logo
ENG



ტესტირება კორონავირუსზე და 25 ათასი ჯარისკაცი - ვაშინგტონში ინაუგურაციისთვის ემზადებიან

19 იან 202116:11
3 წუთის საკითხავი
 
ტესტირება კორონავირუსზე და 25 ათასი ჯარისკაცი - ვაშინგტონში ინაუგურაციისთვის ემზადებიან

ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. 

ცერემონიალი 20 იანვარს გაიმართება. 

ერთი შეხედვით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც სხვა პრეზიდენტების შემთხვევაში - ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის შენობის წინ ფიცს დადებს, შემდეგ კი თეთრი სახლისკენ გაემართება. 

თუმცა, კორონავირუსმა და იანვარის დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებულად გაძლიერება გახადა საჭირო. 

გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის 50-ვე შტატში შეიარაღებულ საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ. 

ამიტომ, მაშინ, როცა 2016 წელს,დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს,მის უსაფრთხოევას 8 ათასი ჯარისკაცი იცავდა, ახლა მათი რიცხვი 25 ათასამდე გაიზრდება. ინაუგურაციის დღეს უსაფრთხოებას დაიცავენ ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტი და ეროვნული გვარდია.

დაიხურება მეტროსადგურები და ხიდები. ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ავტორიზებულ მანქანებს ექნებათ. მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობას კი მხოლოდ მცხოვრებლები შეძლებენ. 

დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ადგილზე მისვლის საფრთხის გამო განსაკუთრებული ზომები მიიღეს ტურისტულმა კომპანიებმა. 

ინაუგურაციის დღეს შეწყდება ბინების დაქირავება Airbnb-ის საშუალებით, ასევე არ იმუშავებენ სასტუმროები. 

ინაუგურაციას, როგორც წესი, პრეზიდენტის ათასობით მხარდამჭერი ესწრება, თუმცა, წელს გამონაკლისი იქნება. 6 იანვრის თავდასხმამდეც გადაწყვეტილი იყო, რომ ცერემონიალს ცოტა ადამიანი დაესწრება. დაახლოებით 100 სკამი კი დისტანციით განლაგდება. სტუმრებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე და ასევე, თან ჰქონდეთ კორონავირუსის ტესტი, რომელიც მათ ღონისძიებამდე მცირე ხნით ადრე გაიკეთეს. 


close დახურვა