ბაზალეთის ტბა კვდება!

ბაზალეთის ტბა კვდება!

ტურისტული სეზონი უკვე დადგა. ყველა, ვინც ქართულ ეკონომიკაში, ასე თუ ისე, ერკვევა და ისიც გააზრებული აქვს, თუ რა დღეშია ქვეყანა, იმედს ზაფხულზე ამყარებს და ამბობს, ლარს ეშველებაო... ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა: თითქოს მთავრობაც მობილიზებულია, რომ ზაფხული ქვეყანამ წარმატებითგადალახოს”, მაგრამ მხოლოდერთი შეხედვით”: მაშინ, როცა ხელისუფლება ეკონომიკის გაძლიერებასა და რეგიონების განვითრებაზე ზრუნავს, რეალობა გვაჩვენებს, რომ საქმე არცთუ კარგადაა.

“დასიცხული” თბილისისთვის ერთ-ერთი ტრადიციული “გადამრჩენი” ბაზალეთის ტბა კვდება. ნებისმიერ ადგილობრივს რომ ჰკითხოთ, თუ რა ჰქვია ბაზალეთის ტბის გარშემო დასახლებულ ადგილებს, გიპასუხებთ, ნატბეურიო. დიდი ახსნა არ სჭირდება და ტოპონიმიც გვეუბნება, რომ იყო დრო, როცა ბაზალეთის ტბა გაცილებით დიდ ტერიტორიას იკავებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ჯერ დაჭაობდა, შემდეგ კი, თითქმის დაშრა. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, აქაურობა მთლიანად ჭაობად გადაიქცეს.

სპეციალისტები და ბუნების დამცველები სასწრაფოდ გადამჭრელი ზომების მიღებას და გადაუდებელი სამუშაოების დაწყებას ითხოვენ. პირველ რიგში, ტბა წყალმცენარეებისაგან უნდა გაიწმინდოს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ასოციაცია-ბაზალეთის” დამფუძნებელი ნინო ხეხელაშვილი საგანგაშოს უწოდებს ბაზალეთის ტბის მდგომარეობას და სახელმწიფოს გადამჭრელი ზომების მიღებას სთხოვს:

“ბუნების ცნობილ დამცველს, ნინო ჩხობაძეს მივმართეთ და ტბის მდგომარეობის შესწავლა ვთხოვეთ. როგორც ვიცი, მოკვლევა უკვე დაწყებულია და შესაბამისი დასკვნაც მალე დაიდება. რადგან ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსურად გამართული არაა, იძულებული ვართ, დახმარება სხვებს ვთხოვოთ.

- საქმის კურსში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო არ ჩააყენეთ?

- როცა სპეციალისტების დასკვნა გვექნება, გარემოს დაცვასაც მივმართავთ, თუმცა ნახევარი თბილისი მთელ ზაფხულს ბაზალეთის ტბაზე ატარებს და სამინისტროში არ იციან, რომ დიდი ხანია, ტბაზე სუფთა წყალი არავის უნახავს?

- თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა არის?

- რა და, - წყალმცენარეები, რომლებიც წლების განმავლობაში არ გაუწმენდიათ. კომუნისტების დროს, ყოველი სეზონის დაწყების წინ, ტბა წყალმცენარეებისაგან იწმინდებოდა და ამიტომ ბაზალეთს კვდომა შეჩერებული “ჰქონდა”, ახლა კი, შეუქცევადი პროცესია დაწყებული და იმის იმედიც აღარ გვაქვს, რომ ტბას გადავარჩენთ.

- როგორც ვიცი, თავის დროზე ტბის მოვლა-პატრონობა და წყალმცენარეებისაგან გაწმენდა იმ ფირმას დაევალა, რომელმაც ბაზალეთზე სასტუმრო კომპლექსი ააშენა. მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ ტბა 25-წლიანი იჯარით გაიცა...

- ასეთი ინფორმაცია ჩვენც გვქონდა, მაგრამ როცა დავინტერესდით, ამდენი წლის შემდეგ, ამის დადგენა გაგვიჭირდა. შესაბამისი დოკუმენტაცია ისეა გადამალული, რომ მოძიება ვერ შევძელით

- ვინ გადამალა?

- სავარაუდოდ, ილია მოშიაშვილმა, რომელიც სასტუმრო კომპლექსის მფლობელია.

- წლების წინ, როცა ამ საკითხით დავინტერესდი, მითხრეს, ტბაში იმ სახეობის თევზის მილიონობით ლიფსიტა გაუშვეს, რომელიც წყალმცენარეებით იკვებებაო...

- დიახ, გაუშვეს, მაგრამ ცოტა რომ გაიზარდნენ, ისევ თვითონ დაიჭირეს და სასტუმროს დამსვენებლები გამოკვებეს. ახლა, რამდენადაც ვიცი, ტბაში თევზი თითქმის არ ბინადრობს”.

იმის გარკვევას, ნამდვილად აიღეს თუ არა პასუხისმგებლობა სასტუმრო კომპლექს “ბაზალეთი პალასის” დამფუძნებლებმა ტბის მოვლა-პატრონობაზე, რა თქმა უნდა, “ქართული სიტყვაც” შეეცადა, მაგრამ ვერაფერი გაარკვია - კონტაქტზე, უბრალოდ, არავინ გამოვიდა.

სახელმწიფოსა და ბიზნესმენს შორის არსებულ გარიგებაზე არაფერი იცის დუშეთის საკრებულოს დეპუტატმა ვაჟა ჭინჭარაულმა და ამბობს, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია ვერც მან მოიპოვა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ თავის დროზე ასე ზარზეიმით დადებული პირობები, მხოლოდ პიარისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის იყო განკუთვნილი და მისთვის დოკუმენტის სახე არავის მიუცია.

დაჭაობების პარალელურად, ბაზალეთის ტბის გარშემო გამალებული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს - შენდება მცირე ზომის სასტუმროები, კაფე-ბარები. ერთი სიტყვით, ამღვრეული ტბა დამსვენებელს ელოდება, თუმცა აქაც საქმე დიდ დარღვევებთან გვაქვს!

ნინო ხეხელაშვილი: “- ბაზალეთის ტბის ტერიტორიაზე ყველა მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს.

- რას გულისხმობთ?

- კანონით, სანაპიროდან 50 მეტრი პლაჟის ტერიტორიაა, 100 მეტრის რადიუსით კი, ნებისმიერი მშენებლობა იკრძალება.

- ეს სტანდარტები დარღვეულია?

- რა სტანდარტებზეა ლაპარაკი, როცა ზოგიერთი მშენებელი შენობას პირდაპირ წყალში აშენებს. ამას რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე ადგილას, პირდაპირ წყალში ჩაყრილი სამშენებლო ნაგავიც ვნახე.

- მერე, პასუხს არავინ თხოვს?

- რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, დუშეთის საკრებულო ამ თემაზე მუშაობს და, ალბათ, შესაბამის დასკვნებსაც დადებს”

როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ საკითხზე, მართლაც, მუშაობს, მაგრამ მშენებლებს ვერაფერს უშლის იმიტომ, რომ შესაბამისი ნებართვა კანონის სრული დაცვით ჯერ კიდევ ექვსი-შვიდი წლის წინაა გაცემული. საკრებულოს კანონდამრღვევის მხოლოდ დაჯარიმება შეუძლია.

ვაჟა ჭინჭარაული, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი: “- ბაზალეთის ტბაზე მშენებლობის ნებართვები აშკარად კანონდარღვევითაა გაცემული, მაგრამ ახლა ამის დამტკიცება აღარ შეგვიძლია... ტბას აშკარად სჭირდება გადარჩენა. საკრებულოში უკვე მიმდინარეობს ე.წ. გენგეგმის შემუშავება და თანხების მოძიება, რათა ტბას ერთხელ და სამუდამოდ მივხედოთ, მით უმეტეს, რომ ბაზალეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია”.

ახლა, როცა თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, როცა პარლამენტი ბიუჯეტის კორექტირებაზე მუშაობს, ძნელია, იმაზე ისაუბრო, ბაზალეთის ტბის გადასარჩენად დუშეთის მუნიციპალიტეტი თავისუფალი თანხების მოძიებას შეძლებს თუ ვერა, მაგრამ არის საკითხები, რომელთა სამომავლოდ გადადებამაც შეიძლება, კატასტროფული შედეგები მოგვიტანოს. ამიტომ, ვისაც ხელეწიფება, ჯერ ბაზალეთის ტბის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს, მერე კი, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მიხედოს!