logo
ENG



ოპერის განცხადება: თეატრმა გაფიცულთა ნაცვლად სხვა პირების მობილიზება უზრუნველყო

30 დეკ 202316:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/30/s7j4atu6xvnoxb7.jpg

გაფიცული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრი განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, თეატრის ფუნქციონირება თანამშრომელთა ცალკეული ნაწილის ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, როგორც ამბობენ, "იზრუნეს შემოქმედებითი პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებაზე" და გაფიცული თანამშრომლების ნაცვლად, სხვა პირების მობილიზება უზრუნველყვეს.

"დღევანდელი მდგომარეობით, ბუნებრივია, ერთი და იმავე ფუნქციის შესასრულებლად თანამშრომლების გაორმაგებული ოდენობა არაგონივრული და დამაზიანებელია. შესაბამისად, გაფიცულ თანამშრომლებთან კვლავ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა ობიექტური მიზეზით ვეღარ განხორციელდება", - ნათქვამია ოპერის განცხადებაში.

მათივე თქმით, ინფორმაცია, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან სცენის სამსახურის თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება 35-40%-ით ეზრდებათ, პროფკავშირებსა და მედიაციის პროცესში ჩართულ პირებს ოფიციალურად ჯერ კიდევ გაფიცვამდე აცნობეს, თუმცა თანამშრომლებმა "თეატრის ინტერესები არ გაითვალისწინეს".

"სამწუხაროდ, შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც სცენის სამსახურში დასაქმებული პირების ერთმა ნაწილმა 2023 წლის 03 ნოემბრიდან მიიღო გაფიცვის გადაწყვეტილება. გაფიცულმა თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ხელფასის შეთანხმებულ - 35-40% პროცენტზე მეტი ოდენობით გაზრდის რესურსი თეატრს არ გააჩნდა, თუმცა, მათ არ გაითვალისწინეს თეატრის ინტერესები და საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ფუნქციონირების საკითხი, არ შეცვალეს პოზიცია და თეატრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე, შრომითი ურთიერთობის შეჩერების 30 დღიანი გონივრული ვადის გასვლის შემდეგაც, 24 დღის განმავლობაში არ შეწყვიტეს გაფიცვის პროცესი", - წერენ ისინი. 

ოპერის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თეატრისთვის უცნობი იყო, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა გაფიცვა და მათ ნაცვლად ახალი თანამშრომლების მობილიზების მიზეზად სწორედ ამას ასახელებენ.

გუშინ, 29 დეკემბერს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ წიქარიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერის 17 გაფიცული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოპერის 25 თანამშრომელი 54 დღის წინ გაიფიცა. მანამდე 21 დღე ისინი ადმინისტრაციასთან ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. პროფკავშირის ჩართულობით, ოპერის თეატრში შრომის ინსპექცია შევიდა, რის შემდეგაც, ხელფასების 30-40%-იანი ზრდა გადაწყდა. თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, თუმცა დღეს ისინი შენობაში არ შეუშვეს.

 

close დახურვა