logo
ENG



საახალწლო ქალაქი და გალა კონცერტი - მერია საახალწლო ღონისძიებებზე 3,5 მილიონ ლარს დახარჯავს

09 დეკ 202112:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/09/6ixukfsk6wh5jwn.jpg

თბილისის მერია საახალწლო კონცერტებისთვისა და ღონისძიებებისთვის 3 556 000 ლარის დახარჯვას გეგმას. გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტების თანახმად, ღონისძიებები 15 დღის განმავლობაში, 2021 წლის 24 დეკემბრიდან 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ 2022 წლის საახალწლო ღონისძიებები "წინა წლისგან განსხვავებით, საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება".

სავარაუდო ხარჯები ასე ნაწილდება:

  • საახალწლო გალა კონცერტი და საახალწლო ქალაქის გახსნა-დახურვის ღონისძიებები - 1 155 500 ლარი;
  • საბავშვო გასართობი აქტივობები - 470 500 ლარი;
  • საახალწლო ქალაქის მუსიკალური პროგრამები, სხვა აქტივობები; საახალწლო ქალაქის დეკორაციები, ინსტალაციები, გაფორმებები - 1 674 000 ლარი;
  • გამოფენა-გაყიდვა — 256 000 ლარი.

შესყიდვის დოკუმენტების თანახმად, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ე.წ. საახალწლო ქალაქის მოწყობა იგეგმება, სადაც გაიმართება საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, იქნებიან ზღაპრის გმირები, ვორქშოფები, სხვადასხვა გასართობი, კულტურული აქტივობები. ჩატარდება მსვლელობები, პერფომანსები, ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები.

მერიაში აღნიშნავენ, რომ ლოკაციებზე განთავსდება საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები: დეკორირებული ნაძვის ხე, მოცულობითი ვარსკვლავები, ელფები თაღით და გირლანდით, მოცულობითი მანათობელი ანბანი, თოვლის ბაბუას სახლი, წიგნის მოცულობითი ინსტალაცია, ღია კინოთეატრი, ინსტალაცია "სანტას გადაფრენა", სინთეტიკური ყინულის დეკორირებული მოედანი, თემატური ფოტოზონები და სხვა.

მერიის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა "თბილისის საშობაო ბაზარი". 31 დეკემბერს, დეკორირებულ სცენაზე გალა კონცერტი გაიმართება. კონცერტში ჩართული იქნება 300-მდე მონაწილე, მათ შორის სოლო შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, ბენდები, წამყვანები, ორკესტრი.


close დახურვა