LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მაგარი მეგობრები ვართ, მაგრამ როცა საქმე მუსიკას ეხება…“ – ნანუკა ფორჩხიძე

21
დათო & ნანუკა ფორჩხიძე

5 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ დათო და ნანუკა ფორჩხიძეები სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „დიდხანს გელოდი“ ახალი ვერსიის პრემიერა შედგა. გადაცემის სტუმრებმა საკუთარ შემოქმედებაზე, კარიერაზე და ქართულ შოუბიზნესზე ისაუბრეს.

ნანუკა, როგორია დათო ფორჩხიძის შვილად ყოფნა?

ნანუკა: სულ იმას ვამბობ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მეჩხუბება, რატომ იძახი ასეო. ძალიან მაგარი მეგობრები ვართ, მაგრამ როცა საქმე მუსიკას ეხება…

დათო: ახლა მაგარ რაღაცას გეტყვით. დღეს ძალიან მოდაშია, რომ ქალბატონები მამაკაცების მიმართ რაღაც კომპრომატებს ინახავენ. ნანუკას ერთი ვიდეო აქვს შენახული, რომლითაც მემუქრება (იცინის). ვიდეოში მღერის და უცებ სუფთად არ იღებს რაღაც ნოტს და თმებში ვწვდები (იცინის).

დათო, როდის აღმოაჩინე, რომ ნანუკას სიმღერის ასეთი საოცარი ნიჭი აქვს?

დათო: მაგარ დროს აღმოვაჩინე. თუ გახსოვთ, მამუკა ონაშვილს ჰქონდა აფრიკ სიმონის სიმღერა გადაკეთებული, „უკარება გოგო“, სადაც ვიდეო რგოლში ნიღბიანები იყვნენ. ნანუკას კი ნიღბიანი ადამიანების ეშინოდა, ვიდეოებს რომ უყურებდა. მივდივართ მანქანით და წინ მიზის ნანუკა, რომელიც 2 წლისაც არ არის. რადიოში იწყება აფრიკ სიმონის სიმღერა, რაღაც მომენტში კი გამიელვა ტვინში, რომ ეს ის სიმღერაა და ნანუკას ეშინია, მაგრამ ვიფიქრე, ამას მაინც ვიზუალის მხრივ აქვს შიშები-მეთქი. ვხედავ, რომ ბავშვი იკუმშება, პატარავდება და ხელს იშვერს, გადართეო. წლინახევრის მიხვდა, რომ ეს ის სიმღერა იყო. ძალიან გამიხარდა, რომ ასე აღიქვამდა მუსიკას და რომ მიხვდა. იმის მერე სულ მღერის, ძალიან ჭკვიანია, თუმცა ძნელია ესე უცებ, რაღაც მიღწევებია საჭირო. რეალურად, მთელს სამყაროში ასეა, მიღწევების მიხედვით გაფასებენ და არა – ნიჭის.

როცა დათო ფორჩხიძის შვილი ხარ, ეს ყველაფერი, ალბათ, კიდევ უფრო რთულია…

დათო: ამას სჭირდება რაღაც სტატისტიკა, სადღაც კონკურსზე თორმეტეულში უნდა მოხვდე და ა.შ.

ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი იღებს მონაწილეობას კონკურსებში, თუმცა მერე, რატომღაც, იკარგებიან…

დათო: კი, მაგრამ იმ მომენტში ხომ ჩანს და ეს უკვე რაღაც წოდებაა. წოდებებია აქ მნიშვნელოვანი.

დღეს, ბევრი აღნიშნავს, რომ არის კრიზისი და აღარ იქმნება ახალი ნამუშევრები. შენ რას ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით?

დათო: იქმნება, მაგრამ ჩვენ ვერ ვასწრებთ ამის აღქმას და შეყვარებას. ჩვენ გვჭირდება გამეორება, თუთიყუშები ვართ. ადამიანი არის თუთიყუში, რაც უფრო ბევრჯერ გაუმეორებ, ბევრჯერ ჩასძახებ, მით უფრო დაიჯერებს, შეისწავლის. მაგალითად, კონცერტზე რომ ვმღერით და თუ გვაქვს 10 ცნობილი და 5 არა ცნობილი სიმღერა, იმ 5 სიმღერაზე, რაც არ უნდა ტემპიანი იყოს, ჩერდებიან და მუმიებივით დგებიან.

ნანუკა, სამომავლოდ თუ გეგმავ კონკურსებში მონაწილეობას?

ნანუკა: არა, საქართველოში არ მინდა კონკურსზე გასვლა, საზღვარგარეთ შეიძლება.

დათო: კარგად რომ იმღეროს და კარგი ქულა დაუწერონ, მამამისმა ჩაუწყოო, იტყვიან, ცუდად იმღერებს და …

იმის გამო, რომ მამამისი ხარ, ნანუკა ხომ არ უნდა დაიჩაგროს…

დათო: ჩვენ ამას თავს არავის ვახვევთ, ეს ჩვენი პრობლემაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ცნობილი და სამყაროს ეს არ აინტერესებს. თუ გახდება, სამყარო ეტყვის, ყოჩაღ, თუ ვერ გახდება, პრობლემა არ არის. როგორმე უნდა იპოვოს ფორმა, როგორ გახდეს ცნობილი. მე საქართველოში ათასობით უნიჭიერესი, ჩემზე მაგარი ხალხი მინახავს, რომლებიც ჩაიკარგნენ, მაგრამ სამყარო ამით არ მოკვდა.

ალბათ, ეს ადამიანები სტიმულის არ ქონის გამო ჩაიკარგნენ…

დათო: ჩემი აზრით, ასე არ არის. ეს სამყარო ძალიან მათემატიკურად არის მოწყობილი. ვიღაცამ მეხუთე ცდაზე დაანება თავი და ვინც რაღაცას მიაღწია, მეთხუთმეტე ცდაზე მიაღწია. მაგალითად, ნუცა ბუზალაძემ სცადა 200-ჯერ და სხვებმა 4-ჯერ. ნუცა ბუზალაძის წარმატება არის, რომ არ ჩერდება. ალბათ, მარსზე წავა და რამე კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და იტყვის, რომ პირველი ქართველი ვარ, ვინც მარსზე კონკურსზე გამოვიდაო. ვინც არ ჩერდება, ის ყოველთვის აღწევს რაღაცას.

ნანუკა, თქვი, რომ საქართველოში კონკურსში მონაწილეობა არ გინდა, მაგრამ საზღვარგარეთ მსგავს კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად თუ ხარ მზად?

ნანუკა: არ ვიცი, მგონია, რომ ფსიქოლოგიურად მზად არ ვარ. ცოტა ემოციური ადამიანი ვარ და არ მგონია, სტრესისთვის მზად ვიყო.

დათო:  როდესაც შენ რა სექსი ხარ ჩავწერე, როდესაც თმები შევიღებე, როდესაც გლდანში ვერტმფრენით ჩავფრინდით და პრეზერვატივები ვისროლეთ, მე რომ სოციალურ ქსელში წამეკითხა რამე, წავიდოდი და თავს დავანებებდი ყველაფერს, სიმართლის ცოდნა ყოველთვის კარგი არ არის. მე რომ ეს ყველაფერი ვერ გავიგე, არ შემეხო და გავაგრძელე მუშაობა. ნანუკა კიდევ სადმე პატარა ეთერში გამოვა და ყველაფერს კითხულობს, ამან ჩემზე ცუდი თქვაო, სტრესული იქნება, აბა რა იქნება.

რას ფიქრობთ მომღერლების ახალ თაობაზე, ახალ სიმღერებზე და დღევანდელ შოუბიზნესზე?

ნანუკა: სამწუხაროდ, ბევრი ახალი ქართული სიმღერა მოსმენილი არ მაქვს. რაც მომისმენია, არის ზოგი, რომელიც ძალიან მომწონს, მაგალითად, ნატალია ნაყოფია.

დათო: კარგი მომღერლის და ახალი სიმღერების კომბინაცია ქმნის შოუბიზნეს. საქართველოში მოხდა ისე, რომ კარგად მომღერალმა ბავშვებმა იფიქრეს, რომ ახალი სიმღერის დაწერას ბევრი დრო მიაქვს და მოდი, კონკურსზე გავალ, ბიონსეს, რიანას, არიანა გრანდეს ვიმღერებ და დაიწყეს ქავერების სიმღერა და ვერავინ ესენი ვერაფრით დაიმახსოვრა. პარალელურად, ვინც კარგად ვერ მღეროდა და ვერ გაბედა კონკურსზე გასვლა, იმათმა სიმღერების წერა დაიწყეს და ჩვენ მივიღეთ ახალი ქართული სიმღერები, რომლებშიც ვერ მღერიან და მივიღეთ ბავშვები, რომლებიც ბარებში მღერიან ქავერებს. ჩვენ ვერ მივიღეთ კარგი ვოკალისტის და კარგი ახალი სიმღერის კომბინაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს ქართული შოუბიზნესი არ გაქვს, რაღაც გამონაკლისების გარდა. რაც შეეხება ნიჭიერებას, ნიჭიერება უზომოდ დიდია, უზომოდ ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, მაგრამ ყველა უყურებს რაღაც ციფრებს და ფიქრობს, რომ რესტორნული, საქეიფო სიმღერები უფრო მომგებიანია და ძალიან ცდება. ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ასეთი სტილის სიმღერები, რომ არ ეკადრებათ.

ვისაუბროთ სიმღერის „დიდხანს გელოდი“ ახალ ვერსიაზე.

დათო: საერთოდ, ყველა სიმღერას თავისი ბედი აქვს. ამ სიმღერას ისეთი ბედი აქვს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ნომერ პირველი სიმღერაა გადაკეთებების მიხედვით. მე ერთი 30 ქავერი მაქვს მოსმენილი. ყველაფერს ირგებს ეს სიმღერა, გრანდიოზულია.

 

დათო ფორჩხიძე & ნანუკა ფორჩხიძე – დიდხანს გელოდი

 

გადაცემის აუდიოანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები