LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთი დღე პურის გარეშე

18
puri

ხორბლის პური მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი საკვებია. იგი ბიოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელი პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება.

პურის დღიური მოხმარება სხვადასხვა ქვეყანაში 150-500 გრამამდე მერყეობს. პურის მეშვეობით ადამიანი იღებს ნახშირწყლებს (40-52%), ცილებს (5-9%), მინერალური ნივთიერებებს (კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, რკინას) და ვიტამინებს. პური განსაკუთრებით მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ნერვული სისტემის რეგულატორების როლს ასრულებს და უზრუნველყოფს სტრესისგან დაცვას. გარდა ამისა, ხორბლის პურში შემავალი ცილები დიდი რაოდენობით შეიცავს გლუტამინის მჟავას, რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის, სწავლის უნარისა და მეხსიერებისთვის.


მაღალი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური რა თქმა უნდა უფრო ნოყიერია, მაგრამ უფრო დაბალი ბიოლოგიური ღირებულება აქვს, რადგან თითქმის არ შეიცავს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს. თან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანის ორგანიზმს უჯრედანაც სჭირდება: ნივთიერება, რომლის ნაკლებობა კუჭნაწლავისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს და შესაძლოა, სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის მიზეზადაც კი იქცეს. უჯრედანა კი ჩვეულებრივი ფქვილით გამომცხვარ პურში შედარებით მეტია. გარდა ხორბლისა, პური ჭვავის ფქვილისგანაც ცხვება. ჭვავის პური ნაკლებად კალორიულია და დიეტურ კვებაში გამოიყენება.

გარდა ამისა, სხვადასხვა დაავადებების დროს, დიეტოლოგები გვირჩევენ მივირთვათ ისეთი დანამატებით გამომცხვარი პური, როგორიც არის:
ქატო, შეკრულობის, სიმსუქნისა და ჭარბი წონის დროს.
ცილები, რომელიც რეკომენდებულია დიაბეტიანებისთვის.
ლეციტინი რეკომენდებულია ათეროსკლეროზის, ანემიის, ღვიძლის დაავადებების დროს და სტრესის შედეგების შესამცირებლად.
კვლიავი კარგია შებერილობისა და მუცელში სიმძიმის დროს.
იოდი გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. უმარილო და მცირედ მარილიანი პური რეკომენდებულია თირკმელების, ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

ზოგჯერ დიეტოლოგები წინა დღის პურის ჭამას გვირჩევენ. ეს იმიტომ რომ ახალი პური ღეჭვისას ცომდება და კუჭ-ნაწლავს მისი გადამუშავება უჭირს, რაც არასასურველია კოლიტის დროს. ამავე დროს, ახალი პური კუჭის წვენის ინტენსიურ გამოყოფას იწვევს, რაც გასტრიტის დროს დაუშვებელია.



თუ შეფუთულ პურს აწერია, რომ მისი შენახვა 7-14 დღეა, ნუ შეიძენთ – მას აუცილებლად ექნება დამატებული ქიმიური კონსერვანტები, რომლებსაც რაც ნაკლებს მიირთმევთ, მით უკეთესია. თუ, პური რბილობში თანაბარი, მცირე ფორების ნაცვლად დიდი სიცარიელეებია, ეს ნიშნავს, რომ ცომს ჭარბად დაამატეს საფუარი ან ქიმიური გამაფუებლები. არც ერთი და არც მეორე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის, ამიტომ ასეთ პურსაც მოერიდეთ. რუხ და შავ პურში ხშირად ჭვავის ფქვილის ნაცვლად მუქი ფერის საღებავია დამატებული. ამ ფალსიფიკაციის გამოვლენა საკმაოდ იოლია: ჩაფშვენით პური წყალში და შეანჯღრიეთ. თუ წყალს მოყავისფრო (ჩაის) ფერი მიეცა, ეს პური შეღებილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები