LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეიძლება გამოიწვიოს იოდის თვითნებურად მიღებამ და დაგვიცავს თუ არა ის რადიოაქტიური ზემოქმედების შემთხვევაში

1561
Untitled design - 2022-03-08T165304.850

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმის შემდეგ, მთელ მსოფლიოში შესაძლო საფრთხეების განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ევროპაში ყველაფერი დამთავრდება” – ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში

რასაკვირველია, ყველას გაახსენდა ჩერნობილის კატასტროფა, რომელმაც როგორც ჩანს, მსოფლიოს ზოგიერთ ლიდერს არაფერი ასწავლა.

ზელენსკიმ მიმართა კრემლს, 1986 წელს მომხდარი კატასტროფა შეახსენა და დასძინა, რომ რადიაციამ საზღვრები არ იცის. 

და მედიაშიც მყისიერად გაჩნდა რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში. ჩამონათვალი მოკლედ ასე გამოიყურება:

  • სახლიდან არ უნდა გავიდეთ,
  • ფანჯრები უნდა დავკეტოთ,
  • წვიმაში არ უნდა ვიაროთ,
  • და კიდევ ერთი – ატომური აფეთქების შედეგად გამოყოფილი რადიოაქტიური დასხივებისგან, შესაძლოა იოდის მიღებამ დაგვიცვას.

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოშიც ალაპარაკდნენ იოდის მიღების აუცილებლობაზე ასეთ დროს, ხშირად განიხილავდნენ სოციალურ ქსელშიც აღნიშნულ საკითხს, მოქალაქეებმა კი აქტიურად დაიწყეს იოდის მომარაგება და შეიძლება ითქვას, რომ აფთიაქებში უკვე დეფიციტურ პროდუქტადაც კი იქცა.

რეალურად, რამდენად ეფექტიანია იოდის მიღება და როდის, რა შედეგი შეიძლება დადგეს, თუ ის პრევენციის მიზნით, ექიმის რეკომენდაციის გარეშე გამოყენება?

საკითხის გარკვევას „ფორტუნა“ ირაკლი ფორჩხიძესთან, ექიმი-რადიოლოგთან და ბირთვული მედიცინის სპეციალისტთან შეეცადა.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე არაა სასურველი, იოდის მომარაგება. ცუდ შემთხვევაში, რადიოაქტიურმა იოდმა რომ გამოჟონოს, იქნება საკმარისი დრო იმისათვის, რომ მოვემზადოთ. ეს არ მოხდება ჩვენს ტერიტორიაზე და შესაძლოა, გარკვეული დღეები და კვირები იყოს საჭირო, რომ ჩვენთან რადიაციული ფონის აწევა მოხდეს. არსებობს თეორიული საფრთხე და ამ მიზეზით ამ პრეპარატის დაწყება, ვფიქრობ, არაა რეკომენდებული“.

რა შეიძლება გამოიწვიოს ექიმის რეკომენდაციის გარეშე იოდის მიღებამ?

„გააჩნია, რა დოზას მიიღებს. გარკვეულ რისკებთან არის კავშირში. მათ შორის შეიძლება მოხდეს სხვადასხვა გართულებები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ და შესაძლებელია გასტრიტი, ანუ ეგოფაგიტი, ანთებითი პროცესი განვითარდეს. შესაძლოა მოხდეს სანერწყვე ჯირკვლების ანთება და ყველაზე მნიშვნელოვანი, შესაძლოა მოხდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც ფუნქციის დაქვეითებაში, ასევე  ჰიპერფუნქციაში და შესაძლებელია, ანთებითი პროცესიც დაიწყოს“.

ვისაც აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, მათთვის რა გამოსავალია ამ შემთხვევაში?

„პაციენტებს, ვისაც იოდდეფიციტი აღენიშნებათ, ინიშნება გაცილებით უფრო დაბალი დოზები, ვიდრე ეს საჭიროა რადიოაქტიურ იოდთან საბრძოლველად.

ჩვენთან რასაც იღებენ იოდდეფიციტის დროს, მასში იოდის კონცენტრაცია დაბალია. გრამობით იღებენ და ახლა საუბარია მილიგრამებზე, გაცილებით მაღალ დოზებზე.

ორივეს ერთად მიღება, ვგულისხმობ იოდის მიღებას დამატებით, ცალსახად ცუდი იქნება. მათ, ჩვეულებრივ, ენდოკრინოლოგის დანიშნულება უნდა გააგრძელონ და საჭიროების შემთხვევაში მოხდება დამატებითი დოზის განსაზღვრა.

ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საფრთხე რეალურია, როდესაც არის რისკი ან უკვე მომატებულია რადიაციული ფონი.

თუკი მოხდება ატომურ ელექტროსადგურზე დაზიანება, შემდეგ უნდა განისაზღვროს ჩვენთან რამდენად აისახება.

ჩერნობილთან შედარებით საბედნიეროდ დღევანდელ დღეს არსებობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა რატა დროულად დადგინდეს რადიაციული ფონის მატება.

და ამის შესახებ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ეცნობება.

რადიოაქტიური ნივთიერება გადაადგილდება ღრუბლის სახით და ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ თუკი სადმე აფეთქება მოხდა, პრევენციის მიზნით ჩვენც იოდის მიღება უნდა დავიწყოთ“.

 

 

ჩერნობილის კატასტროფის დროს რამდენად იყო ადამიანების გადარჩენა შესაძლებელი, თუკი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება არ დამალავდა, თუკი მოხდებოდა იოდის მიღება და თუკი ფანჯრებს არ გააღებდნენ, თუნდაც რამდენიმე დღე. 

„რადიაციული უსაფრთხოების წესების დაცვა, რასაკვირველია, აუცილებელია, რადგან ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება ნაკლებად მოხდება.

იმ დროისგან განსხვავებით დღეს რისკი ნაკლებია, რადგან ჩვენს ქვეყანასაც გააჩნია შესაბამისი აღჭურვილობა, რომ  დროულად განისაზღვროს რისკები.

ამ ეტაპზე, პრევენციის მიზნით, იოდის თვითნებურად მიღება არ არის რეკომენდებული და არ შეიძლება მოვიმარაგოთ ან მოვემზადოთ იმისთვის, რაც დიდი ალბათობით არ მოხდება“. – ამბობს “ფორტუნასთან” საუბრისას  ირაკლი ფორჩხიძე, ექიმი-რადიოლოგი და ბირთვული მედიცინის სპეციალისტი.