მსოფლიო ბანკი 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.8%-ით ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკი 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.8%-ით ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. მისი ვარაუდით, 2024 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკის ზრდა 2.4%-მდე შენელდება. შედარებისთვის, ამ მაჩვენებელმა 2023 წელს 2.6% შეადგინა, 2022 წელს – 3.0%, ხოლო 2021 წელს 6.2%.

მსოფლიო ბანკი პროგნოზის შემცირებას გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს, ქვეყნების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდას, ინფლაციასა და სხვა თანამდევ პრობლემებს უკავშირებს, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობაზე ახდენს გავლენას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება. შედარებისთვის, გასული წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ზრდამ 6.5% შეადგინა.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის ვარაუდით, მიმდინარე წლის განმავლობაში თურქეთის ეკონომიკა 3.1%-ით გაიზრდება, სომხეთის 4.7%-ით, აზერბაიჯანის 2.4%-ით, რუსეთის კი 1.3%-ით. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი წელს უკრაინის ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას პროგნოზირებს.