შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გაგრძელდება

შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გაგრძელდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გახანგრძლივდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თურქეთის, როგორც შუამავლისა და გარანტორის, როლის მნიშვნელობას უკრაინის ომის შედეგად შავი ზღვის პორტებში ჩარჩენილი საკვები პროდუქტების ექსპორტის საკითხში.

„ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, რომელსაც თურქეთი მასპინძლობდა, გაეროს, თურქეთს, უკრაინასა და რუსეთს შორის მიღებული გადაწყვეტილებით, 2022 წლის 19 ნოემბრიდან შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება 120 დღით გაგრძელდება“, ვკითხულობთ ერდოღანის მიერ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში. ერდოღანის ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 11 მილიონი ტონა  მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის.

შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელება დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „„მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გაგრძელდება. უკრაინამ, ანტიონიო გუტერეშთან და რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო გლობალური სასურსათო კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ველოდებით ოფიციალურ განცხადებას პარტნიორებისგან – თურქეთისა და გაეროსგან“, – დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი და უკრაინა მსოფლიოს სურსათის უმსხვილეს ექსპორტიორთა შორის არიან. საწყის შეთანხმებას შავი ზღვის ბლოკირებული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მხარეებმა ივლისში მიაღწიეს. რუსეთმა გაეროს მარცვლეულის შეთანხმებაში მისი მონაწილეობა 31 ოქტომბერს „განუსაზღვრელი ვადით“ შეაჩერა, ზუსტად მას შემდგომ, რაც უკრაინული მხარე ყირიმში, შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

გაეროს შეთანხმების ფარგლებში, შავი ზღვის პორტებიდან დაახლოებით 11.08 მილიონი ტონა მარცვლეულის, მათ შორის 4.5 მილიონი ტონა სიმინდის ექსპორტი განხორციელდა. ხორბლის გადაზიდვებმა 3.2 მილიონ ტონას მიაღწია, რაც ხორბლის სრული ექსპორტის 29%-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *