უჩვეულო ბუ

უჩვეულო ბუ

ჩიკაგოს მახლობლად მდებარე პარკში ორნითოლოგი რიკ რემინგტონი  უჩვეულო სანახაობას შეესწრო: თეთრი ბუ, რომელსაც ბუდე ერთ-ერთ ქანდაკებაზე ჰქონდა მოწყობილი, დილით დაბლა დაეშვა და რამდენიმე მეტისმეტად ცნობისმოყვარე ყვავი დაიფრინა.

უეცრად ბუს თვალები აუელვარდა და საომრად გაემზადა - მისკენ შევარდენი მიქროდა. ბუ ელვისებურად გაეკრა მიწას, სალტო გააკეთა და მეტოქეს მოზრდილი ჭანგები დაახვედრა.

შევარდენმა უშიშრად შეუტია, ბრძოლა 5 წუთს გაგრძელდა. თეთრი ბუ შევარდენზე ბევრად დიდი კია, მაგრამ, რიკის აზრით, გადარჩენის შანსი თითქმის არ ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, მაინც გაიმარჯვა - მძლავრი ფრთებისა და დიდი ჭანგების წყალობით აიძულა თავდამსხმელი, ბრძოლის ველს გასცლოდა. 

რიკის თქმით, ბუ საბოლოოდ იმან გადაარჩინა, რომ მიწაზე იყო და შევარდენს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სულიერია - 300 კმ/სთ სიჩქარით პიკირებს და ჭანგის დარტყმისას მსხვერპლს ჰაერში ხშირად ნაწილებად ფლეთს, - სხვა გზა არ ჰქონდა და მკვეთრად შეამცირა შეტევის სისწრაფე.