კომპანია

კომპანია "ბარამბო" სურსათის ეროვნულ სამსახურს პასუხობს

კომპანია "ბარამბოს" განცხადებით, მათ საწყობში პერიოდულად ვადაგასული ნედლეული განადგურებისთვის გროვდება. სურსათის ეროვნული სამსახურის მიერ კომპანია "ბარამბოს" საწყობიდან ამოღებულ დანიური წარმოების ვადაგასულ არომატიზატორზე კომპანია განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განცხადების თანახმად, საწარმოში მუდმივად ხდება ნედლეულის ვადიანობის მონიტორინგი. საწყობიდან სურსათის ეროვნული სამსახურის მიერ ამოღებულ გერმანული წარმოების ვადაგასულ არომატიზატორს ვადა უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაუვიდა.

"საწყობში გამოყოფილია ადგილი სპეციალურად ვადაგასული ნედლეულისთვის, სადაც ხდება ვადაგასული საკვებდანამატების დაგროვება, რადგან მათი ჩამოწერა გარკვეულ პროცედურებს და დროს მოითხოვს. შესაბამისად, საწარმოში ვადაგასული ნედლეულის განადგურება პერიოდულად ხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია "ბარამბო" არის ხარისხზე ორიენტირებული, ISO სერტიფიკატის მფლობელი ბრენდი, რომელიც საკუთარ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია "ბარამბო" არის უმაღლესი ხარისხის ქართული ტკბილეულის მწარმოებელი და არასდროს დაუშვებს რაიმე სახის, ვადაგასული დანამატით აწარმოოს პროდუქცია, საფრთხე შეუქმნას და დაკარგოს ის უამრავი ლოიალური მომხმარებელი, რომელიც დაარსების დღიდან ენდობა ჩვენს ხარისხს. ინფორმაციისთვის, კომპანიის პარტნიორია ისეთი მსოფლიო ბრენდი, როგორიც არის "ბარი კალებაუტი" და სხვა მრავალი ლიდერი ნედლეულის მსოფლიო მომწოდებლები სხვადასხვა მიმართულებით", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ბარამბოს" საწყობიდან დანიური წარმოების 25-ლიტრიანი 48 კასრი ვადაგასული არომატიზატორის ამოღების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საკვებდანამატი ფართოდ გამოიყენება ნაყინის წარმოებაში.

სურსათის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქცია ვადაგასული იყო. ვარგისიანობის ვადა 2011 წელს ამოეწურა და კანონმდებლობის შესაბამისად, განადგურებას ექვემდებარება. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ამოღებული პროდუქცია დალუქეს და უახლოეს დღეებში გაანადგურებენ.