული მოვლენები 1986 წლის ჩერნობილის ავარიას დაემსგავსა. ფრანგი სპეციალისტების შეფასებით, ეს იყო მე-6 დონის შემთხვევა - “სერიოზული ავარია”, რაც ორი საფეხურით აღემატება აშშ-ში, კერძოდ, პენსილვანიაში 1979 წელს მოხდარ ავარიას. ჩერნობილისა და პენსილვანიის ავარიების მსგავსად, “ფუკუსიმა 1”-საც მთელი რიგი ტექნიკური ნაკლოვანებები აღმოაჩნდა.

ამ მოვლენების გამო, შვეიცარიის, გერმანიის, უკრაინის და სხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტების, ასევე, ევროკომისიის ხელმძღვანელობის მიერ დაისვა საკითხი ატომური ენერგეტიკის უსაფრთხოების გაზრდისა და ძველი სადგურების გაჩერების, ასევე, ახლების აგების შეჩერების შესახებ. ბრიუსელის მიერ ჩატარებულმა ევროკავშირის ატომური სადგურების “სტრეს-ტესტებმა” გამოავლინა 40 წლის ხანდაზმულობის სახიფათო ესპანური ატომური სადგური, რომელიც “ფუკუსიმას” პირველი რეაქტორის პროექტითაა შექმნილი. ამასთან, აღმოჩნდა, რომ სანკტ-პეტერბურგსა და კოლის ნახევარკუნძულზე არსებული რუსული ატომური სადგურები, იაპონურ “ფუკუსიმა 1”-ზე არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ. ამის შემდეგ, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ხურავს ძველ ატომურ სადგურებს, ზოგან კი, საერთოდ უარი თქვეს ატომურ ენერგეტიკაზე. ასე, მაგალითად, გერმანიაში მიღებულია გადაწყვეტილება 2022 წლისთვის ქვეყნის 17-ვე ატომური ელექტროსადგურის გაჩერების შესახებ. დადგინდა, რომ მსოფლიოს ატომური ელექტროსადგურების 80% ოც წელზე და მეტი ხნოვანებისაა. ბევრი ოპერატორი ცდილობს, სადგურები (“ფუკუსიმას” მსგავსად), საპასპორტო ვადაზე მეტ დროს ამუშაოს. ამავე დროს, 2030 წლისთვის ენერგორესურსებზე მსოფლიო მოთხოვნა 36%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარებით იქნება განპირობებული. ეს კი, თავის მხრივ, მრეწველობის ზრდის ტემპებზეა დამოკიდებული. ამის გამო, ბევრგან ატომურ ენერგეტიკას, სავარაუდოდ, ვერ “შეელევიან”, თუმცა არსებობს გამონაკლისიც. კერძოდ, რუსეთს 2020 წლისთვის დაგეგმილი აქვს ატომური ენერგეტიკის სიმძლავრის გაორმაგება. 2013 წელს, რუსეთის “როსატომთან” ერთად, ყაზახეთში იწყება ახალი ატომური სადგურის აგება. თურქეთი, რუსეთის დახმარებით, ერთბაშად ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. “როსატომის” ცნობით, პირველი თურქული ატომური სადგურის - “აკუიუ”-ს საპროექტო კომპანია დარეგისტრირდა თურქეთში 2010 წლის 13 დეკემბერში და მასში გაერთიანდა ხუთი დამფუძნებელი. არსებული შეთანხმებით, ხუთივე კომპანია, პირველ ეტაპზე, რუსული უნდა იყოს და აქციების 100%-ს უნდა ფლობდნენ. ეს კომპანიებია: “Атомстройэкспорт”, “Росэнергоатом”, “Интер РАО”, “Атомтехэнерго” და “Атомэнергоремонт”. “აკუიუ”-ს ატომურ ელექტროსადგურზე პირველი ბლოკი, სავარაუდოდ, შვიდი წლის შემდეგ უნდა გაიხსნას. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ტანერ ილდიზმა განაცხადა, რომ თურქეთის “აკუიუ”-ს ატომური სადგური პირველ დენს 2019 წელს გამოიმუშავებს. ილდიზის განცხადებითვე, თურქეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება ატომურ ენერგეტიკაზეა დამოკიდებული. თურქმა მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ანკარა ჯერ განიხილავს იაპონიის, სამხრეთ კორეის, კანადისა და ჩინეთის ოთხი კომპანიის უკვე შემოსულ წინადადებებს და ამის შემდეგ დაიწყებს რუსული კომპანიის პროექტის განხილვას.

პირველი სადგურის - “აკუიუ”-ს აგება კი გადაწყვეტილია - 2012 წლის ბოლოს, თურქეთის პრემიერმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაიწყო რუსული კაპიტალის ინვესტირება ატომურ ელექტროსადგურ “აკუიუ”-ში. პროექტის რეალიზაცია 20 მლრდ დოლარი დაჯდება. საწყის ეტაპზე ინვესტიციის მოცულობა განსაზღვრულია 2.5 მლრდ დოლარით. პროექტში უკვე ინვესტირებულია 700 მლნ დოლარი და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია კიდევ 800 მლნ დოლარის დაბანდება. პრემიერის ინფორმაციით, “აკუიუ”-ს პროექტში დაბანდება ყველაზე მსხვილი პირდაპირი კაპიტალდაბანდებაა, რაც კი ოდესმე, ერთი ცალკეული პროექტის ფარგლებში მომხდარა თურქეთის მასშტაბით. სადგურის თითოეული ბლოკის სიმძლავრე იქნება 1200 მვტ, ოთხივე ბლოკის კი - 4800 მვტ. ბლოკები ერთი წლის ინტერვალით შევლენ მწყობრში. თურქული მხარის ინფორმაციით, ეს სადგური პირველ დენს 2019 წელს გამოიმუშავებს, 2023 წელს კი ახალი - “სინოპი”-ს ატომური სადგურის მშენებლობა დაიწყება.

თუ თურქეთში ატომური სადგურების მშენებლობა ახლა იწყება, სომხეთში დიდი ხანია, ფუნქციონირებს ბირთვული საფრთხის შემცველი ობიექტი - “მეცამორის” ატომური ელექტროსადგური. აზერბაიჯანელი ექპერტების აზრით, ვიდრე ექსპლოატაციის ვადაგასული “მეცამორის” სადგური მუშაობს, რეგიონში რადიაციის გამოფრქვევის დიდი საფრთხეა. მიუხედავად ამისა, რფ-სომხეთის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომაზე, ქალაქ როსტოვში, რომელიც 2011 წლის ივლისში გაიმართა, დაამტკიცეს კომისიის ოქმი, რომელშიც დადასტურდა ორი ქვეყნის განზრახვა, რომ “ფუკუსიმას” ავარიის მიუხედავად, საჭიროა, სომხეთის ატომურ სადგურზე ააგონ ახალი ენერგობლოკი. “მეცამორის” სადგური სომხეთში 1993 წლის შემდეგ არ გაჩერებულა და ეს მაშინ როცა, დღეს ეს სადგური, “მაგატეს” ცნობით, მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია. სამხრეთ კავკასიისა და ირან-თურქეთის მოსახლეობა, ჩერნობილის მსგავსად, შეიძლება, მისი გამოტყორცნილი რადიაციის ქვეშ აღმოჩნდეს. აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, “მეცამორის” ატომური სადგურის ფუნქციონირება სახიფათოა, ვინაიდან მისი რეაქტორი 25 წელია, შეუჩერებლად ფუნქციონირებს და მოძველებული ტექნოლოგიებითაა აგებული. პირველი ბლოკი 1976 წელსაა ექსპლუატაციაში შესული, მეორე კი - 1980 წელს. სადგურის მოქმედების ვადა ჯერ კიდევ 2001 წელს ამოიწურა. მისი უსაფრთხოების დონე იაპონურ სადგურ “ფუკუსიმას” დაცულობას ბევრად ჩამორჩება და, შესაბამისად, რეგიონის ყველა ქვეყანას ემუქრება, რაც 2002 წელს აღინიშნა “მაგატეს” მაშინდელი შეფის, ელ-ბარადეის აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც. სადგურზე ახალი რეაქტორის აგების, ანუ “მეცამორის” სადგურის სიმძლავრის 1060 მვტ-მდე გაზრდისათვის გამართულ ტენდერში, რუსულმა კომპანიებმა გაიმარჯვეს.

ჯერ კიდევ რუსეთის პრემიერად ყოფნის დროს, 2010 წლის აპრილის ბოლოს, ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთს შესწევს ძალა, დაიკავოს მსოფლიო ატომური ელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლოატაციის ბაზრის მეოთხედი. აღნიშნული განცხადება, იმავე წლის აპრილის დასაწყისში, ბალტიკაზე “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენის მშენებლობის დაწყებისა და აპრილის ბოლოსთვის, “სამხრეთის ნაკადის” პროექტზე ბალკანეთის ქვეყნების თანხმობის მიღების შემდეგ, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისადმი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

ენერგეტიკის ატომური სექტორი განვითარებულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ბელგია, ფინეთი, შვედეთი, ბულგარეთი და შვეიცარია, ანუ ძირითადად იმ სახელმწიფოებში, სადაც ბუნებრივი რესურსები არასაკმარისია. ამ ქვეყნებში ხდება მთელი გენერირებული ელექტროენერგიის 1/4-დან 1/2-მდე ატომურ სადგურებზე მიღება. აშშ-ში “მშვიდობიანი ატომით” მიიღება მთელი ელექტროენერგიის დაახლოებით 1/5. ეს ისეთი დიდი ოდენობაა, რომ მთელი მსოფლიოს ატომური გენერაციის მეხუთედს შეადგენს.

გასაგები მიზეზების გამო, ამ სფეროში წამყვანი ქვეყნები რუსეთი და აშშ-ია. მოგვიანებით, მათ შეუერთდა გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ჩეხოსლოვაკია. ატომური ენერგიის მქონე დანარჩენი ორი ათეული ქვეყანა იყენებს ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში შექმნილ ტექნოლოგიებს.

მსოფლიოს ატომურ მანქანათმშენებლობაში სულ 34 კომპანია მუშაობს, რომელთაგან 30 დასაქმებულია ატომური ტექნოლოგიების სფეროში, ძირითადი მოწყობილობის წარმოებასა და სერვისში, უშუალოდ რეაქტორებს კი, 4 კომპანია აწარმოებს. აღნიშნულ 34 კომპანიაზე მოდის მსოფლიო ბირთვული ბიზნესის 40%. კიდევ 32 კომპანია დაკავებულია ატომური ობიექტების მშენებლობით, ბირთვული საწვავის წარმოებითა და ელექტროენერგიის მიღებით - მათზე მოდის ამ ბიზნესის დარჩენილი 60%.

თანამედროვე პირობებში ენერგომოხმარება არა მხოლოდ ე.წ. განვითარებულ ქვეყნებში იზრდება, არამედ, განვითარებად ქვეყნებშიც მატულობს. ნახშირწყალბადები, ბუნებრივია, ვერ იქნება ენერგოდამოუკიდებლობის ერთადერთი საფუძველი. ამ პირობებში, მძაფრდება ატომური ენერგეტიკის პოტენციური ბაზრებისთვის ბრძოლა, ერთის მხრივ რუსეთს, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებსა და კომპანიებს და, მეორეს მხრივ, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერილ იაპონურ, ამერიკულ და ევროპულ კორპორაციებს შორის. ხშირად რუსეთი და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები შესაძლოა, განხილულ იქნან როგორც ტანდემი. ასე, მაგალითად, “როსატრომი” ქმნის ერთობლივ საწარმოს საფრანგეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიასთან ვიეტნამში ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად. ასეთი თანამშრომლობით, რუსული მხარე ინაზღაურებს გარკვეულ ჩამორჩენას ტექნოლოგიაში.

...2009 წლის მარტში, “როსატომმა” და “სიმენსმა” ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც გამოითქვა სურვილი, შექმნილიყო ერთობლივი საწარმო. ეს ფირმა უნდა ყოფილიყო რუსული ატომური რეაქტორებისათვის ახალი პროექტების შემქმნელი, ასევე, ახალი სადგურების მარკეტინგისა და მათი აშენების და რემონტის განმახორციელებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “როსატომის” სურვილი, რომ ფრანგულ კომპანიასთან ერთად შექმნას ატომური რეაქტორების წარმოებისა და მათი რეალიზაციის საწარმო, ერთის მხრივ, ინტეგრაციის დასაჩქარებლად “სიმენსზე” ზეწოლა და, ამავდროულად, მცდელობაა, რომ “როსატომი” ამ ბიზნესში უკანა პლანზე არ დარჩეს...

ბევრი პოსტკომუნისტური ქვეყანა აქტიურადაა ჩართული ზემოაღნიშნულ ბიზნესში. მაგალითად, მონღოლეთსა და ყაზახეთში ბევრი ურანია. მისი ფასები იზრდება, თანაც სხვაობა მის მოპოვებასა და ატომურ სადგურებში მოხმარებას შორის უკანასკნელ ათწლეულში, სტაბილურად, 40-45%-ის ფარგლებშია შენარჩუნებული. 1985-2007 წლებში, მსოფლიოში ურანის კომერციული მარაგები 50%-ით შემცირდა, თან ურანის მსოფლიო მოპოვების 87%-ს უზრუნველყოფდა შვიდი ქვეყანა, მათგან მოპოვების ნახევარს მარტო კანადა და ავსტრალია იძლევა. რუსეთს მეხუთე ადგილი უკავია ყაზახეთისა და ნიგერიის შემდეგ. ამასთან, ურანზე ფასი დიდი ხნის განმავლობაში არა მოთხოვნა-მიწოდებით, არამედ, ექსპორტიორებისა და მომხმარებლების საწყობებში არსებული მარაგების სიდიდით განისაზღვრებოდა. ზოგ ქვეყანას იმდენი მარაგი ჰქონდა, რომ იმპორტს ათწლეულები არ საჭიროებდა...