ევროპის უდიდესი ატომური სადგური „უკიდურესად არასტაბილურად ოპერირებს“ – IAEA

ევროპის უდიდესი ატომური სადგური „უკიდურესად არასტაბილურად ოპერირებს“ – IAEA

ენერგეტიკულ სფეროში საერთაშორისო დამკვირვებლებისა და უკრაინის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური „კატასტროფის პირასაა“. მის მწყობრიდან გამოსვლას კი პოტენციურად კონტინენტისთვის სასიკვდილო შედეგების მოტანა შეუძლია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, სიტუაცია ზაპოროჟიეს სადგურზე „უკიდურესად არასტაბილურია“. სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ენერგოდარში მდებარე ატომურ ელექტროსადგურში ოპერირებადი ეროვნული ენერგოკომპანია და ყოფილი თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციის განგაშს უერთდებიან.

შეგახსენებთ, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიები რამდენჯერმე დაიბომბა. თავად სადგური კატასტროფას გადაურჩა, თუმცა ირგვლივ აფეთქებებს მისი დაზიანება მაინც შეეძლო. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 1984 წლიდან ფუნქციონირებს. ის ჩერნობილის ქარხანას ზომით თითქმის ორჯერ აღემატება. შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის ატომურმა სადგურმა კატასტროფა 1986 წელს განიცადა.

ენერგოდარისა და ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიას ამჟამად რუსეთი შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია გასული წლის მაისის შემდეგ არ დაბომბილა, სიტუაციის ესკალაცია ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ფუნქციონირებას ხელს დენის სისტემატური გათიშვაც უშლის. უკრაინის ეროვნული ენერგოკომპანიის, Energoatom-ისა და IAEA-ის მონაცემებით, ატომურ სადგურში ელექტროენერგია ომის დაწყებიდან დღემდე 8-ჯერ გაითიშა, რაც მალფუნქციის რისკს შეიცავს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი ზაპოროჟიეს სიტუაციას იაპონიაში 2011 წლის ფუკუშიმას ატომური სადგურის კატასტროფას ადარებს, როდესაც ცუნამის გამო წყობიდან სამი ატომური რეაქტორი გამოვიდა. თუმცა, რეალურად ზაპოროჟიეს კონტექსტი განსხვავებულია. ომის დაწყებიდან მალევე, ატომური სადგურის საბჭოთა დროინდელი ექვსი რეაქტორი ნახევრად გამორთულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, რათა ატომის დაშლის რეაქცია გაეჩერებინათ.