LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაძვირდა ყვავილები – “სამწუხაროდ, ქართულ ყვავილს იმპორტირებულის მსგავსი ხარისხი და ვიზუალი არ აქვს”

223
flowers (1)

ბოლო ორი წელია, რაც ყვავილების ბაზარზე ფასები გაიზარდა. კომპანიები ამის მიზეზად პანდემიის შემდეგ მომხმარებელთა ქცევის შეცვლასა და იმპორტირებული საქონლის გაძვირებას უკავშირებენ. როგორც “ფორტუნასთან” საუბრისას, ყვავილების მაღაზია “ამელის” თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელი ამბობს, პამდემიის შემდეგ კომპანია უფრო მეტად ონლაინ მომსახურებაზე გადავიდა, რამაც ახალი სამუშაო ძალის აუცილებლობა გააჩინა.

“პანდემიის შემდეგ ყვავილებზე ფასი გაიზარდა. მიზეზი ისაა, რომ ბიზნესმა ფორმა სრულად შეიცვალა, რამდენადაც ადრე მაღაზიაში შემომსვლელების რაოდენობა იყო უფრო მაღალი. პანდემიის პერიოდმა მომხმარებლების ჩვევები შეცვალა, გადავედით ონლაინ მომსახურებაზე და გაჩნდნენ ახალი თანამშრომლები”, – ამბობს ნუკა ჩოხელი.

როგორც “ამელის” წარმომადგენელი აცხადებს, ახლო მომავალში ფასების ზრდა მოსალოდნელი არაა. 

“სურათი შეცვალა პანდემიამ, როცა უცბად ყველაფრის ფასი გაიზარდა, მარწყვის, კარტოფილის, ავოკადოსი. მაგ პერიოდს დაემთხვა ფასების ზრდა. იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შევეცადეთ, მომხმარებლისთვის არ ყოფილიყო შესამჩნევი და რაღაცის ხარჯზე გაგვეკეთებინა ფასნამატი. ახლა არ არსებობს, რომ ფასები გაიზარდოს”, – გვიყვება ნუკა ჩოხელი.

მისი თქმით, საქართველოში არ არის აქტიური სასათბურე მეურნეობები და ამიტომ კომპანიები იმპორტზე არიან დამოკიდებული.

“8 წლის წინ, როცა “ამელი” გავაკეთეთ, გავაკეთეთ იმ ნიშით, რომ ადგილობრივ ფერმერებთან გვეთანამშრომლა, ეს მხარდაჭერა რეალურად ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა. პროდუქტი შედარებით დაბალ ბიუჯეტური იქნებოდა, უფრო მასობრივ მიწოდებას შევძლებდით, სეგმენტს არ შევამცირებდით, არ გვეყოლებოდა მაღალ ბიუჯეტური სეგმენტი. ჩვენი შექმნის კონცეფცია სწორედ ასეთი იყო, რომ ყვავილების ყიდვის ჩვევისკენ უნდა მოგვეწოდებინა ადამიანებისთვის. რეალურად, როცა ერთი ლარნაკის შესავსებად 50-60 ლარის ყვავილია საჭირო, კვირაში ერთხელ სახლში გასაყოლებლად, ფუფუნებაა და ერთეულების შესაძლებლობა საქართველოში, მით უმეტეს სასაჩუქრე თაიგული, რომელიც 100-120 ლარია, როცა “ამელიში” ყიდულობ. თავიდან გვინდოდა, ადგილობრივი წარმოებისთვის დაგვეჭირა მხარი, მაგრამ როცა კარგი სერვისი მივეცით მომხმარებელს, ანუ ფოტოზე რაც ნახეს, ის მივიდა მომხმარებელთან და დღეში ასეულობით შეკვეთის გაკეთება გვიწევდა, მივხვდით, რომ მხოლოდ ადგილობრივ მწარმოებლებზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. პირველი, მუდმივობის საკითხია, რაც არ გააჩნია ფერმერს, მეორე კი ისაა, რომ მათთვის აგროსფერო ძალიან უცხოა. შეიძლება გარემოვაჭრეებისთვის უფრო ადვილი იყოს მათთან ურთიერთობა, რადგან ქუჩაში ფეხით მოსიარულე ადგილზე მიდის და თვითონ არჩევს, რისი ყიდვა უნდა, მაგრამ ონლაინ მუშაობის შემთხვევაში, როცა სანდოობა მაღალი გაქვს მომხმარებლის მხრიდან, ვერ იქნები დამოკიდებული ადგილობრივ ფერმერზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მიმართულება არ უნდა განვითარდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიმუშაოთ ადგილობრივ მწარმოებლებთან”, – ამბობს ნუკა ჩოხელი.

ყვავილების მაღაზია “მონტაგოს” დამფუძნებელი მონიკა ქობულაძე ყვავილების გაძვირების მიზეზებზე საუბრობს.

“ყვავილების ფასი გაიზარდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროდუქტის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია, დამოკიდებული ვართ დოლარის კურსზე, საწვავის ფასზე. ზოგადად, ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, ჩვენი სერვისებიც და პროდუქტებიც, რადგან მიბმული ვართ ბევრ ფაქტორზე, მათ შორის საზღვარგარეთ არსებულ ფასებზეც ვართ დამოკიდებული, სადაც ასევე გაიზარდა ფასები”, – გვიყვება მონიკა ქობულაძე.

მაღაზიის დამფუძნებელი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც კომპანია იმპორტზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ყვავილები, ძირითადად, ნიდერლანდებიდან და ევკადორიდან შემოაქვთ.

“ადგილობრივ ბაზარზეც ვიღებთ ყვავილებს, თუმცა სამწუხაროდ, ქართულ ყვავილს იმპორტირებულის მსგავსი ხარისხი, გამძლეობა და ვიზუალი არ აქვს. ყველა კატეგორიის მომხმარებელი გვყავს, განსაკუთრებული მოთხოვნა დღესასწაულებზე არის ხოლმე. წლის განმავლობაში, ვარდები ყველაზე მეტად იყიდება. ჩვენს შემთხვევაში, დისტანციურად უფრო ხშირად უკვეთავენ, ვიდრე ადგილზე”, – ამბობს მონიკა ქობულაძე “ფორტუნასთან”.

 

სად ვყიდულობთ ყვავილებს – 2022 წელს საქართველომ $3 მლნ-ის პროდუქცია შემოიტანა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები