LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრე თუ გვიან ქართველები, ოსები და აფხაზები შერიგდებიან, მაგრამ მე ამას ვეღარ მოვესწრები … მე და პუტინი თითქმის ვმეგობრობდით – რას ამბობდა შევარდნაძე

1154
შევარდნაძე აფხაზეთი

ჟურნალისტი ესმა კუნჭულია საქართველოს მეორე პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან 2008 წელს ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.

შევარდნაძე საუბრობს გეგმაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ორად გაყოფაა ჩაფიქრებული.

ინტერვიუ სამწუხაროდ დღესაც არ კარგავს აქტუალობას…

„ფორტუნა“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ესმა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

 

 

(2008, სექტემბერი – ჟურნალი „პირველი“)

-ბატონო ედუარდ, რუსეთი საქართველოს დასავლეთთან “ღალატში“ ადანაშაულებს. საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ალიანსი რუსეთს პირდაპირ ცხვირწინ მიუჩოჩდება. გორბაჩოვი ამბობს, რომ როცა გერმანიის გაერთიანების მოლაპარკებები მიმდინარეობდა, ბეიკერმა და კოლმა მოგცეს პირობა, რომ თუ გერმანია გაერთიანდებოდა, ნატო აღმოსავლეთისკენ გაფართოებას შეწყვეტდა… ნამდვილად არსებობდა ეს შეთანხმება?

– უფრო მეტიც, იყო პირობა, რომლის თანახმადაც, გერმანიას საერთოდ უნდა დაეტოვებინა ნატოს რიგები. გარდა ამისა, გერმანიამ სხვა ვალდებულებებიც აიღო თავის თავზე, მაგალითად, მისი ვალდებულება იყო, რომ ქვეყნის არმიაში არ ეყოლებოდა 300 000 ჯარისკაცზე მეტი, რომ არასოდეს გამოიყენებდა იარაღს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ნატოდან გერმანია იმიტომ არ გავიდა, რომ სხვა პირობების სანაცვლოდ ჩვენ დაეთანხმეთ ამ პუნქტის გაუქმებას.

  • დღეს აშშ-სა და რუსეთსა შორის ლიდერობისთვის ბრძოლა განსაკუთრებით მძაფრ სტადიაში შევიდა..

– გეთანხმებით, ასეა, ორივე პოლუსს სურს ლიდერობა. მახსოვს, ელცინის დროს საქმე იქამდე მივიდა, რომ ელცინი გააფთრებული სახით გაიძახოდა: მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი აქ არის – მოსკოვში, მოსკოვში, მოსკოვში!

– თქვენ იყავით პირველი პრეზიდენტი, ვინც ნატოსთან თანამშრომლობა დაიწყეთ.

თქვენ წერდით: „თავდასხმები საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებზე, ასევე ტერორისტული აქტები უზბეკეთის პრეზიდენტზე ისლამ ქარიმოვის წინააღმდეგ, მიმართულია ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის საფუძვლების შესარყევად. ცდილობენ რა აბრეშუმის გზის მომხრე პრეზიდენტების ლიკვიდაციას, ისინი ებრძვიან ევრაზიის ხიდის აღმშენებლობის იდეას“. რა ხდებოდა რეალურად?

– როცა გადაწყდა, რომ ქართული ჯარი ამერიკელებს უნდა მოემზადებინათ, ამის შესახებ პუტინს 2002 წლის თებერვალში ალმა-ატაში, დსთ-ს სამიტზე ვუთხარი. შევატყვე შეცბა. ჩვენც მოგიმზადებდითო, დაგეხმარებოდითო, მიპასუხა.

მე ვუთხარი: თქვენ არ გაქვთ იმდენი შესაძლებლობა, მოგვიმზადოს ამერიკელებმა, მაგრამ თუ გინდათ ხელწერილს დაგიდებთ, რომ საქართველო აშშ-ს სამხედრო ბაზა არ გახდება და არც არასოდეს წავა რუსეთის წინააღმდეგ. სამიტის შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე პუტინს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა: „როგორ შეაფასებდით იმ ფაქტს, რომ ქართულ არმიას ამერიკელები მოამზადებენ“?

დავიძაბე, პუტინმა ჟურნალისტს უპასუხა: „საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას აქვს უფლება, თავად აირჩიოს მოკავშირეები“. მე და პუტინი თითქმის ვმეგობრობდით, პეტერბურგში ლექციების წასაკითხად ვიყავი და სობჩაკმა პუტინი მომაგრა…

– როგორც ვიცი, 2003 წლის მარტში პუტინმა სოჭში დაგპატიჟათ დასასვენებლად…

– დიახ, დამირეკა და მითხრა, სოჭში ვარ დასასვენებლად ჩამოსული, ჩამობრძანდით, თქვენც ჩემთან ერთად დაისვენეთ, გნებებავთ მეტი ხნით დარჩითო… მითხრა, თან საქმე მაქვს, რომელიც არ მინდა თქვენს გარეშე გადავწყვიტოო.

პუტინმა დაიწყო: ის, რასაც ახლა გეტყვით, შემეძლო აფხაზებისთვის მეთქვა, უარს არ მეტყოდნენ, მაგრამ უფრო მართებულად მიმაჩნია ეს ჯერ თქვენ გითხრათო. სოჭიდან სოხუმამდე რკინიგზის ხაზი გადის, გთავაზობთ ქართულმა მხარემ გააგრძელოს ეს ხაზი ჯერ ენგურამდე, შემდეგ სამტრედიამდე, მერე თბილისს დაუკავშირდება რკინიგზა, ერევანს, ბაქოს, თურქეთს.

რკინიგზის აღდგენა დევნილების დაბრუნებას შეუწყობს ხელს, მე ვიცი, რომ აფხაზეთი საქართველოა და თქვენს გარეშე არ უნდა გადამეწყვიტა ეს საკითხი. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ ვუთხარი, ერთ-ერთ რაიონში სიმბოლურად მაინც დაგვეხმარეთ დევნილების დაბრუნებაში. პუტინმა მაშინვე გადაურეკა რუსი სამშვიდობო ჯარების სარდალს და უთხრა, გალის რაიონში დააბრუნეთ დევნილები და ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს რომელიმე მათგანს, პასუხს შენ აგებო. მე სოჭში დავრჩი, მესამე დღეს ურეკავენ პუტინს და ანგარიშს აბარებენ, რომ გალის რაიონში 70 000 დევნილი უკვე დაბრუნდაო (მაშინ, როცა საბჭოთა კავშირის დროს გალის რაიონში 80 000 ადამიანი ცხოვრობდა).

 

 

– 1990-იან წლებში საქართველო წელიწადზე მეტ ხანს იყო ჩაბმული რუსეთთან გამოუცხადებელ ომში და რა თქმა უნდა, მაშინაც არსებობდა საქართველოს ოკუპაციის გეგმა… მაშინ რატომ ვერ გაბედეს (თუ არ მოისურვეს) საქართველოს სიღრმეში შემოსვლა? მით უმეტეს მაშინ ბევრად არეული იყო საქართველოს შიდა პოლიტიკა…

– ალბათ, იმიტომ, რომ მე დიპლომატიურ ურთიერთობებს არასოდეს ვწყვეტდი რუსებთან. უკვე გითხარით, რომ პუტინთან თითქმის ვმეგობრობდი. რუსეთი დიდი ქვეყანაა, თუ მოინდომებს პატარას ყოველთვის მოერევა.

– ანუ თქვენი და პუტინის მეგობრობა „იცავდა“ საქართველოს?

– მაშინდელი პრეზიდენტების ურთიერთობა წყვეტდა ამ ფაქტს…

– პირველი ომების დროს ელცინი იდგა რუსეთის სათავაში…

– ელცინის დროს მოხდა ასეთი ფაქტი – ჩემმა მოწინააღმდეგეებმა ფოთი აიღეს და პორტი დაიკეტა. ფოთი მაშინ ერთადერთი არტერია, იყო, საიდანაც პროდუქტებს ვიღებდით, მაშინ ბათუმის პორტი არ მუშაობდა. მოწინააღმდეგები სენაკისკენ და ზუგდიდისკენ დაიძრნენ, ამას მოჰყვებოდა თბილისის აღებაც. მოწინააღმდეგტა შორის ჩრდილო კავკასიელები და კაზაკები იბრძოდნენ… დახმარება ვთხოვე ელცინს, ვუთხარი საქართველოს ბედი წყდება და უნდა მიშველო… ელცინმა ცივად მითხრა, ჩვენ ახლა თქვენი ფოთის თავი არ გვაქვსო, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემთო – ლიხის მთით გაყავით საქართველო, დასავლეთი – ზვიადმა მართოს, თბილისი შენო.

ელცინს გენერალმა გრაჩოვმა საქართველოს რუკა მიუტანა, რომელზეც საქართველოს ორად იყო წითელი ხაზით გაყოფილი. აი, ასე უყურებდნენ ელცინის რუსეთში საქართველოს მომავალს. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა მიშველა, კრავჩუკმა – ფლოტი დამახმარა…

– თქვენ თქვით, რომ პუტინს (ელცინისგან განსხვავებით) არასოდეს … გამოუხატავს საქართველოს წინააღმდეგ თავისი აზრი…

– მე გითხარით, რომ პუტინს არასოდეს უთქვამს ამის შესახებ, მაგრამ რუსი სამხედროები ყოველთვის ემზადებოდნენ ამისათვის. ის, რაც დღეს მოხდა, ამის წინაპირობა გახლავთ ის ფაქტი, რომ რუსებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში რუსული პასპორტების გაცემა დაიწყეს. მათ სურდათ ჰქონოდათ სათქმელი, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვიცავთო. მთელი 12 წლის მანძილზე მე და ჩემი მთავრობა, ვუმტკიცებდით აფხაზებს და ოსებს, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ბევრმა ოსმა და აფხაზმა დაიჯერა, რომ ეს ასე იქნებოდა, რომ ქართველები მშვიდობიანი მოგვარების მომხრეები ვიყავით და აი, უცებ ცხინვალში ცეცხლი…

ამ ფაქტმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. მინიმუმ 10 წლით დაიწია ქვეყანამ უკან. ერთხელ მაინც თუ უხსენებია ვინმეს, რა დღეში იყო საქართველო, როცა მე ჩამოვედი, მახსოვს, ჯერ გენშერი და მერე ბეიკერი ჩამოვიდნენ საქათველოში და რუსთაველის პროსპექტის სანახავად წავიყვანე. როცა ბეიკერმა ნახა, რა დღეში იყო თბილისი – პარლამეტი დანგრეული, სასტუმროები დამწვარი, მომიბრუნდა და მკითხა – კი მაგრამ, თქვენ ნადირები ხართო?

 

 

ჯეიმს ბეიკერი თბილისში

 

– თქვენც დასავლეთისკენ – აბსოლუტურად სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი გქონდათ… დღევანდელი ხელისუფლებაც იმავე კურსს მისდევს. მაშინ, რატომ „გაგწირათ“ დასავლეთმა? (ეს ფრაზა თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე, რუს ჟურნალიტთან)… იქნებ იმიტომ, რომ რუსეთთანაც არ წყვეტდით დიპლომატიურ ურთიერთობებს?

– მაშინ რაც პარლამენტში მოხდა, შეიარაღებული ახალგაზრდების შემოიჭრა, მე ეს სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობად შევაფასე და საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე. მე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვიყავი, ქვეყნის მთავარსარდალი და რასაც არმიას ვუბრძანებდი, იმას გააკეთებდა. სისხლი დაიღვრებოდა… სახლში მივდიოდი, უკვე საღამო იყო, როცა ტელევიზია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადასცემდა და მე ვიფქრე, კი ხომ შეიძლება ქართველების სიხლი დაიღვაროს და ჩემს თავს ვუთხარი: ედუარდ, შენ ქართველების სისხლის დაღვრის უფლება არ გაქვს! მაშინვე გადავრეკე კანცელარიაში, ტელევიზიებიდან საგანგებო მდგომარეობის განცხადება გამოვითხოვეთ და მეორე დილით გაზეთებში უკვე აღარ დაბეჭდილა.

სახლში ნანული მეუბნება, მე კარგად ვიცი, რა არის საგანგებო მდგომარეობა, შენ სისხლი გინდა დაღვაროო? მე ვუთხარი, სისხლს არ დავღვრი, მაგრამ ხვალიდან მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები-მეთქი… მერე რეკავს პაატა, ჩემი შვილი პარიზიდან, მამა სისხლი დაიღვრებაო. პაატაც დავამშვიდე. მეორე დილით დავიბარე ოპოზიცია და ვკითხე, როგორ შეიძლებოდა სიტუაციის დამშვიდება?! ჟვანიამ მითხრა, ყველაზე უმტკივნეულო გადაწყვეტილება, პრეზიდენტის გადადგომა იქნებაო… როცა ვუთხარი, მივდივარ-მეთქი, შევატყვე, სახეზე გაოცება დაეტყოთ. ისევ ჟვანიამ მითხრა, ჩვენ ვერ გაგიბედეთო, მაინც თქვენი გაზრდილები ვართო. აშკარად გაუკვირდათ, უცებ რომ ვუთხარი, გადავდგები-მეთქი. ფიქრობდნენ, რომ ვაჭრობას დავიწყებდი, დამტოვეთ 4 თვე, 5 თვე, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული…

– და მაინც რატომ გიღალატათ დასავლეთმა? იქნებ, იმიტომ, რომ რუსეთს რაღაცებს ზედმეტად უთმობდით…

– შეიძლება, მაგრამ ნამდვილი ღალატი არ ყოფილა. იყო ასეთი მოსაზრებები. ამერიკელებმა ეს ახალგაზრდა ბიჭები რომ გაიცნეს, მერე გადაწყვიტეს, რომ შევარდნაძის დრო მთავრდება და მათზე აიღეს ორიენტაცია. ჩემი გადაგომის შემდეგ, პრეზიდენტ ბუშმა გამომიგზავნა წერილი, სადაც ის ჩემს დამსახურებებზე ლაპარაკობს, რომ გერმანია გავაერთიანთ, რომ დამთავრდა ცივი ომი და ბოლოს, წერს, რომ თქვენი ყველაზე დიდი გმირობა ის იყო, როცა ხელისუფლება თქვენს გაზრდილ ახალაგაზრდებს გაბარებთო… ეს საეჭვო რაღაც იყო, მაგრამ ეჭვით მე არასოდეს ვხელმძღვანელობდი.

– და კიდევ ერთხელ მინდა შევაჯამოთ დღევანდელი სიტუაცია – რუსეთს აფხაზეთი სჭირდება, რადგანაც სჭირდება შავი ზღვა. გენერალი გრაჩოვის ცნობლი ფრაზაა „ჩვენ თუ დავკარგავთ აფხაზეთს, დავკარგავთ შავ ზღვას. თქვენ გქონიათ გეგმა, რომელიც შავ ზღვაზე საერთო პორტის აშენებას შეეხებოდა… პორტს ააშენებდა რუსეთი, საქართველო და უკრაინა და სამივე ქვეყანას შეეძლებოდა ერთად ესარგებლათ ამ პორტით“…

– დაუმატეთ მაგ სიას აფხაზები… ანუ თუკი 3 სახელმწიფო და რეგიონი აფხაზეთი ამ გეგმას განახორციელებდა, ბევრი პრობლემა მოგვარდებოდა. შავ ზღვაზე გასასვლელის პრობლემა რუსეთს ნამდვილად აქვს. უკრაინა მოითხოვს, რომ სევასტოპოლში რუსეთს 17 წლიანი კონტრაქტი შეუმცირონ. საერთო პორტის შემთხვევაში რუსეთი შავ ზღვაზე საკუთარ ადგილს იპოვიდა. ასეთი პორტის აშენება შესაძლებელია გუდაუთაში, ან ოჩამჩირეში, გალშიც არის ამისი საშუალება, სოიხუმშიც. რუსეთს შავ ზღვაზე გასავლელი გაუჩნდებოდა, მაგრამ ამ გეგმას ყურადღება არ მიაქციეს. ეს გეგმა აფხაზეთის დაბრუნებასაც შეუჭყობდა ხელს. მანმადე აფხაზების სტატუსი უნდა განსაზღვრულიყო.

სტატუსის თანახმად, აფხაზებს ექნებოდათ საკუთარი კონსტიტუცია, ეყოლებოდათ გვარდია, მაგრამ აღიარებული იქნებოდა საზღვრები, მათ ეცოდინებოდათ, რომ ცხოვრობენ საქართველოს საზღვრებში. როცა ეს ყველაფერი მოწესრიგდებოდა, აფხაზებიც დაინტერესდებოდნენ ამ ნავსადგურის მშენებლობით. არც აფხაზეთის ავტონომიის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მაინც ნაჩქარევად მიმაჩნდა მისი აღიარება…

დღეს ურთულესი მდგომარეობაა. ხან ამბობენ გამარჯვებულები ვართ, ხან სხვა რამეს ამბობენ… მაგრამ მინდა გითხრათ მთავარი, რომ რუსეთმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა, როცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ რუსეთს წინ ურთულესი პერიოდი ელის. რას ეტყვიან ისინი ჩეჩნებს, რომლებიც რუსეთთან ომში განადგურდნენ?

რას ეტყვიან ინგუშებს, დაღესტანს, რომელშიც 4 ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლეა, თან ზღვაზე გასავლელი აქვთ. რატომ არ უნდა უნდოდეს დაღესტანს დამოუკიდებლობა? თათარსტანი, როლმის ტერიტორიაზეც 100 მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებენ… ხომ შეიძლება თათარსტანიც ცალკე სახელმწიფოც იყოს?! გნებავთ ბაშკირსტანი, ბაშკირეთი. ხვალ შეიძლება ყველა ამ უცხო გენეტიკის ხალხებმა დამოუკიდებლობა მოითხოვონ. თუ ოსეთის აღიარება შეიძლება, რატომ არ შეიძლება დაღესტნის აღიერება, რომელიც ზღვაზე გადის?

– თითქოს საუბარი გვაქვს 2 სხვადასხვა პუტინზე: ერთი, რომელმაც საქართველო დაბომბა, და მეორე, რომელიც თქვენ სოჭში გეუბნებოდათ, რომ აფხაზეთი საქართველოა.…პუტინი ვერ აცნობიერებს ამ საბედისწერო შეცდომას?

– პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან, ბესლანი გაიხსენეთ – რამდენი სისხლი დაღვარა? ეს ხომ პუტინის ხელმძღვანელობით განხორციელდა. თავისი ხალხი არ დაინდო, შენ რატომ დაგინდობს? შეცდომა ორგვარია, ერთი, რაც პუტინმა დაუშვა და მეორეა ჩვენ რაში შევცდით? რატომ შევედით ცხინვალში, თუკი როკის გვირაბის აღების გარანტია არ გვქონდა?

– იქნებ არ ეგონათ, რომ რუსეთი საქართველოში ასე ღრმად შემოსვლას გაბედავდა? …

– მეგონაზე არ შეიძლება ომის დაწყება. დარწმუნებული ვარ მოატყუეს, შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი ინფორმაციები მიაწოდეს პრეზიდენტს. ალბათ, დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აი, დავიბრუნებთ ცხინვალს და ჩვენი ავტორიტეტი ამაღლდება და მომავალ არჩევნებში კიდევ გავიმარჯვებთო.

– მაგრამ მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთმა დაიწყო ომი. ეს ხომ გასაკვირი არ არის, თქვენი პრეზიდენტობის დროსაც არღვევდნენ რუსი სამშვიდობოები საქართველოს საზღვრებს და მშვიდობის ნორმებს…

– ცხინვალში არმიით რომ არ შევსულიყავით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ასე აშკარად ვერ შემოვიდოდა. ვერ გაბედავდა შემოსვლას ვერც გორში, ვერც იგოეთში და ვერც ფოთში. მართალია ევროკავშირი დაგვიდგა გვერდით, რუსეთის საქციელი დაგმეს, მაგრამ შესაძლოა ეს დიდხანს არ გაგრძელდეს. რუსეთი სჭირდება დასავლეთს, ეკონომიკურად სჭირდება, როგორც სავაჭრო პარტნიორი, რომელიც აწვდის გაზს, ნავთობს, ხე-ტყეს და ათას სხვა ნედლეულს.

– თქვენი აზრით, რამდენ ხანში შეეძლო ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებს სოხუმამდე ჩავეყვანეთ?

– ძნელი სათქმელია… ადრე თუ გვიან ქართველები, ოსები და აფხაზები შერიგდებიან, მაგრამ ამას 10 წელი არ ეყოფა, მე ამას ვეღარ მოვესწრები, მაგრამ შენ მოესწრები აუცილებლად…

– რა იქნება რუსეთთან?

– მე შევეცდებოდი, რომ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები აღმედგინა რუსეთთან. რუსეთი საქართველოს მეზობელია და კავშირის სამუდამოდ გაწყვეტა, მაინც არ გამოგვივა. თუ საქმეს დასჭირდებოდა და შედეგს გამოიღებდა, დსთ-შიც უკან შევიდოდი. როცა დსთ-ში შევედით, პარლამენტი სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ მე თითქმის ერთპიროვნული გადაწყვეტილება მივიღე და მაინც შევედით. ჩემი მეგობარი პრეზიდენტები — ნაზარბაევი, კარიმოვი და სხვები მირჩევდნენ, დსთ-ში ერთად რომ ვიქნებითო, ელცინს ერთად მივაწვებითო. ზოგჯერ ერთობლივი ერთობლივი ზეწოლით ელცინი იძულებული იყო რაღაც-რაღაცეები მოემოქმედებინა.

– კონკრეტულად რა?

– როცა აფხაზეთში საქმე ძალიან დაიძაბა, 1992 წლის 3 სექტემბერს შეგვკრიბა მე და ჩრდილოკავკასიელი ლიდერები მოსკოვში და თათბირზე თქვა – ხომ არ მოვიდა დრო, აფხაზეთში ომი დავამთავროთო? აგაშენა ღმერთმა მეთქი, ვუთხარი. არძინბაც იქ იყო. კენჭი უყარა საკითხს, ყველამ ხელი აწია, გარდა არძინბასი. ელცინმა არძინბა გვერდით ოთახში გაიყვანა, რაღაც უთხრა და უკან შემოვიდნენ. ელცინმა გამოგვიცხადა, ვლადისლავ გრიგორიჩიც თანახმააო.

მე ამის დასტურად მეორედ კენჭის ყრა მოვითხოვე, მეორე კენჭის ყრაზე არძინბამაც აწია ხელი. ელცინმა გამოაცხადა, ამგვარად მეგობრებო, ომი აფხაზეთში დამთავრებულიაო. გაგრაში 400 კაცი იდგა, ლესელიძეში 700. ამ ბიჭებმა რომ გაიგეს, ომი დამთავრდაო, უკან დაბრუნდნენ. მაშინ ფაქტობრივად რეგულარული ჯარი არ გვყავდა, ძირითადად მოხალისეები იბრძოდნენ. გაგრაში მხოლოდ 20 კაცი დარჩა. 3 კვირის შემდეგ, ბიჭვინთის ნაძვნარიდან შემალული 400 შეიარაღებული კაცი დაესხა ამ ბიჭებს თავზე. გაგრა აიღეს. ლესელიძე აიღეს და გამოუტიეს სოხუმისკენ. ახლა ვფიქრობ, ალბათ, მომატყუა ელცინმა იმ დღეს…

 

 

– ურჩიეთ რამე ქართველ პოლიტიკოსებს…
– ნაკლები ვიტრაბახოთ, დახმარება, რომელსაც გვიწევენ არ უნდა ჩავიდოთ ჯიბეში, ხალხს უნდა მოვახმაროთ, უბინაო ხალხი დავაბინაოთ. ახლა საკმაოდ დიდ დახმარებას ვიღებთ.

ევროკავშირში 500 მილიონი ცხოვრობს, ყველა ჩვენს მხარესაა. ევროკავშირთან უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა. აშშ-სთან გავაგრძელოთ ურთიერთობა და შევეცადოთ რუსეთთანაც, მე არ ვამბობ ბოდიში მოვიხადოთ, მაგრამ შევეცადოთ დიპლომატია ავამოქმედოთ. რუსეთი ყოველთვის დარჩება ჩვენს დიდ მეზობლად. ამას ვერ გავექცევით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები