შიშველი კატა

შიშველი კატა

სფინქსი – ანუ კატა ბეწვის გარეშე. არც ერთი ღინღლი, მხოლოდ კანი და ისიც დანაოჭებული. მას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იცნობდნენ.

აბსოლუტურად შიშველი კატები სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად ჩნდებიან.

ძველ დროში „შიშველი კატა“, როგორც ჯიში, არ არსებობდა. 1966 წელსაც კი, როცა კანადაში „შიშველი კნუტი“ დაიბადა, მისმა პატრონებმა ვერ შეძლეს, მისი მსგავსნი გაემრავლებინათ.

„სფინქსი“ – როგორც ჯიში, ორმოცდაათი წლისა ძლივს იქნება. „შიშველი კატები“ ხასიათითაც განსხვავდებიან თავისი თანამოძმეებისგან: მათ არ უყვართ სიცივე და მარტოობა. არაჩვეულებრივად ალერსიანები და კეთილები არიან. ადამიანის გარეშე, პრაქტიკულად, ვერ ცხოვრობენ. სფინქსი არასდროს აზნექს ზურგს და გამოაჩენს კლანჭებს. ხშირად სთხოვს პატრონს ხელში აყვანას. როგორც აჩრდილი, ისე დასდევს უკან. შეუძლია, ძაღლივით თასმაზე გამობმულმა იაროს. ვერ იტანს მზეზე დიდხანს ჯდომას (შეიძლება, კანი დაეწვას) და ორპირი ქარი სწრაფად აციებს. შიშველ კატებს არ აქვთ წამწამები, ამიტომ მათი თვალებიც დაუცველია და პატრონმა ხშირად უნდა უწმინდოს სპეციალური ლოსიონით.

ძველ ეგვიპტეში ყოველი დაბადებული შიშველი კნუტი ფარაონისთვის უნდა მიერთმიათ. თუ ამ ცხოველს შემთხვევით უპოვიდნენ მდაბიოს, სიკვდილით დასჯიდნენ.