ცნობილი ქალი პოლიტიკოსები

ცნობილი ქალი პოლიტიკოსები

ბენაზირ ბჰუტო 

ისლამური რესპუბლიკა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი 1988-1990 და 1993-1996 წლებში. თანამედროვე მსოფლიოში პირველი ქალი-პოლიტიკოსი, რომელიც მუსლიმანებით დასახლებული ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს ედგა სათავეში. ბენაზირი ისლამური სამყაროს ისტორიაში პირველი ქალი-მმართველი იყო. იგი აქტიურად იბრძოდა კორუფციისა და სიღარიბის წინააღმდეგ, თუმცა 1996 წელს მისი გადადგომა სწორედ კორუფციულ სკანდალს უკავშირდებოდა, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა, რამდენიმე წლით დაეტოვებინა პაკისტანი. 2007 წელს პაკისტანის ქალაქ რავალპინდში გამართულ მიტინგზე ბენაზირ ბჰუტო მოკლეს ტერორისტული აქტის დროს. აღსანიშნავია, რომ ბჰუტოს პირად დაცვას ეცვა ჯავშანჟილეტები, ხოლო თვითონ ბენაზირს – არა. ტერორისტმა გულსა და კისერში ესროლა ბჰუტოს, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.

კორასონ აკინო

ფილიპინების პრეზიდენტი 1986-1992 წლებში. ის იყო პირველი პრეზიდენტი ქალი აზიის ქვეყნებში. ჟურნალმა „თაიმმა“ 1986 წელს აკინო „წლის ადამიანად“ დაასახელა. გარდა ამისა, იმავე ჟურნალმა ის მეოცე საუკუნის 20 ყველაზე გავლენიან აზიელს შორის მოიხსენია.

ელენ ჯონსონ-სირლიფი

პირველი ქალია, რომელიც სათავეში ჩაუდგა აფრიკულ სახელმწიფოს. პოლიტიკური მიმომხილველები ჯონსონ-სირლიფს მარგარეტ ტეტჩერს ადარებენ და „აფრიკელ რკინის ლედად“ მოიხსენიებენ. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჯონსონ-სირლიფმა ხმების რაოდენობით, უკან მოიტოვა ყოფილი ლიბერიელი ფეხბურთელი, ლეგენდარული ჯორჯ ვეა.

ანგელა მერკელი

ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ-პოლიტიკოსად ითვლება მსოფლიოში. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი მერკელი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად როგორც ევროპაში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.

მარგარეტ ტეტჩერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1979-1990 წლებში, ცნობილი, როგორც „რკინის ლედი“; პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქალია, რომელსაც ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი ბრიტანეთში. დასავლეთში ის ითვლება „ცივი ომის“ გამარჯვებულად ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ერთად. მარგარეტ ტეტჩერის „რკინის ლედის“ სტილს დღემდე ჰყავს თაყვანისმცემლები. თანამედროვე ქალი-პოლიტიკოსები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ მსოფლიო ლიდერობაზე, ცდილობენ, რომ რაღაცით მაინც დაემგვანონ მას.

ინდირა განდი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-1977 და 1980-1984 წლებში; მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ინდოელი ხალხი „ერის დედად“ მოიხსენიებს. მისი განკარგულებებიდან კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი „იძულებითი სტერილიზაციის“ პოლიტიკას უკავია. ამ გზით განდიმ დემოგრაფიული კრიზისის გამომწვევი პრობლემების მოგვარებას დაუდო სათავე. ინდირა განდი საკუთარმა პირადმა მცველმა მოკლა, მისი ფერფლი ჰიმალაების თავზე გაფანტეს.