„უნდა დავდგეთ, შევყვიროთ ხმამაღლა და ნელ-ნელა უკან დავიხიოთ“ - მონადირის რჩევა მოსახლეობას

„უნდა დავდგეთ, შევყვიროთ ხმამაღლა და ნელ-ნელა უკან დავიხიოთ“ - მონადირის რჩევა მოსახლეობას

მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტი თბილისის მაცხოვრებლებს დაკარგული ვეფხვის დანახვის შემთხვევაში სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. თემურ ტყემალაძე მოსახლეობას კონკრეეტულ თავდაცვით რჩევებს აძლევს.

როგორც თემურ ტყემალაძემ „პირWელს“ განუცხადა, არ შეიძლება მხეცის დანახვისას ადამიანმა მას ზურგი შეაქციოს და გაიქცეს, რადგან ამ შემთხვევაში, მხეცი მას თავს აუცილებლად დაესხმება.

„თუ ჩვენ ვხედავთ ნადირს და მას ზურგს ვაქცევთ და გავიქცევით, მაშინვე თავს დაგვესხმება. ასე მოქცევა არ შეიძლება. უნდა დავდგეთ, შევყვიროთ ხმამაღლა და ნელ-ნელა უკან დავიხიოთ. გაქცევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მყისიერი ქმედება არ უნდა გაკეთდეს. თუ სადმე ახლოს თავშესაფარია და მოასწრებს შესვლას, კარგი იქნება, თუმცა უნდა გათვალოთ, რა მანძილში იმყოფებით მხეცთან. ზურგის შექცევა არაფრით არ შეიძლება, პირიქით უნდა შევუტიოთ. მეტი შანსია, რომ ასეთ დროს მხეცი გაჩერდეს ან წავიდეს. თუ ადამიანმა ახლოს დაინახა ჯოხი, ან რაიმე მკვრივი საგანი, კარგია თუ მას თავდაცვისთვის აიღებს, თუმცა არ უნდა გააკეთოს მკვეთრი მოძრაობა, ნელა უნდა დაიხაროს და შემდეგ დააკაკუნოს, ეცადოს ხმაურით მხეცი შეაშინოს. ვეფხვი ახლა ძალიან დიდ სტრესში იმყოფება,  მას ემატება შიმშილი და ის ყველა ცხოველს, მათ შორის ადამიანს ხედავს, როგორც  საშიშროებას და საკვებს“, - აცხადებს თემურ ტყემალაძე.

ფედერაციის პრეზიდენტი მხეცის, ამ შემთხვევაში კი ვეფხვის ძებნის პროცესში აუცილებლად მიიჩნევს ძაღლების ჩართვას, რადგან ნადირი თავს პირველივე შემხვედრს ესხმის.

„მისი ძებნის პროცესში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ძაღლები, კარგი იქნება მონადირე ან ნაგაზის ჯიშის ძაღლი. პირველ რეაგირებას ძაღლი ახდენს, ან შეშინდება, ან შეუტევს. ეს ადამიანებისთვის გამაფრთხილებელი ნიშანია. ჯობია შეიქმნას ჯგუფები, რომლებსაც ძაღლები ეყოლებათ. თუ ვიცით, რომ მტაცებელი რომელიმე შენობას აფარებს თავს, იქ პირველი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს. ნადირი თავდასხმას ახორციელებს იმაზე, ვინც პირველი მივა მასთან, ამის გამო პირველი ძაღლი უნდა შევუშვათ. ადამიანის დაღუპვას ძაღლის დაღუპვა არ ჯობია?! ჩვენ მონადირეები ვართ და ვიცით როგორ უნდა ვეძებოთ და დავიჭიროთ ნადირი, თუმცა ჩვენთვის დასახმარებლად ან რჩევისთვის არავის მოუმართავს. როგორც ჩანს, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ვეფხვს ეძებენ, გამოცდილება არ ჰქონდათ. მინდია ჯანელიძის სამსახურს სამძებრო სამუშაოებში აუცილებლად უნდა ჰყავდეს ძაღლები ჩართული. ეგ უნდა მართავდეს ყველაფერს. არც პოლიციელი და არც სპეცრაზმი ჯანელიძის უწყების თანამშრომლების გარეშე არ უნდა მიდიოდნენ მხეცის მოსაძებნად“, - აცხადებს მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტი.

თემურ ტყემალაძე ვარაუდობს, რომ დაკარგული ვეფხვს ხალხმრავალ ადგილებში გამოსვლას შიმშილი აიძულებს.

„ვეფხვი ახლა დამფრთხალია და როგორც აღმოჩნდა ის მოფარებულ ადგილას იყო. მას ხალხმრავალ ადგილას გამოსვლა შეიძლება აიძულოს შიმშილმა. თუ გამოვა, უფრო ღამით გამოვა, რა დროსაც შედარებით სიმშვიდე იქნება. ახლა სიფრთხილეა საჭირო, მტაცებლები სტრესში არიან და მათ უკვე შიათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა იარაღს ატარებენ სამართალდამცველები. უნდა ატარონ ლულიანი იარაღი, რომელიც საფანტს ისვრის. ამ იარაღს თავდაცვისთვის ხმარობენ, მას ახლო მანძილზე ძალიან დიდი გამაჩერებელი ძალა აქვს, არ აქვს ასხლეტები. სხვა იარაღი საზოგადოებისთვის საშიშია“, - აღნიშნავს ტყემალაძე.

ფედერაციის პრეზიდენტი აქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად მხეცის აგრესიული მდგომარეობისა, მისი დაძინების შანსი ყოველთვის არსებობს, თუმცა სამართალდამცველებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

„ახლაც კი, როცა ცხოველები სტრესში არიან. იმის გამო, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს, ერთი ადამიანი უნდა იყოს დამაძინებელი იარაღით, მეორემ კი კი თავდაცვის მიზნით ატაროს გლუვლულიანი, იმ შემთხვევაში თუ ცხოველის მხრიდან აგრესიას დავინახავთ, რომ მოვახდინოთ მისი ლიკვიდაცია. მაგრამ ვიმეორებ, ჯგუფში ერთ ადამიანს ძაღლი აუცილებლად უნდა ჰყავდეს თან“,- აცხადებს თემურ ტყემალაძე.

რაც შეეხება დაკარგულ ზოლიან აფთარს, მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ეს ცხოველი ზოოპარკის დირექტორს მიჩვეული ჰყავდა, თუმცა ახლა მის მოქმედებას ვერ განვსაზღვრავთ.

„მე როგორც ვიცი ზურაბ გურიელიძეს ზოლიანი აფთარი ისე ჰყავდა გაზრდილი, რომ ხელით აჭმევდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ის როგორ მოიქცევა, წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. მისი დანახვის შემთხვევაშიც უნდა ვიყოთ ყურადღებით“, - აცხადებს თემურ ტყემალაძე.

როგორც ცნობილია, თბილისის ზოოპარკი ამ დრომდე ერთ ვეფხვს და ზოლიან აფთარს ეძებს.