logo
ENG



UG ღარიბაშვილს: უნივერსიტეტი ალასანიასთვის არ "გადაუციათ", დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურას

13 მარ 202319:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/13/78wwck4t8ktwtvk.jpg

საქართველოს უნივერსიტეტი ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ "უნივერსიტეტი გიული ალასანიას გადაეცა 1 ლარად".

გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ წლების წინ უნივერსიტეტი დააარსეს გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ და მათთვის ის არავის "გადაუცია".

რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ყველაფერი შეძენილია ღია აუქციონზე და გადახდილია 4 მილიონ აშშ დოლარამდე, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები კი არსებობს.

ამასთან, უნივერსიტეტი აცხადებს, რომ ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს და მზადაა, ამ თემაზე დეტალურად ისაუბრონ ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში.

"საქართველოს უნივერსიტეტი შეშფოთებულია გუშინ, 12 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ქვეყნის პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ლახავენ უნივერსიტეტის ღირსებასა და პრესტიჟს და არ შეესაბამებიან სინამდვილეს.

საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის შეძენასთან დაკავშირებით წლებია ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. გუშინაც ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ თითქოს უნივერსიტეტი ქალბატონ გიული ალასანიას გადაეცა 1 ლარად. გვსურს იმედი დავიტოვოთ, რომ პრემიერის განცხადება განპირობებულია არა ცილისწამების მიზნით, არამედ ინფორმაციის უქონლობით.

იმისათვის, რომ პრემიერმა მომავალში თავიდან აიცილოს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას სიმართლე: წლების წინ უნივერსიტეტი დააარსეს გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ და მათთვის ის არავის „გადაუცია“. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, ყველაფერი შეძენილია ღია აუქციონზე და გადახდილია 4 მილიონ აშშ დოლარამდე. ეს თანხა უნივერსიტეტმა საბანკო კრედიტის საშუალებით დაფარა. ცხადია, ხელთ გვაქვს ამის დამადასტურებელი ყოველგვარი საბუთი. აღნიშნულ ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით ვაპირებთ სამართლებრივი პროცედურების დაწყებასაც და მზად ვართ, ამ თემაზე დეტალურად ვისაუბროთ ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში, ნებისმიერ პირთან, მათ შორის, ბატონ პრემიერთანაც.

აქვე ვიტყვით, რომ უნივერსიტეტის დაარსებას ჰქონდა ერთი მთავარი მიზანი - ახალგაზრდა თაობისთვის მაღალი დონის განათლებისა და შესაძლებლობების მიცემა, მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათთვის სამომავლო პერსპექტივების გაჩენა. წლებია, უნივერსიტეტი პირნათლად ასრულებს ამ მოვალეობას და დღეს საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო რეპუტაციული მარეიტინგებელი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია ამიერკავკასიაში საუკეთესო კერძო უნივერსიტეტად, რომელსაც ჰყავს ათასობით კურსდამთავრებული და სტუდენტი. გარდა ამისა, ის ასაქმებს ათასზე მეტ ადამიანს პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის სახით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იცავს ქვეყნის ინტერესებს და საკუთარი წვლილი შეაქვს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში, ის აპოლიტიკური დაწესებულებაა, სადაც ადამიანი იღებს ობიექტურ განათლებას. აღსანიშნავია, რომ აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი არაერთი თვალსაჩინო პირიც"- აცხადებენ უნივერესიტეტში. 

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია ღარიბაშვილის მხრიდან საქართველოს უნივერსიტეტის სტუენტების "უნივერსიტეტის მიერ მართულ ჯგუფად" წარმოჩენა.

"გარდა ზემოთქმულისა, ჩვენთვის უფრო შემაშფოთებელი იყო გუშინ პრემიერის მიერ ჩვენს სტუდენტებზე გავრცელებული ინფორმაცია, რასაც მოვიაზრებთ მათ შეურაცხყოფად: ბატონმა ღარიბაშვილმა ისინი წარმოაჩინა, როგორც უნივერსიტეტის მიერ მართული ჯგუფი. ასევე შემაშფოთებელი და გულდასაწყვეტია მისი მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასება, როგორც "ძირგამომთხრელის და არასახელმწიფოებრივის“.

საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ ზრდის თავისუფლად მოაზროვნე თაობას, რომელიც თავად წყვეტს, რომელ აქციაზე დადგეს, რა მოითხოვოს და როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები, იქნება ეს უნივერსიტეტის კედლებს შიგნით თუ მის გარეთ. ქვეყნის უახლეს ისტორიაში ქართველმა სტუდენტებმა არაერთხელ ითამაშეს გადამწყვეტი როლი და მიგვაჩნია, რომ ამ როლის დაკნინება სტუდენტებისთვის სილის გაწვნის ტოლფასია.

საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იდგება ნათელ მხარეს - სამშობლოსა და ახალგაზრდების ინტერესების სადარაჯოზე.

Libertas, Humanitas, Excelentia!"- ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა